ახალი ამბები

ფარული მოსმენების შესახებ კანონზე პრეზიდენტი საპარლამენტო უმცირესობას ხვდება

14 მარტი, 2017 • 2293
ფარული მოსმენების შესახებ კანონზე პრეზიდენტი საპარლამენტო უმცირესობას ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი “ფარული საგამოძიებო მოქმედებების” შესახებ კანონთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის წევრებს ხვდება.

პრეზიდენტის რეზიდენციაში შეხვედრის დაწყებამდე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პარლამენტის დამტკიცებული კანონი ანტიკონსტიტუციურია:

“ჩვენ ვეწინააღმდეგებით მოსმენების არაკონსტიტუციურ კანონს, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. ეს არის დაუშვებელი, რადგან საკონსტიტუციო წესრიგს არღვევს ქვეყანაში,” – ამბობს კახიძე.

მისივე თქმით, ისინი პრეზიდენტს საკუთარ წინადადებებს შესთავაზებენ:

“ჩვენ გვაღელვებს მთავარი საკითხი. კანონპროექტის მიხედვით, მოსმენების ტექნიკური სამსახური რჩევა სახელმწიფო უსაფრთხოების დაქვემდებარების ქვეშ, ეს დაუშვებელია. არ შეიძლება მოსმენების მექანიზმი იმ უწყებას ჰქონდეს, რომელსაც საგამოძიებო ფუნქცია აქვს, რომელსაც აქვს პროფესიული ინტერესი, რომ მოუსმინოს და უთვალთვალოს მოქალაქეებს. სწორედ ეს წერია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში და ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებს საპარლამენტო უმრავლესობა.”

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას დემოკრატიული პროცესის აუცილებელ ნაწილად მიაჩნია კოსნულტაციების გამართვა საქართველოს პარლამენტის ფრაქციებთან, რადგან ისინი საქართველოს მოსახლეობის სხვადასხვა აზრს გამოხატავენ:

“ჩვენ გარკვეული კითხვები და მოსაზრებები გაგვაჩნია მოსმენების კანონთან დაკავშირებით.  გვინდა ჩვენი მოსაზრებები გავაცნოთ, რას ვფიქრობთ, რას ვეჭვობთ ამ კანონის ამოქმედების შესაძლო შედეგებზე და მათი მოსაზრება მოვისმინოთ.”

ანა  დოლიძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი გაითვალისწინებს ყველა ვალდებულებას, მათ შორის ვადებს, რაც საკონსტიტუციო სასამათლომ დაადგინა.

დღეს პრეზიდენტი “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრებსაც შეხვდება, ხოლო ხვალ, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატებს. პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარს აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობა.

პრეზიდენტს ვადა 21 მარტამდე აქვს. მან ამ თარიღამდე უნდა გადაწუყვიტოს ვეტოს დაადებს, თუ ხელს მოაწერს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონს.

1 მარტს, პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით განიხილა და 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.

ცვლილებების მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები. პროექტით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.


 

  • პარლამენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ საკონმდებლო ცვლილებების პაკეტი იმიტომ მიიღო, რომ   საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს   “ეს შენ გეხებას”  სარჩელი  დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია. საკონსტიტუციო სასამართლომ სასამართლომ პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.
  • კამპანია “ეს შენ გეხება”, არასამთავრობო ორგანიზაციები და საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევენ, რომ ახალი კანონი “ფარული თვალთვალის” შესახებ, კვლავ არ შეესაბამება კონსტიტუციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი