პარლამენტმა “ფარულ თვალთვალზე” კანონი დაამტკიცა

დღეს, 1 მარტს, პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით განიხილა და 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.

ცვლილებების მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები. პროექტით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.

სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრება “ევროპული საქართველო” და პატრიოტთა ალიანსი. სერგი კაპანაძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, მოსმენების კანონპროექტის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ. 

სახალხო დამცველის განცხადებით,  შესაძლოა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმეორედ მიმართოს.

იმისათვის, რომ ფარული მოსმენისთვის საჭირო ე.წ. გასაღები სუს-ის ხელში არ იყოს, “ეს შენ გეხებას” წევრი ორგანიზაციები წინააღმდეგობის რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, “ეს შენ გეხება” განიხილავს, როგორც საერთაშორისო ბერკეტების გამოყენებას, ისე საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მიმართვას.

კამპანია “ეს შენ გეხებას” საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია.

გადაწყვეტილებაში წერია, რომ ფარული მიყურადებით მონაცემები არ უნდა მოიპოვოს და შეინახოს ისეთმა უწყებამ, რომელიც დაინტერესებულია ამ ინფორმაციის გაცნობით.

“… მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (მეტადატის) კოპირება და შენახვა ისეთი უწყების მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძიების ფუნქცია, ან არის პროფესიულად დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით, ქმნის პირად ცხოვრებაში ჩარევის მომეტებულ საფრთხეს,”- ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.  სასამართლომ პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.