ახალი ამბები

„როცა საქმე ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანს ეხება, პრეზიდენტი ნეიტრალური ვერ იქნება!“ — ზურაბიშვილი

10 აპრილი, 2024 • 1066
„როცა საქმე ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანს ეხება, პრეზიდენტი ნეიტრალური ვერ იქნება!“ — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციასთან განიხილა „საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები, რუსული კანონის შედეგები და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები“.

ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, დელეგაციის მხრიდან აღინიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველი ხალხისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის პროცესი და ის იზიარებს ევროკავშირის ღირებულებებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში უკვე მეორედ ინიციირებულ რუსულ კანონს ქვეყნისთვის გამოწვევა უწოდა და აღნიშნა, რომ კანონის მიღება გავლენას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე.

„ევროკავშირის ღირებულებების დამცველი სამოქალაქო სექტორის განადგურება კი სწორედ რუსეთის მიზანს წარმოადგენს. როცა საკითხი ეხება ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანს, პრეზიდენტი აქ ნეიტრალური ვერ იქნება!” — განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ქალთა კვოტირების გაუქმების საკითხზე და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული რიტორიკა მიუღებელია.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საქართველოს პარლამენტში და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, ასევე, მოინახულებს საოკუპაციო ხაზს.

მასალების გადაბეჭდვის წესი