ახალი ამბებისამართალი

წამებაში ბრალდებულ გაგა მკურნალიძეს სასამართლომ პატიმრობა აღარ შეუფარდა

8 ივლისი, 2016 • 2880
წამებაში ბრალდებულ გაგა მკურნალიძეს სასამართლომ პატიმრობა აღარ შეუფარდა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მოადგილე გაგა მკურნალიძე პატიმრობიდან თავისუფალია. როგორც პროკურორმა “მოამბის” ჟურნალისტთან საუბარში განმარტა, მკურნალიძემ სასჯელის მოხდა ერთ–ერთ საქმეზე დაასრულა მიმდინარე წლის იანვარში და იგი ციხიდან გათავისუფლდა, ხოლო სხვა საქმეზე, მართალია, პროკურატურამ მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების სახით მისთვის პატიმრობის შეფარდება, მაგრამ სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მკურნალიძე 2012 წლის ოქტომბერში დააკავეს პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით. საქმე ეხება ციხეში, ე.წ. კარანტინის დაშლის ამსახველ ვიდეომასალას, რომელიც ასახვდა პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის სცენას. მკურნალიძე ტელევიზიებში ამ კადრების გავრცელების შემდეგ დააკავეს და 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

2012 წლის ოქტომბრის არჩევნებისა და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მკურნალიძეს სხვა ბრალდებებიც წაუყენეს. ერთ–ერთი საქმე ეხება ზვიად აბესაძის გატაცების ეპიზოდს. ხოლო მეორე საქმე- პატიმარ ელდარ ქობალიას წამების საქმეს. სწორედ ამ საქმის განხილვა მიმდინარეობს ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამ საქმეზე გაგა მკურნალიძეს ბრალი წარდგენილი აქვს  სსკ-ის 144 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თხუთმეტ წლამდე ვადით.

2013 წლის თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკურნალიძემ ციხეში თვითმკვლელობა სცადა, რაც სახალხო დამცველთან საუბარში არ დაადასტურა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი