„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების 11-თვიანი სადიპლომო პროგრამა 14-მა სტუდენტმა წარმატებით დაასრულა. კურსდამთავრებულთა ნახევარზე მეტი დასაქმდა. მათ შორის არიან ახალბედა სპეციალისტები, რომლებიც უკვე შეუდგნენ მუშაობას „თეგეტა ჰოლდინგის“ პარტნიორი საერთაშორისო ბრენდების: Toyota-სა და Volvo-ს ადგილობრივ სერვისცენტრებში.

„სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამის“ შექმნის მთავარი წინაპირობა საავტომობილო სფეროში კვალიფიციურ ტექნიკურ პერსონალზე მზარდი მოთხოვნა იყო. დარგის განვითარებასთან ერთად, იზრდება როგორც ავტომობილების მომსახურების ხარისხის, ისე სპეციალისტების პროფესიული კომპეტენციების მიმართ მოთხოვნები. სავალი ნაწილის გამართული მუშაობა ავტომობილის უსაფრთხოებასთან პირდაპირ არის დაკავშირებული, რაც ამ მიმართულებით კვალიფიციური კადრების მომზადებას განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის. სწორედ ამიტომ „თეგეტამ“ გადაწყვიტა, კადრების მომზადების პროცესში თავადაც აქტიურად ჩართულიყო და საჭირო სპეციალისტები საკუთარი საგანმანათლებლო რესურსით მოემზადებინა.

ირინა წეროძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „დღეს საავტომობილო სფეროში კვალიფიციური პერსონალის დეფიციტი ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ამასთანავე, საკითხი მხოლოდ კადრების რაოდენობას არ ეხება – ბაზარს სჭირდება ისეთი სპეციალისტები, რომლებსაც თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული უნარები აქვთ.

ამ საჭიროებებზე საპასუხოდ შეიქმნა „სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა“, რომლის მიზანიც სტუდენტებისთვის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული კომპეტენციების განვითარება იყო, რათა მიღებული ცოდნის რეალურ სამუშაო გარემოში გამოყენება შესძლებოდათ. გარდა ამისა, ის განათლებისა და ბიზნესის საჭიროებებს აერთიანებს და, პროფესიის დაუფლებასთან ერთად, დასაქმების რეალურ შესაძლებლობასაც იძლევა“.

ამ ეტაპზე პროგრამის ოთხი კურსდამთავრებული უკვე დასაქმებულია და ისინი Toyota-სა და Volvo-ს სერვისცენტრებში მუშაობენ. დამატებით, ოთხი კურსდამთავრებული „თეგეტა მოტორსის“ სხვადასხვა ფილიალში უახლოეს მომავალში დასაქმდება. მათ შორის, ერთი სპეციალისტი, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თელავის ფილიალში შეუდგება საქმიანობას.

სავალი ნაწილის შეკეთების 11-თვიანი პროგრამა თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს აერთიანებდა. თავდაპირველად სტუდენტებმა მსუბუქი ავტომობილის აგებულებისა და ელექტრობის საფუძვლები შეისწავლეს, პარალელურად კი ზოგადი მოდულები გაიარეს. შემდეგ სწავლება პრაქტიკულ ეტაპზე გადავიდა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები თანამედროვე სასწავლო რესურსებს იყენებდნენ, მათ შორის – ELECTUDE-ის პლატფორმას. „თეგეტა აკადემია“ საქართველოში პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელსაც ამ პლატფორმის ლიცენზია აქვს.

პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სტუდენტების პრაქტიკული მომზადება იყო. კურსდამთავრებულებმა პრაქტიკული მეცადინეობები ჯერ აკადემიის სასწავლო სივრცეში გაიარეს, შემდგომ კი „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრებში.

ლიკა მოსაშვილი, „თეგეტა აკადემიის“ სასწავლო პროცესების ადმინისტრირების სამსახურის ხელმძღვანელი: „ამ ნაკადის შედეგი და დასაქმების მაჩვენებელი ძალიან მაღალი და საამაყოა აკადემიის მთელი გუნდისთვის. ერთი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, კურსდამთავრებულები მაქსიმალურად კონკურენტუნარიანები და ბიზნესისთვის მიმზიდველები ყოფილიყვნენ, რისთვისაც არ დავიშურეთ რესურსი. მნიშვნელოვანია, რომ სწავლა პროგრამის დასრულებით არ მთავრდება – „თეგეტა აკადემია“, „თეგეტასთან“ და მის პარტნიორ საერთაშორისო ბრენდებთან ერთად, კურსდამთავრებულებს ტრენინგებითა და სემინარებით პროფესიული განვითარების შესაძლებლობას მუდმივად შესთავაზებს.

აკადემიამ ახლახან გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი ჰოლანდიის ერთ-ერთ წამყვან პროფესიულ კოლეჯთან. პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი სასერტიფიკატო პროგრამების განხორციელება. აღნიშნული ინიციატივა საერთაშორისო აღიარებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია“.

„თეგეტა აკადემიის“ კურსდამთავრებულთა შორის ორი გოგოა, რომლებმაც პრაქტიკა „თეგეტა მოტორსის“ სხვადასხვა სერვისცენტრში წარმატებით გაიარეს. კომპანია პროფესიულ განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ტექნიკურ პროფესიებში ქალების ჩართულობის ხელშეწყობას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

„თეგეტა აკადემიისთვის“ პროფესიული განათლებისა და ბიზნესის საჭიროებების ერთმანეთთან დაკავშირება გრძელვადიანი საკადრო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საკუთარი საჭიროებების შესაბამისად სპეციალისტების მომზადება კომპანიას საშუალებას აძლევს, წინასწარ განსაზღვროს მოთხოვნილი კომპეტენციები და გუნდი სამუშაო სტანდარტების შესაბამისი კადრებით დააკომპლექტოს. ამასთანავე, პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება კურსდამთავრებულებს შრომის ბაზარზე დასაქმების მეტ შესაძლებლობას აძლევს.

აკადემია პროფესიულ პროგრამებზე მიღებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ბათუმსა და ფოთშიც, პერიოდულად აცხადებს. ამ ეტაპზე უკვე დაწყებულია სამი ახალი პროგრამა, ხოლო 2026 წლის ბოლომდე და 2027 წლის პირველ კვარტალში კიდევ ოთხი პროგრამის ამოქმედებაა დაგეგმილი. მათ შორის იქნება სავალი ნაწილისა და ძრავის შეკეთების მიმართულებები.

—

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი, რომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური მიმართულებებით. „თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.