ახალი ამბები

“კასრების თემა დემაგოგიაა” – სალომე სამადაშვილი

24 ოქტომბერი, 2020 • 1597
“კასრების თემა დემაგოგიაა” – სალომე სამადაშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი ე.წ. კასრების საქმეს დემაგოგიას უწოდებს და ამბობს, რომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრებზე რეალური გამოძიება რა ჩატარებულა.

“ეს რაღაც კასრების თემა არის დემაგოგია. თქვენ ახლა გადადიხართ ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც არის ყველაზე შავ-ბნელი რუსული პროპაგანდის ხერხებით შექმნილი რაღაც მითები… რომელმა სასამართლომ [მიუსაჯა], რომელიც პოლიტიკურად მართვადია?! ,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა “ღამის კურიერის” წამყვანის რეპლიკის საპასუხოდ, რომ ენმ-ის ხელისუფლების დროს კასრები ივსებოდა წამების, გაუპატიურებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით.

სამადაშვილის თქმით, მას გაუგია, რომ ენმ-ის ხელისუფლების პირობებში ადამიანებს უსმენდნენ და მათი პირად ცხოვრების ამსახველ კადრებს იღებდნენ, ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში კი – საჯაროდ ავრცელებდნენ. სამადაშვილის თქმით, არავინ იცის, ვინ იღებდა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს.

“არავინ არ გამოიძია ეს საქმე. არც თქვენ იცით, ვინ აკეთებდა ამ ჩანაწერებს. არც მე არ ვიცი და სამართლებრივი რეაგირება, რაც ამაზე უნდა ყოფილიყო, არ მომხდარა. ყველა კონკრეტულ დანაშუალს კონკრეტული ავტორი ჰყავს და დამოუკიდებელმა გამოძიებამ და სასამართლომ უნდა დაადგინოს, ვინ არის ავტორი და დასაჯოს. პრობლემა ისაა, რომ ყველა ის დანაშაული, რომელიც, სავარაუდოდ, ჩადენილი იქნა, დიახ, წინა ხელისუფლების დროს, არც არავის გამოუძიებია სათანადოდ”, – განაცხადა სამადაშვილმა.

2013 წლის 17 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის ტყის მასივში პოლიეთილენის კასრები იპოვეს, სადაც დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, შსს-ს საინფორმაციო ბაზიდან წამოღებული დოკუმენტები, ნარკოტიკული საშუალებები და 18 ცალი ვიდეოფირი აღმოჩნდა, მათ შორის, სხვადასხვა პირთა ცემის, წამების, ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩანაწერები აჩვენა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, მედიის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

სამალავში ნაპოვნ წამების კადრების საქმეზე სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი 11 პირი., კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ზ“და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტის ძალადობით დამყარებას, წამებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას – ოთხ პირს სასჯელის ზომად  განესაზღვრა 9  წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტის ძალადობით დამყარებას, ერთ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7  წლითა და 6  თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, სამ პირს განესაზღვრა 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით, რაც გულისხმობს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობას, ერთ პირს განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, ორ პირთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, ვინაიდან მათ აღიარეს ჩადენილი დანაშაული და არსებითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან, ასევე საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას გათვალისწინებული იყო ის გარემოება, რომ მათ შემხებლობა არ ჰქონიათ დაზარალებულების წამებასა და ძალადობრივ სქესობრივ დანაშაულთან. ამ ორ პირს სასჯელის ზომად 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი