ახალი ამბები

სახელმწიფო წამების მსხვერპლს მორალური ზიანისთვის 30 000 ლარს აუნაზღაურებს

16 ნოემბერი, 2022 • 566
სახელმწიფო წამების მსხვერპლს მორალური ზიანისთვის 30 000 ლარს აუნაზღაურებს

საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საქმეზე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს 30 000 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა მოქალაქის სასარგებლოდ.

ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს, რომელიც წამების მსხვერპლის ინტერესებს იცავდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ბენეფიციარი – ლ.კ N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მრავალი წლის განმავლობაში ადმინისტრაციის მხრიდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობისა მსხვერპლი იყო, რამაც მის ჯანმრთელობაზე მძიმე კვალი დატოვა. ლ.კ 2017 წელს პროკურორის დადგენილების საფუძველზე დაზარალებულად არის ცნობილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ლ.კ-ს საქმეზე 2020 წლის 1 ივლისს მიმართა სასამართლოს დანაშაულით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, 2022 წლის 15 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა
გადაწყვეტილება, რითაც დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაეკისრა 30 000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

ლ.კ.-ს საქმეზე 2019 წლის 12 ნოემბერს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის თანახმად, N8 პენიტენციური დაწესებულების თანამდებობის პირებს და თანამშრომლებს მსჯავრი დაედოთ სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე (პრიმა) მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (წამება, ე.ი. პირისათვის ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსიურობითა და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის მიღება, პირის დაშინება, იძულება და პირის დასჯა, ჩადენილი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ).

„წლების განმავლობაში კვლავ პრობლემად რჩება 2006-12 წლებში საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში ჩადენილი სისტემური დანაშაულების – წამების, არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობის შედეგად დაზარალებულთა საქმეების გაჭიანურებული განხილვა საერთო სასამართლოებში, რაც იმითაცაა გამოწვეული, რომ პენიტენციური სამსახური უარს აცხადებს მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე და ბოლომდე დავობს წამების მსხვერპლებთან.

სასამართლოში დავის ყველა ინსტანციის დასრულებამდე სახელმწიფო, ფაქტობრივად, თავს არიდებს დაზარალებულთა დიდი ნაწილის მიმართ საკუთარი ვალდებულებების შესრულებას და უარს ამბობს მათ სამართლებრივ და ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციაზე, ასევე – მორალური ზიანის ანაზღაურებაზე და კომპენსაციაზე“, – წერია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი