იმ არასრულწლოვნმა, რომელიც ბოლნისის პოლიციის თანამშრომლებს წამებასა და გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს, ოჯახთან ერთად ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია გამართა.
როგორც დაზარალებული არასრულწლოვანი აცხადებს, გამოძიების ფარგლებში 4 პოლიციელი ამოიცნო, რომლებიც მასზე ძალადობდნენ, თუმცა ამ დრომდე დაკავებული მხოლოდ ერთია:
“ოთხი ამოვიცანი და დასჯილია მხოლოდ კონსტანტინე ქუჩიშვილი. მე მინდა, რომ ერთი კვირის განმავლობაში ყველა დაისაჯონ. გარეთ ვერ გავდივარ, მეშინია, ანალოგიური არ დამემართოს, არ დამიჭირონ და კიდევ არ მცემონ. მინდა, რომ ყველა დაისაჯოს სასწრაფოდ“,- ამბობს დაზარალებული “რუსთავი 2”-თან.
დაზარალებულის ადვოკატის, ფრიდონ სიხუაშვილის თქმით, მიუღებელია ის მუხლიც, რომლითაც დაკავებულ პოლიციელს ბრალი წაუყენეს:
“დადგენილებაში ნათქვამია, რომ პოლიციელების მხრიდან მოხდა ამ ბავშვის წამება, არაადამიანური მოპყრობა, სექსუალური ძალადობა და ყოველივე ამის შემდეგ დააკავეს მხოლოდ ერთი პოლიციელი. უნდა წაეყენებინათ 144-ე პრიმა მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ასევე უვადოდ თავისუფლების აღკვეთას, ნაცვლად ამისა, წაუყენეს სულ სხვა ბრალი.
აქედან გამომდინარე, ჩვენ ვამბობთ, რომ მინიმუმ ათი პოლიციელი, როგორც მწამებლები, ასევე გამომძიებლები, უნდა დააკავონ მინიმუმ ოთხი მუხლით – ეს არის მტკიცებულებების განადგურება, ასევე არის დამნაშავეების ხელის დაფარება, აი, ეს ყველა პოლიციელი უნდა მიეცეს პასუხისგებაში“, – ამბობს სიხუაშვილი.
არასრულწლოვანი ბოლნისის პოლიციაში მიმდინარე წლის თებერვალში მიიყვანეს. მისი განცხადებით, პოლიციის განყოფილებაში სცემეს და ემუქრებოდნენ, რომ არაღიარების შემთხვევაში, გააუპატიურებდნენ. არასრულწლოვნის თქმით, ამ დროს პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მეორე ოთახიდან ბოთლი გამოიტანა.
როგორც ის იხსენებს, ცემის შედეგად ხელი მოსტყდა, თუმცა პოლიციელებს ამის არ სჯეროდათ და აგრძელებდნენ მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას. ამავე დროს, მისი განცხადებით, ვიდეოსაც უღებდნენ და ემუქრებოდნენ, რომ ინტერნეტში გაუვრცელებდნენ.
ამ თემაზე:
არასრულწლოვანი პოლიციას წამებასა და გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს