სამართალი

პროკურატურამ გაგა მკურნალიძეს, მეგის ქარდავას და ალექსანდრე მუხაიძეს ახალი ბრალი წაუყენა

8 იანვარი, 2014 •
პროკურატურამ გაგა მკურნალიძეს, მეგის ქარდავას და ალექსანდრე მუხაიძეს ახალი ბრალი წაუყენა

გაგა მკურნალიძე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის  უფროსის ყოფილი მოადგილე იყო და ის ამჟამად დაკავებულია სხვა საქმეზე.  შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს  უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი უფროსი ალექსანდრე მუხაძე ამჟამად მიმალვაში იმყოფებიან და მათზე ძებნაა გამოცხადებული.

 

პროკურატურის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2011 წლის 2 აპრილს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა -შენახვის ფაქტზე დაკავებული  ელდარ ქობალია გადაიყვანეს ზუგდიდის პოლიციის შენობაში, სადაც აწამეს, მოუწყვეს სქესობრივი ძალადობის ინსცენირება და მეგის ქარდავა  გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად თხოვდა ტერორისტული აქტის მომზადების აღიარებას.

 

“როგორც ირკვევა, იმავე ღამით  ზუგდიდში ჩავიდნენ და შსს სამხარეო მთავარი სამმართველოს შენობაში იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი დავით ახალაია, მისი მოადგილე იოსებ თოფურიძე და შს სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები. იმავე დღეს ე.ქობალიას ასახლებენ ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა”, – ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

“2011 წლის 4 აპრილს კი ელდარ ქობალიას და კობა მატკავას უკვე აკავებს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი ტერორისტული აქტის მომზადების ფაქტზე. 5 აპრილს, გამთენიისას ნაცემი და ნაწამები ელდარ ქობალია ზუგდიდიდან გადაყვანილი და შესახლებული იქნა „მოდულის“ შენობაში განთავსებულ ქ. თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში. 2011 წლის 6 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ე.ქობალიას და კობა მატკავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა და შესახლებული იქნენ  სად-ის მე-8 დაწესებულებაში.

 

პატიმარ ელდარ ქობალიაზე ზეწოლის გაგრძელების მიზნით, მე-8 დაწესებულების დირექტორის – ალექსანდრე მუხაძის უკანონო სიტყვიერი ბრძანებით, ელდარ ქობალია შესახლებისთანავე მოთავსებული იქნა ე.წ. „ფუქსებში“, რომელიც წარმოადგენდა გისოსებიან ოთახს და პატიმართა მხოლოდ რამოდენიმე საათით მოთავსებისათვის  გამოიყენებოდა, ვინაიდან არ არის აღჭურვილი ცხოვრებისთვის აუცილებელი მინიმალური საშუალებებით. ელდარ ქობალია ასეთ გაუსაძლის პირობებში გაჩერებული ჰყავდათ 6 დღის განმავლობაში.

 

2011 წლის 11 აპრილს მე-8 დაწესებულებაში მივიდნენ გაგა მკურნალიძე და მეგის ქარდავა, რომელთა მითითებითაც დაწესებულების თანამშრომლებმა დირექტორის მოადგილის კაბინეტში აიყვანეს პატიმრები ელდარ ქობალია, კობა მატკავა და მერაბ ყოლბაია. მეგის ქარდავამ და გაგა მკურნალიძემ სხვადასხვა ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარებისა და სხვა პირთა თანამონაწილეებად დასახელების მოთხოვნით, დაიწყეს ელდარ ქობალიას, კობა მატკავას და მერაბ ყოლბაიას წამება – ისინი რამოდენიმე საათის განმავლობაში უმოწყალოდ ცემდნენ მითითებულ პირებს, აწამებდნენ ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით. პატიმართა წამებისას მეგის ქარდავა და გაგა მკურნალიძე იმდენად ხშირად იყენებდნენ ელექტროშოკს, რომ მოწყობილობა 2-ჯერ გახდა დასატენი. წამების დროს ელდარ ქობალიამ ვერ გაუძლო მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას და დაკარგა გონება. რამოდენიმესაათიანი წამების შემდგომ, მეგის ქარდავამ და გაგა მკურნალიძემ გონებადაკარგული ელდარ ქობალია ოთახის კარებთან მიათრიეს და იქვე დატოვეს. მოგვიანებით სად N8 დაწესებულების თანამშრომლებმა ხსენებული პატიმრები დააბრუნეს თავიანთ საკნებში.

 

წამების შედეგად ელდარ ქობალიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, რის გამოც 2011 წლის 11 აპრილს, შუადღისას, ციხის დირექტორის ალექსანდრე მუხაძის სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე, ფაქტიურად უგონო მდგომარეობაში მყოფი ე.ქობალია ე.წ. ,,ფუქსებიდან“ გადაყვანილი იქნა საკანში, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ვიზუალურად გასაკონტროლებლად შესახლებული იქნა სხვა პატიმარი. მოგვიანებით ელდარ ქობალიას მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ისე, რომ მისთვის სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ, იმავე დღეს გარდაიცვალა”, – აცხადებს მთავარი პროკურატურა 8 იანვარს.

 

გამოძიება აგრძელებს მუშაობას ზუგდიდში ქობალიას მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებების ჩამდენი პირების ბრალეულობის დასადგენად.

 

ბრალდებულების მიმართ გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 1441 მუხლის მეორენაწილით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თხუთმეტ წლამდე ვადით.

 

სტუდენტების აქცია, რომელიც ციხეში პატიმრებიც წამების კადრების გავრცელების შემდეგ გაიმართა. ფოტო: გაზეთი ბათუმელები, 2012
სტუდენტების აქცია, რომელიც ციხეში პატიმრებიც წამების კადრების გავრცელების შემდეგ გაიმართა. ფოტო: გაზეთი ბათუმელები, 2012

მასალების გადაბეჭდვის წესი