საქართველოს მთის კურორტებზე წლიური სააბონენტოს საფასური 54%-ით 650-დან 1000 ლარამდე იზრდება. ძვირდება დღიური აბონემენტის ღირებულებაც, ერთჯერადი ბილეთი კი უქმდება.

საქართველოში 4 ზამთრის კურორტია: ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია, რომელიც თეთნულდსაც მოიცავს. სეზონური აბონემენტი ოთხივეზე ვრცელდება.

დღიური აბონემენტის საფასური გუდაურში 70-დან 90 ლარამდე, ბაკურიანში 55-დან 75 ლარამდე, მესტიაში 50-დან 70-მდე და გოდერძიზე 30-დან 50 ლარამდე გაიზარდა. დღიური აბონემენტი წლიურისგან განსხვავებით ერთ კურორტზე ვრცელდება და უცხოქვეყნის მოქალაქეებისთვის 20-30 ლარით უფრო ძვირია.

საბაგიროზე ერთჯერადი ასვლის საფასური, რომელიც გასულ წელს 15-20 ლარს შეადგენდა, საქართველოს მთის კურორტების გვერდზე აღარ იძებნება.

2025 წლის ტურიზმის სტატისტიკა

წყარო: შსს და ეროვნული ბანკი

2025 წელს მესამე კვარტალში, პირველ კვარტალთან შედარებით საქართველოს ორჯერ მეტი უცხოელი ტურისტი ეწვია. ორჯერ მეტი იყო შემოსავალიც. პროპორცია დაახლოებით ანალოგიური იყო წინა წლებშიც. გრაფიკზე სტატისტიკა უშუალოდ ტურისტების რაოდენობას ასახავს და არა ყველა ვიზიტორის.