“გ. მკურნალიძემ სახალხო დამცველის რწმუნებულთან საუბარში განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ფსიქიკური პრობლემები არ აწუხებს. მისი მტკიცებით, პატიმრობის პერიოდში რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, დაკავებისას და შემდგომ მისი უფლებები არ დარღვეულა. გ.მკურნალიძე აცხადებს, რომ პატიმრობის პერიოდში მას თვითმკვლელობა არ უცდია და არც მიდრეკილია თვითმკვლელობისკენ. დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ რაიმე პრეტენზია არ აქვს”, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ვიზუალური დათვალიერებით გაგა მკურნალიძეს რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ასევე დაათვალიერა გ.მკურნალიძის საკანი, სადაც ვიდეოთვალი დამონტაჟებული არ აღმოჩნდა.
დღეს სახალხო დამცველის რწმუნებული გაესაუბრა მე-8 საპყრობილის ყოფილ დირექტორს დავით ხუჭუასაც, რომელიც ასევე არაადამიანური მოპყრობის ბრალდებითაა დაკავებული.
“მისი განმარტებით, აღნიშნულ საკანში ის გაგა მკურნალიძესთან ერთად იმყოფება 2012 წლის ოქტომბრის თვიდან. დ. ხუჭუას განცხადებით, გ.მკურნალიძისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები არ შეუნიშნავს და ადასტურებს, რომ გ. მკურნალიძეს თვითმკვლელობა არ უცდია”, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.
სახალხო დამცველის წარმომადგენელი ასევე შეხვდა #9 დაწესებულების მთავარ ექიმს ერეკლე მურჯიკნელს. მთავარი ექიმის განმარტებით, გაგა მკურნალიძეს სუიციდის მცდელობა არასოდეს ჰქონია და არის აბსოლუტურად ადეკვატური და კონტაქტური.
სახალხო დამცველის წარმომადგენელი გაესაუბრა დახურული ტიპის განყოფილების უფროსს ვახტანგ დოლიძესაც. მისი განმარტებით, გაგა მკურნალიძეს პატიმრობის პერიოდში თვითმკვლელობა არ უცდია და მასთან დაკავშირებით რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. მის საკანში ვიდეოთვალი დამონტაჟებული არ არის, ვინაიდან არ არსებობს ამის აუცილებლობა.
ვიზიტის შემდგომ სახალხო დამცველის რწმუნებულმა შეადგინა შესაბამისი ოქმი, თუმცა ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაგა მკურნალიძემ და დავით ხუჭუამ ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადეს, მიზეზი კი არ დაასახელეს.
მკურნალიძე და ხუჭუა ციხეებში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ დააპატიმრეს. მთავრობის ცვლილების შემდეგ მკურნალიძეს სხვა საქმისთვისაც წაუყენეს ბრალი, რომელიც ეხება გასული წლის სექტემბერში ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ცემის ფაქტებს. აღნიშნულ საქმეში მკურნალიძის გარდა ბრალი წაუყენეს, ასევე, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას და გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს გიორგი კალანდაძეს.





