ახალი ამბები

დევნილთა მსოფლიო დღე საქართველოში

20 ივნისი, 2016 • 2772
დევნილთა მსოფლიო დღე საქართველოში

20 ივნისს დევნილთა მსოფლიო დღე აღნიშნეს. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისშიც გაიმართა: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია გამართა, არასამთავრობო ორგანიზაციები კი სასტუმრო “თბილისი მარიოტში” მრგვალი მაგიდის გარშემო შეიკრიბნენ დევნილების პრობლემებზე სასაუბროდ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, კონფლიქტების შედეგად საკუთარი საცხოვრებლიდან გადაადგილებული ადამიანების რიცხვი ამჟამად ყველაზე მაღალია ისტორიის განმავლობაში – პლანეტაზე ყოველი 113-ე ადამიანი იძულებითაა გადაადგილებული. სააგენტომ დაადგინა, რომ 2015 წლის ბოლოსთვის მსოლფიოში 65.3 მლნ ადამიანი იყო ლტოლვილი, დევნილი ან თავშესაფრის მაძიებელი. საქართველოში კი, დანიის ლტოლვილთა საბჭოს პროგრამების ხელმძღვანელის, გაი ჰუკის, თქმით, 263 000 იძულებით გადაადგილებული პირია.

მიგრანტებით სავსე მატარებელი სერბეთის საზღვართან. © EPA/GEORGI LICOVSKI, 16.08.2015

მსოფლიოში ყოველი 113-ე ადამიანი იძულებითაა გადაადგილებული. ფოტოზე: მიგრანტებით სავსე მატარებელი სერბეთის საზღვართან. © EPA/GEORGI LICOVSKI, 16.08.2015

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, საქართველო “ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” ჟენევის 1951 წლის კონვენციას 1999 წლიდან შეუერთდა, რითაც თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა დაცვის ვალდებულება აიღო.

“ჩვენი მიზანია, ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება ლტოლვილთა უფლებების შესახებ. ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ მოიძიოს და მიიღოს თავშესაფარი, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშველოვანია საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს იმ ადამიანების უფლებების შესახებ, რომლებიც ომის, კონფლიქტის თუ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტების გამო ეძიებენ ამა თუ იმ ქვეყანაში თავშესაფარს. ვფიქრობთ, რომ ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ფორმით აღნიშნავს სახალხო დამცველი ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს”, – თქვა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ, ნათია კაციტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, ბოლო 2 წლის განმავლობაში სახალხო დამცველი “აქტიურად მუშაობს დევნილთა უფლებების დაცვაზე. არის მომართვიანობა სახალხო დამცველის აპარატში, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს არის ძალიან მაღალი რიცხვი, თუ შევადარებთ სხვა ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას. საქართველოშიც არის გაზრდილი მომართვიანობა და მომატებულია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც თავშესაფარი მიიღო საქართველოში 2015 წელს”, – ამბობს კაციტაძე.

დევნილთა მსოფლიო დღეს მიეძღვნა შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატით “თბილისი მარიოტში”. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთისა” (CHCA) და დანიის ლტოლვილთა საბჭოს (DRC) ორგანიზებულ შეხვედრას ქართული დევნილთა სათემო ორგანიზაციების, დევნილების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ერთადერთი ადმინისტრაციული ორგანოა, რომელიც პასუხისმგებელია თავშესაფრის მაძიებელი პირის განცხადების მიღებაზე, განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე;

შეხვედრაზე საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა ამჟამინდელ პრობლემებს განიხილავდნენ. ერთ-ერთ პრობლემურ მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაცია “საუნჯის” წარმომადგენელმა გაიხსენა 2016 წლის აპრილში ზუგდიდში მომხდარი ინციდენტი. 20.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

შეხვედრაზე საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა ამჟამინდელ პრობლემებს განიხილავდნენ. ერთ-ერთ პრობლემურ მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაცია “საუნჯის” წარმომადგენელმა გაიხსენა 2016 წლის აპრილში ზუგდიდში მომხდარი ინციდენტი. 20.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

იაგო ფასანძემ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “საუნჯის” გამგეობის თავმჯდომარეა, “ნეტგაზეთს” უამბო ზუგდიდის დევნილთა დასახლებაში მომხდარი ინციდენტის შესახებ. მისი თქმით, 7 აპრილს ქალაქ ზუგდიდის დევნილთა დასახლებაში, სადაც 320 ოჯახი ცხოვრობს, დაბინძურებული წყლის მოხმარების გამო “ეპიდემია” დაფიქსირდა: “დევნილებმა გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, მიმართეს სამედიცინო დაწესებულებებს და ჩვენ მეორე დღიდან დავიწყეთ ამ საკითხის შესწავლა. დღევანდელი მდგომარეობით, რაც ჯანდაცვის ცენტრმა მოგვაწოდა, 120 ადამიანი მოიწამლა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეპიდემიის მიზეზი იყო ფეკალური მასის ჩადინება ჭაბურღილში”, – ამბობს იაგო ფასანძე.

ეს ჭაბურღილი, ფასანძის თქმით, მდებარეობს “კანალიზაციის ჭებთან ახლოს”. მოსახლეობის აზრით, სწორედ ამან გამოიწვია წყლის დაბინძურებაო, გვითხრა ფასანძემ. მისივე თქმით, დევნილები ითხოვენ, რომ დასახლებასთან ახლოს ახალი ჭაბურღილი დამონტაჟდეს. 7 აპრილიდან დღემდე დევნილებს წყალს აწვდის ზუგდიდის მერია – მათ დილა-საღამოს შეაქვთ დასახლებაში რეზერვუარებით წყალი. წყლის ეს რაოდენობა მოსახლეობის ნაწილს ყოფნის, ნაწილს არა, თუმცა სასმელი წყლის გარეშე არ არიან დარჩენილები”, – თქვა ფასანძემ.

იაგო ფასანძის თქმით, ამ “ოფიციალური ვერსიის” გარდა არსებობს ეჭვი, რომ წყალი, რომელიც დასახლებას მიეწოდებოდა, თავიდანვე არ იყო შემოწმებული: “უცნობია, სასმელად რამდენად ვარგისი წყალი მიეწოდებოდათ დევნილებს იქ ჩასახლების დღიდან. შესაძლებელია, თავიდანვე უვარგისი იყო ეს წყალი. ჩვენ მივმართეთ პროკურატურას, შეისწავლოს, იყო თუ არა შემოწმებული თავიდან წყალი, იქნა თუ არა წყლის მიწოდებამდე დაცული სტანდარტები და ა.შ”, – ამბობს იაგო ფასანძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას. “ამ ეტაპზე გამოძიების მოლოდინში ვართ”, – დასძენს იგი.

იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე წყალი, რაც ზუგდიდის ლტოლვილების დასახლებას მიეწოდება, სასმელად ვარგისია: “დაყენდა წვეთოვანი სისტემა და ხდება დახურვა, თუმცა მოსახლეობას მაინც არა აქვს ნდობა ამ წყლის მიმართ და ახლა იგეგმება წყლის კომპანიის მიერ ახალი ჭაბურღილის გაკეთება. შეიძლება ამის საჭიროება არ იყოს, მაგრამ რადგანაც მოსახლეობამ ასე ისურვა და ასეთი ინციდენტი მოხდა, ალბათ თავის დაზღვევაც აჯობებს”, – თქვა იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ.

“საზოგადოებრივი პროგრამების ფონდის” თავმდჯომარე, ირაკლი ბოკუჩავა, რომელიც 20 ივნისის შეხვედრას ესწრებოდა, “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ იძულებით გადაადგილებული პირებს რეგიონებში რამდენიმე პრობლემა აქვთ. ის ერთ-ერთ პრობლემას გამოყოფს: “თბილისთან შედარებით, რეგიონებში იძულებით გადაადგილებული პირებისათვის საკმარისი ფინანსური რესურსი არ არსებობს. პრობლემაა ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ცნობიერება. მათ არ ესმით, რომ დევნილებიც ისეთივე ბენეფიციარები არიან, როგორც ადგილობრივი მოსახლეები, მით უფრო პრივატიზაციის პროცესის შემდეგ, და ეს ქმნის პრობლემას. თვითმმართველობების მიერ დევნილების გადამისამართება ხდება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში. არადა კორპუსების, მიმდებარე ტერიტორიების და ა.შ. მუნიციპალიტეტთან ერთად თვითონ მოსახლეობის მოსაგვარებელი პრობლემაა. ამიტომ ცნობიერებას აქვს არსებითად დიდი მნიშვნელობა”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ირაკლი ბოკუჩავამ.

"სასურველია, მოხდეს დევნილთა და განსახლების სამინისტროს მიერ თვითმმართველობებთან საკითხების ადვოკატირება და თანამშრომლობის პროცესის წახალისება", - ამბობს ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის წარმომადგენელი, ლიკა კილაძე (ფოტოზე მარჯვნივ). 20.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“სასურველია, მოხდეს დევნილთა და განსახლების სამინისტროს მიერ თვითმმართველობებთან საკითხების ადვოკატირება და თანამშრომლობის პროცესის წახალისება”, – ამბობს ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის წარმომადგენელი, ლიკა კილაძე (ფოტოზე მარჯვნივ). 20.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ქუთაისში დევნილთა 11 დასახლებასთან მუშაობს) წარმომადგენელი, ლიკა კილაძე ფიქრობს, რომ სამინისტროს მხრიდან “ადგილობრივ თვითმმართველობებთან კოორდინაციის საკითხის ხაზგასმა და წინ წამოწევა, დევნილთა პრობლემების მოგვარებაში თვითმმართველობის როლის გაძლიერება აუცილებლად უნდა იქნეს მხარდაჭერილი და წახალისებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარტივია ხოლმე კონკრეტული უწყებების მიერ პასუხისმგებლობის თავიდან არიდება”, – ამბობს ლიკა კილაძე. მისი თქმით, სასურველია, მოხდეს დევნილთა და განსახლების სამინისტროს მიერ თვითმმართველობებთან საკითხების ადვოკატირება და თანამშრომლობის პროცესის წახალისება, რათა თვითმმართველობის როლი დევნილთა საკითხების გადაჭრაში იყოს “მაქსიმალურად წინ წამოწეული იმ რესურსებისა და კომპეტენციების ფარგლებში, რომლებიც ამ ნაწილში გააჩნიათ”.

20 ივნისის შეხვედრაზე ცენტრმა “აფხაზეთმა” რეგიონებში ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგების პრეზენტაციაც გაიმართა. ცენტრ “აფხაზეთის” თანამშრომლის, ირაკლი ტაბაღუას თქმით, საველე კვლევა სათემო ორგანიზაციების წევრებმა ჩაატარეს 5 ქალაქში – ზუგდიდში, წყალტუბოში, ფოთში, ქუთაისსა და ბათუმში. საერთო ჯამში, სათემო ორგანიზაციებმა კვლევისათვის 424 რესპონდენტი გამოკითხეს. ტაბაღუას თქმით, კვლევას შესაძლოა რეპრეზენტატულობის პრეტენზია არ ჰქონდეს, თუმცა ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია, რომ კვლევის პროცესში თავად დევნილებმა მიიღეს მონაწილეობა.

კვლევის წინასწარი შედეგების მიხედვით, დევნილთა 38%-ის შემოსავლის ძირითადი წყარო დევნილთ შემწეობაა. ყველაზე ხშირად დასახელებული პრობლემები კი არის უმუშევრობა, მედიკამენტებზე ხელმიუწვდომლობა, სასოფლო-სამეურნეო მიწების არქონა/ხელმიუწვდომლობა, კომუნალური ხარჯების სიმძიმე.

“ჩვენთვის ცნობილია ის პრობლემები, რაც კვლევაშია გამოხატული. ჩვენ უკვე დავიწყეთ არაერთი პროექტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს დევნილთა დასაქმებას და საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობას. ბუნებრივია, სამინისტრო მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ გაწვდება ამ პრობლემებს და მნიშნველოვანია სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობა”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მშენებარე ოლიმპიური სოფელი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. 02.02.2015 ფოტო © ნეტგაზეთი

ოლიმპიური სოფელი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. 02.02.2015 ფოტო © ნეტგაზეთი

“ჩვენ რამდენიმე დღეში გვექნება ახლად აშენებულ კორპუსებში დევნილების შესახლების შესაძლებლობა. უკვე განაწილებულია, კენჭისყარ ჩაატრებულია, ხოლო რაც შეეხება შემდეგ ეტაპს, დაახლოებით აგვისტო-სექტემბრის თვეში 600-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს როგორც “ოლიმპიურ სოფელში” თბილისის ზღვაზე, ასევე დადიანის ქუჩაზე და სხვადასხვა ადგილას”, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი