ახალი ამბები

“არასამართლიანი განაწილების რისკი” – აუდიტმა დევნილთა ბინებით უზრუნველყოფის მექანიზმი შეისწავლა

17 მარტი, 2024 • 1393
“არასამართლიანი განაწილების რისკი” – აუდიტმა დევნილთა ბინებით უზრუნველყოფის მექანიზმი შეისწავლა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული შესყიდვების და განაწილების პროცედურების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან.

აუდიტის შედეგად რამდენიმე მთავარი მიგნება გამოიკვეთა.

დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით ბინების კონკურსის წესით შესყიდვა

აუდიტის სამსახურის თანახმად, თბილისში დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი ფართების შესყიდვისას, მენაშენის მოთხოვნით, სამშენებლო რესურსებზე ფასების ზრდის საფუძვლით, გაიზარდა სახელშეკრულებო ღირებულება.

“ფასების ზრდის პერიოდისთვის, სააგენტოს მიერ 100%-ით იყო გადახდილი ავანსი, რომელიც სრულად ფარავდა მშენებლობის თვითღირებულებას. ამასთანავე, არ მომხდარა გარემოებათა სხვა არსებითი ცვლილება, რომელიც შესაძლებელი იყო ხელშეკრულების ღირებულების გაზრდაზე შეთანხმების საფუძველი გამხდარიყო. შედეგად, დაუსაბუთებლად გაიზარდა სახელშეკრულებო ღირებულება, რამაც გამოიწვია 302.9 ათასი ლარის საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვა”, – აცხადებენ აუდიტის სამსახურში.

გორში დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში, აუდიტის განცხადებით, კომპანიას დაუსაბუთებელი მიზეზებით (მიწოდების ვადის შეზღუდვის და მშენებლობის ნებართვის ვადის ამოწურვის გამო), უარი ეთქვა ხელშეკრულების გაფორმებაზე.

“როგორც შემდეგ აღმოჩნდა, არსებობდა შეძენის აუცილებლობა და დაფინანსების წყარო, ამასთანავე, არ არსებობდა მიწოდების ვადის შეზღუდვის აუცილებლობა, ხოლო კომპანია თანახმა იყო მიემართა შესაბამისი უწყებისთვის ნებართვის ვადის გაგრძელებაზე. შედეგად, დაიკარგა 120.0 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის მიღების შესაძლებლობა”, – აცხადებენ აუდიტის სამსახურში.

დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების განაწილება

აუდიტის განცხადებით, რიგ შემთხვევებში, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების საჭიროების სრულყოფილი შესწავლისა და ასევე დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ, კრიტერიუმის გამოყენების გარეშე მიღებული არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებების შედეგად, საცხოვრებლით დაკმაყოფილება წარმოებდა შეფასების ჯამური ქულის გაუთვალისწინებლად.

“მაგალითად, გამოვლინდა საკითხისადმი არაერთგვაროვანი მიდგომა: ხშირად, იმის გამო, რომ დევნილი ოჯახი ცხოვრობდა ნათესავთან, კომისიას უარი აქვს ნათქვამი და გამოტანილია გადაწყვეტილება განაცხადის არდაკმაყოფილების თაობაზე; თუმცა რიგ შემთხვევებში, ანალოგიური სტატუსის მქონე დევნილ ოჯახებთან დაკავშირებით, კომისიას უარი არ აქვს ნათქვამი და გამოტანილია საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება კრიტერიუმების მოთხოვნებს, რომელთა მიხედვით: სხვის სახლში ცხოვრება წარმოადგენს მდგომარეობას, რითაც ოჯახს ენიჭება უპირატესობა22 და ეზრდება ჯამური ქულა. აღნიშნულის გამო მინიჭებულ ქულას დევნილთა საკითხების  შემსწავლელი კომისია უგულებელყოფს და განხილულ ეტაპზე საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლადაც მიიჩნევს”, – აცხადებენ აუდიტის სამსახურში.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პასუხისმგებელი პირების განმარტებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია თვლის, რომ ნათესავთან ქირის გარეშე მცხოვრები დევნილი ოჯახების გარკვეული ნაწილი მიეკუთვნება იმ კატეგორიას, „რომელიც არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას“, თუმცა აუდიტის მიხედვით, საპირისპიროს ადასტურებს ქვემოთ მოცემული მაგალითი:

“ერთ-ერთ დევნილ ოჯახს (N37, შშმ პირს მაღალი ქულით − 8.0) ნათესავთან ცხოვრების გამო, უარი ეთქვა ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე. მონიტორინგის მასალებში დაფიქსირებულია, რომ ნათესავი, რომლის ბინაშიც ცხოვრობდა დევნილი, იმყოფება საზღვარგარეთ (კანადაში), სურს ბინის გაყიდვა და ელოდება დევნილი ოჯახის ბინით დაკმაყოფილებას. ამის შედეგად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, არაპირდაპირი გზით ზღუდავს მესაკუთრის საკუთრების განკარგვის უფლებას, მეორე მხრივ კი, არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სხვადასხვა დევნილ ოჯახს. ასეთი სახის გადაწყვეტილებების შედეგად წარმოიშობა გარემოებები, როდესაც დაბალქულიანი დევნილი ოჯახები დაკმაყოფილებული არიან საცხოვრებლით, ხოლო მაღალქულიანი დევნილი ოჯახები არ არიან დაკმაყოფილებული.

მაგალითად: ქალაქ თბილისში, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამართული სხდომის ოქმის  მიხედვით, დევნილი ოჯახები (N20, N21, N22, N23 − თითოეული 4.5 ქულით) დაკმაყოფილდნენ ოროთახიანი ბინებით, ხოლო უფრო მაღალი ქულების მქონე დევნილ ოჯახებს (N24, N25, N26, N27 − შესაბამისად, 11.5, 10.5, 9.0, 8.0 ქულებით), უარი ეთქვათ დაკმაყოფილებაზე.  ქალაქ ზუგდიდში, ვეტერან დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამართული სხდომის ოქმის მიხედვით, დევნილ ოჯახებს (N43, N44 − თითოეული 3.0 ქულით) გადაეცათ ერთოთახიანი ბინები, ხოლო დევნილ ოჯახებს (N45, N46 − შესაბამისად, 14.0 და 7.0 ქულებით), უარი ეთქვათ დაკმაყოფილებაზე; ასევე დევნილ ოჯახებს (N47, N48 − თითოეულს 3.0 ქულით) გადაეცათ ოროთახიანი ბინები, ხოლო დევნილ ოჯახს (N49 − 5.5 ქულით) უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე”, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

დასკვნის მიხედვით, აღნიშნულ შეუსაბამობასთან დაკავშირებით, თბილისსა და ზუგდიდში, ბინების განაწილების სამი სხდომის მონაცემებს შემდეგი სახე აქვს:

“ანალოგიური მდგომარეობა ვლინდება სხვა შემთხვევებშიც: ბინით დაკმაყოფილებისთვის საკმარის ქულასთან შედარებით სამჯერ და ოთხჯერ მეტი ქულის მქონე ოჯახებისთვის დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას უარი აქვს ნათქვამი”.

“დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ საცხოვრებელი ბინების განაწილების პროცესში, დაბალი ქულის მქონე დევნილი ოჯახების მიმართ, წარმოებდა ე.წ. ადმინისტრაციული დაპირების მექანიზმის გამოყენება, რაც ადეკვატური კონტროლის არარსებობის პირობებში, წარმოშობს დევნილ ოჯახებს შორის საცხოვრებელი ბინების არასამართლიანი განაწილების რისკს.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებების შედეგად, საცხოვრებლით დაკმაყოფილებული არიან ოჯახები, რომლებიც საკითხის განხილვის მომენტისთვის არ საჭიროებდნენ გრძელვადიან განსახლებას. კერძოდ, რიგი დევნილი ოჯახებისა, ბინების განაწილების წინა პერიოდებში, მესამე პირებთან დებდნენ გარიგებებს, საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინების ჩუქების, თუ ნასყიდობის ფორმით, რამაც შექმნა საცხოვრებლით დასაკმაყოფილებელი სტატუსის კრიტერიუმის შეუსაბამოდ მიღების წინაპირობა”, – აცხადებენ აუდიტის სამსახურში.

აუდიტის სამსახურის შესაბამის ორგანოებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:

  1. საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის მიზნით, დაინერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც მიმწოდებლის მხრიდან სახელშეკრულებო ღირებულების ზრდის ინიციირების პირობებში, უზრუნველყოფს შეცვლილი გარემოებების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურებას. რეკომენდაცია
  2. საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის მიზნით, დაინერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც დევნილთა ოჯახების საჭიროების და დაფინანსების არსებული რესურსის გათვალისწინებით, საცხოვრებელი ბინების სახით არსებული აქტივების შექმნის პროცესში, უზრუნველყოფს კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბებას.
  3. დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების სამართლიანი და ობიექტური განაწილების მიზნით, დაინერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს: საცხოვრებელი ბინების კრიტერიუმის (ჯამური ქულის) მიხედვით განაწილებას; ადმინისტრაციული დაპირების მექანიზმის გამოყენებას: კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში კრიტერიუმის გარეშე საცხოვრებლის განაწილების დროს; დასაბუთებული ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით საცხოვრებელი ბინების განაწილებას; ისეთი დევნილი ოჯახების იდენტიფიცირებას, რომლებიც საკითხის განხილვის ეტაპისათვის არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას.

სრულად აუდიტის ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი