ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“დევნილი ქალები კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ემხრობიან” – კვლევა

27 თებერვალი, 2024 • 730
“დევნილი ქალები კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ემხრობიან” – კვლევა

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ახალი კვლევა [2023 წელს ჩატარდა] წარადგინა, სახელწოდებით “იძულებით გადაადგილებული ქალები კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ემხრობიან”.

კვლევა შეეხება იძულებით გადაადგილებული ქალების განწყობებს, დამოკიდებულებას კონფლიქტის მოგვარების გზებთან, შერიგებასა და მშვიდობასთან დაკავშირებით.

როგორც კვლევის შესახებ ინფორმაციაში ვკითხულობთ, კვლევაში მონაწილე ქალებს მიაჩნიათ, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას ყველაზე მეტად ახალგაზრდების, მათ შორის ახალგაზრდა ქალების დამეგობრება (55%) და აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მიმოსვლის გამარტივება (53%) შეუწყობს ხელს.

“აღსანიშნავია, რომ იძულებით გადაადგილებული ქალები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, გამოხატავენ ინტერესს, ჩაერთონ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საჭირო აქტივობებში, მონაწილეობა მიიღონ ქართულ-აფხაზურ ან ქართულ-ოსურ დიალოგებში”, – წერია დოკუმენტში. 

კვლევის თანახმადვე, საქართველოში იძულებით გადაადგილებული ქალების 87%  ფიქრობს, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს, 88% აფხაზ მოსახლეობასთან, 85% კი – ოს მოსახლეობასთან შერიგების მომხრეა.

“საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ 228 951 იძულებით გადაადგილებულ პირს შორის 100 628 ქალია, თუმცა მათი თანაბარი, სრული და ეფექტიანი მონაწილეობა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და შერიგების პროცესებში გამოწვევად რჩება”, – ნათქვამია კვლევაში. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი