საზოგადოება

გულუხვი საჩუქრები — რატომ უნდა დაასაბუთონ ჩინოვნიკების ახლობლებმა შემოსავლები

12 მარტი, 2024 • 2309
გულუხვი საჩუქრები — რატომ უნდა დაასაბუთონ ჩინოვნიკების ახლობლებმა შემოსავლები

საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოში არაერთი თანამდებობის პირია, რომლის წლიური ხარჯიც მის შემოსავალს აჭარბებს.

შემოსავალსა და ხარჯს შორის დისბალანსის გამოსწორებაში მათ, როგორც წესი, მშობლები, ნათესავები და მეგობრები ეხმარებიან. სწორედ ეს ადამიანები არიან მათთვის ფულადი თუ სხვა სახის ძვირადღირებული საჩუქრების წყარო.

Მიუხედავადა იმისა, რომ თანამდებობის პირები ვალდებული არიან, ქონებრივი დეკლარაციები შეავსონ და იქ ძვირადღირებული საჩუქრებიც ასახონ, სავალდებულო დეკლარირებას არ ექვემდებარებიან ის ადამიანები, ვინც მათ საჩუქრებს ჩუქნიან.

შესაბამისად, არსებობს შემთხვევები, როცა ბუნდოვანი რჩება თანამდებობის პირებისთვის ძვირადღირებული საჩუქრის მჩუქებლების ფინანსების წარმომავლობა.

Რა ხდება?

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის თანახმად, 2020-2022 წლებში აღმასრულებელი ხელისუფლების 394-მა თანამდებობის პირმა ან მისმა ოჯახის წევრმა მიიღო საჩუქარი, რომლის ჯამური ღირებულება 27.8 მილიონ ლარს შეადგენდა.

ამავე ანგარიშის მიხედვით, თანამდებობის პირებს 16.6 მილიონი ლარის ღირებულის საჩუქარი მიღებული აქვთ ფულადი ფორმით, 9.1 მილიონი ლარის საჩუქარი უძრავი ქონების სახით, ხოლო დანარჩენი, 2.1 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქრები -ავტომობილების ან სხვადასხვა ფასიანი ნივთის სახით.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული დეკლარაციების მონიტორინგი აჩვენებს, რომ თანამდებობის პირების მიერ დეკლარირებული ინფორმაციის მიხედვით, 2020-2022 წლებში 18.6 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქარი მიღებული აქვთ უშუალოდ დეკლარანტ თანამდებობის პირებს, ხოლო 9.2 მილიონი ლარის საჩუქარი — მათი ოჯახის რომელიმე წევრს.

ფულადი საჩუქრების მიმღებ თანამდებობის პირებს შორის არის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც მშობლებმა 2020-2021 წლებში 150 ათასი—150 ათასი ლარი (ჯამში, 300 ათასი ლარი) აჩუქეს.

Მაგალითად, ბოლოს შესვებული დეკლარაციის თანახმად, რომელიც 2022 წლის მონაცემებს ასახავს, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის შემოსავლებში იყო: პრემიერ-მინისტრის ხელფასი 41 004 ლარი, მის მიერვე საკუთარ ანგარიშზე შეტანილი 10 000 დოლარი (დღეს მოქმედი კურსით, დაახლოებით 26 250 ლარი) და ღარიბაშვილის მშობლებისგან საჩუქრად მიღებული 180 ათასი ლარი. Რაც შეეხება გასავალს, ამავე წელს ირაკლი ღარიბაშვილის ცოლმა, ნუნუ თამაზაშვილმა, რომელიც დეკლარაციის თანახმად, არსად მუშაობს, ბაკურიანში სახლის მშენებლობისთვის აღებული სესხის ვალი (თანამსესხებელი ირაკლი ღარიბაშვილი) 26 518 ლარი გადაიხადა. გარდა ამისა, 2022 წელს ნუნუ თამაზაშვილმა შვილების განათლებაში 59 435 ლარი, სამშენებლო მასალაში კი 5 182 ლარი გადაიხადა. ამასთან, ამავე წელს ირაკლი ღარიბაშვილიმა ოჯახის წევრების მოგზაურობისთვის 8 868 დოლარი (დღეს მოქმედი კურსით, დაახლოებით 23 200 ლარი) დახარჯა.

გარდა ამისა, Ირაკლი ღარიბაშვილის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის სახელი ფიგურირებს 2023 წელს სამთავრობო თვითმფრინავის დაქირავების გახმაურებულ საქმეში. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის შვილს სასწავლებლად წასაყვანად სამთავრობო თვითმფრინავი 34 ათასი ევროდ სწორედ პრემიერის 71 წლის მამამ დაუქირავა.

ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია მშობლების ქონების შესახებ ინფორმაციას არ იძლევა, რადგან ისინი სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებულ პირთა წრეს არ განეკუთვნებიან. ღარიბაშვილის დეკლარაციაში ინფორმაცია მხოლოდ მასთან ერთ ჭერქვეშ მუდმივად მცხოვრები ოჯახის წევრების, ცოლისა და შვილების შესახებაა მოცემული.

ოფიციალურად, ტარიელ ღარიბაშვილი მხოლოდ ღვინის ერთ კომპანიაში ფლობს წილის 50%-ს. სხვა ბიზნესში მისი მონაწილეობა არ ფიქსირდება. რაიმე სახის ქონებას არ ფლობს ღარიბაშვილის დედა მარინა ყორანაშვილი.

გარდა აღმასრულებელი ხელისუფლებისა, ძვირადღირებულ საჩუქრებს იღებენ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, 2020-2022 წლებში 49 მოსამართლემ ან მისმა ოჯახის წევრმა მიიღო საჩუქარი, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 5 მილიონ ლარს.

Მაგალითად, მშობლისგან ფულად საჩუქარს იღებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც 2022 წელს დედამ 100 ათასი დოლარი აჩუქა. Მიქაუტაძემ დედისგან 50 ათასი დოლარი საჩუქრად 2023 წელსაც მიიღო.

გიორგი მიქაუტაძის ბოლო დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2023 წლის მონაცემებს ასახავს, მან და მისმა მოსამართლე ცოლმა ხელფასის სახით 220 424 ლარი მიიღეს, 2 500 ლარი მიიღო მოსამართლის წყალბურთელმა შვილმა წყალბურთის გუნდიდან ანაზღაურების სახით. გარდა ამისა, მიქაუტაძემ მისი კუთვნილი ბინის გაქირავებით ამ წელს 1425 დოლარი მიიღო.

ამასთან, მოსამართლემ გასულ წელს 280 000 ლარის იპოთეკური სესხი აიღო, საიდანაც 52 787 ლარით გადაფარა წინა წლებში აღებული სესხები. გარდა ამისა, გასულ წელს მოსამართლემ 7 758 ლარი დახარჯა იპოთეკური სესხის გადახდაში.

Როგორც გიორგი მიქაუტაძის დეკლარაციაში ვკითხულობთ, 2023 წელს საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად მოსამართლემ 307 000 ლარი დახარჯა.

Საუბარია 2020 წელს წავკისში 90 000 დოლარად შეძენილ მიწის ნაკვეთზე მშენებარე სახლის სარემონტო სამუშაოებზე.

Მას შემდეგ, რაც გიორგი მიქაუტაძის შემოსავლებსა და ძვირადღირებული სახლის მშენებლობაზე „ტვ პირველმა“ რეპორტაჟი მოამზადა, მოსამართლემ საპასუხოდ განმარტება გაავრცელა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ 2023 წელს შემოსავლის სახით დაახლოებით 550 000 ლარი მიიღო. ამ თანხაში მოსამართლე ათვლის 2022 წელს ბინის გაყიდვით მიღებულ 35 000 დოლარსაც.

Რაც შეეხება დედისგან საჩუქრად მიღებულ 50 ათას დოლარს, მშობლის შემოსავლები არც მოსამართლის დეკლარაციაშია ასახული. ამ შემთხვევაშიც სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული პირები მხოლოდ გიორგი მიქაუტაძის ცოლი და შვილები არიან.

ამიტომ, მას შემდეგ, რაც მოსამართლის დედის ქონება შვილისთვის ნაჩუქარი სოლიდური თანხის გამო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა, განმარტება ისევ გიორგი მიქაუტაძემ გაავრცელა.

მოსამართლე ამბობს, რომ დედამისი, დღევანდელი მდგომარეობით, განკარგავს მამისგან მემკვიდრეობით მიღებულ ქონებას.

„მას მხოლოდ სააქციო საზოგადოება „ბახტრიონიდან“ ხელფასის და დივიდენდის სახით 2023 წელს მიღებული აქვს, ჯამში, 264 708 ლარი“, — აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.

ვინ და რა ხვდება დეკლარაციაში

Საქართველოს კანონი კორუფიის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ადგენს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებს.

ეს კანონი ადგენს სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე არეგულირებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, წარდგენილი დეკლარაციების მონიტორინგის პირობებსა და მექანიზმს, აგრეთვე მამხილებელთა დაცვის, ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ძირითად საფუძვლებს.

  • კანონით, საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის ან მომსახურების მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე.
  • ამ კანონის მიზნებისათვის „საჩუქარი“ არის საჯარო მოსამსახურისათვის, მისი ოჯახის წევრისათვის უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ქონება ან გაწეული მომსახურება, ქონებრივი ვალდებულებისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება, რომელიც წარმოადგენს საერთო წესიდან გამონაკლისს.
  • წლის განმავლობაში საჯარო მოხელის მიერ მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 5%-ს, თუ ეს საჩუქრები მიღებული არ არის ერთი წყაროდან.
  • საჯარო მოსამსახურის ოჯახის თითოეული წევრის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება ოჯახის თითოეულ წევრზე არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ლარს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 500 ლარს, თუ ეს საჩუქრები მიღებული არ არის ერთი წყაროდან.

ამასთან, „საჩუქრად“ არ ჩაითვლება საჯარო მოსამსახურისათვის, მისი ოჯახის წევრისათვის ახლო ნათესავის მიერ უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ქონება, ქონებრივი ვალდებულებისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება.

ამ კანონის მიზნებისათვის „ოჯახის წევრში“ იგულისხმება: პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი.

Ხოლო „ახლო ნათესავში“ იგულისხმება: პირის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და და-ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები.

Რატომ უნდა გაფართოვდეს დეკლარაციაში წარსადგენ ნათესავთა წრე

ერთ-ერთი, ვინც დეკლარაციაში წარსადგენ ნათესავთა წრის გაფართოებას ითხოვს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვისაა“. Პარტიის წევრებმა კანონპროექტიც მოამზადეს და პარლამენტსაც წარუდგინეს, თუმცა შემდგომი მსვლელობა არ მისცემია.

Პარტიის ინიციატივაა, რომ მშობლებისა და დედ-მამისშვილების შემოსავლებისა და ქონების დეკლარირებაც მოხდეს.

Როგორც პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი ბერდია სიჭინავა ნეტგაზეთთან ამბობს, ხშირად თანამდებობის პირები მშობლებს იყენებენ, რომ მათი უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლები გაათეთრონ.

Მისი თქმით, იმის გამო, რომ მშობლებისა და დედ-მამისშვილების ქონება სავალდებულო დეკლალირებას არ ექვემდებარება, კანონმდებლობაში ხვრელი რჩება, რომელიც ამოსავსებია.

„Სწორედ ამიტომ, ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა იყო თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციაში წარსადგენ ნათესავთა წრის გაფართოება. Მაგალითად, როდესაც მიუითიეთებენ, რომ მშობელმა აჩუქა 50 ათასი ლარი, მშობლის მიერ მიღებული შემოსავლები წარმოადგინონ — რა იყო წყარო, რომლითაც აჩუქა კონკრეტული საჩუქარი შვილ თანამდებობის პირს“, — აცხადებს ბერდია სიჭინავა.

Ბერდია სიჭინავას განმარტებით, აქცენტს მშობელბსა და დედ-მამისშვილებზე იმიტომ აკეთებენ, რომ თანამდებობის პირისთვის ბევრად უფრო მარტივია დაუსაბუთებელი ქონების გათეთრებისთვის გამოიყენოს მასთან ნათესაურად მჭიდროდ დაკავშირებული ადამიანები, როგორიცაა დედა, მამა და და-ძმა.

„სხვა შემთხვევებში, თუნდაც ბიძაშვილ-მამიდაშვილის და გარე ნათესავების შემთხვევაში, ბევრად უფრო რთულია ასეთი ადამიანების მოძებნა თანამდებობის პირებისთვის მიტომ, რომ ამ ადამიანებს დამატებითი რისკები უჩნდებათ. ასეთი რისკები სულ იარსებებს, თუმცა თანამდებობის პირებს უფრო უჭირთ, რომ ნათესაობით დაკავშირებული ადამიანები ჩართონ უკანონო, დაუსაბუთებელი ქონების გათეთრებაში, რადგან მათ გააზრებული აქვთ ეს რისკები.

Მშობელი ბევრად უფრო მარტივი გზაა იმისთვის, რომ თანამდებობის პირმა დაუსაბუთებელი ქონება გაათეთროს, ვიდრე გარე ნათესავები, რომლებიც მათთან ისე მჭიდროდ დაკავშირებული არ არიან“, — ამბობს ბერდია სიჭინავა.

ამასთან, ბერდია სიჭინავას თქმით, გარე ნათესავებსა და მეგობრებს, რომლებიც ცალკე საოჯახო მეურნეობას ეწევიან და ცალკე ცხოვრების წესით ცხოვრობენ, ძალიან რთულია ქონებისა და შემოსავლების დეკლარირება დაავალდებულო.

„აქ შეიძლება კონსტიტუციურობის პრობლემაც აღმოჩნდეს, რადგან წარმოუდგენელია თანამდებობაზე მყოფ ადამიანს მეგობრის დეკლარაციის წარდგენა დაავალო. ეს არის კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია და ა.შ.

ასეთ შემთხვევაში, კანონმდებლობაში არსებობს შესაბამისი მუხლები, რომლითაც კონკრეტულ საგამოძიებო ორგანოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება. არსებობს ასეთი მუხლი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის.  თუ კონკრეტული თანამდებობის პირს უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონება გააჩნია, მაგალითად, წლის განმავლობაში მისი შემოსავალი არის 40 ათასი ლარი და წლიდან წლამდე ეს ადამიანი აგროვებს 100-200 ათასი დოლარის ღირებულების ქონებას, იშენებს სახლებს, ყიდულობს კომერციულ ფართებს, ბინებს და ა.შ. ეს არის საფუძველი იმის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დაიწყოს გამოძიება“, — ამბობს ბერდია სიჭინავა.

გიორგი დავითურიც, IDFI-ის კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი, მიიჩნევს, რომ კანონის ჩანაწერი, რომელიც დეკლარაციაში შესაყვან პირთა ნუსხას ადგენს, პრობლემურია.

Მისი თქმით, მაშინ, როცა დეკლარაციაში ოჯახის მხოლოდ ის წევრები შედიან, რომლებიც თანამდებობის პირთან ერთად ცხოვრობენ, შესაძლოა ქონებები, რომლებიც კორუფციის რისკზე ან შემთხვევებზე მიუთითებდეს, დეკლარირების გარეშე დარჩეს. Შესაბამისად, არ მოხვდეს ყურადღების ცენტრში და არ იქნეს შესწავლილი მისი წარმომავლობა.

Როგორც გიორგი დავითური ნეტგაზეთთან ამბობს, Პირველ რიგში, პირთა წრე ამომწურავად უნდა იყოს განსაზღვრული და თანაცხოვრება, როგორც კრიტერიუმი, ყველა შემთხვევაში დეკლარაციაში მოხვედრის განმსაზღვრელი კატეგორია არ იყოს.

Მისი თქმით, თანაცხოვრება არ უნდა ათავისუფლებდეს პირს მისი ახლო ნათესავების თაობაზე გარკვეული ინფორმაციის შევსებისაგან, რომლის მოპოვებაც მას შეუძლია.

„თუ მას არ შეუძლია ამ ინფორმაციის მოპოვება, ამაზე შესაძლოა გაჩნდეს ცალკე ჩანაწერი, რომ ეს ინფორმაცია სახელმწიფომ თავის ინიციატივითაც შეისწავლოს. დამზღვევი მექანიზმები აქ შეიძლება გაჩნდეს.

Როცა ვსაუბრობთ ნათესაურ პირთა წრეზე, აქ გააჩნია, რას ავიღებთ ინდიკატორად — ზოგადად, დეკლარირებული ქონების გაზრდაა ინტერესი თუ გამოვლენილი რისკების პრევენცია.  ვიღაც ადამიანთა წრე არასდროს დაილევა. Შეიძლება, მეგობართან დაალაგო ურთიერთობა ისე, რომ პირობითად, შენ ნაცვლად აიღოს ქრთამი, თუმცა ამ დონემდე კანონს ვერ გააფართოვებ“, —მიიჩნევს გიორგი დავითური.

თუმცა, გიორგი დავითურის თქმით, არის შემთხვევებიც, როცა თანამდებობის პირი და მისი ოჯახის წევრი ფორმალურად ერთად არ ცხოვრობენ და ამით დეკლარაციაში ინფორმაციის შეტანას თავს არიდებენ.

Მაგალითად, ასეთია უვადო მოსამართლის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან მურუსიძის შემთხვევა. „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ლევან მურუსიძე თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციას ყოველწლიურად ავსებს, არც ერთხელ მიუთითებია მასთან ერთად მცხოვრები ქალის და მასზე რეგისტრირებული ქონების შესახებ ინფორმაცია.

„სტუდია მონიტორის“ ინფორმაციით, ლევან მურუსიძე მის სახელზე რეგისტრირებულ სახლში ლელა ჭანიასთან ერთად ცხოვრობს და ისინი წლებია, ერთმანეთთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში არიან. თუმცა თავად მურუსიძე უარყოფს, რომ ცოლი ჰყავს.

თავის მხრივ, ლევან მურისიძე იმ ქართველ მოსამართლეებს შორისაა, რომელიც გასულ წელს აშშ-მა „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო“ დაასანქცირა.

Როგორც გიორგი დავითური ამბობს, Ამ შემთხვევაში მექანიზმი ინდივიდუალური ღონისძიებებია, მათ შორის ის, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ თითოეული დეკლარაცია ღრმად და კარგად შეისწავლოს.

Მისი თქმით, Როდესაც დეკლარაციის შესწავლის შემდეგ გაჩნდება რიგი ეჭვი სხვადასხვა მიზეზის საფუძველზე, ეს ეჭვი ბოლომდე უნდა იყოს შესწავლილი და კარგად გამოკვლეული.

„დეკლარაციებით დანაშაული არ ვლინდება. Კორუფციის დასადასტურებლად ან უარსაყოფად მხოლოდ დეკლარაციის გადამოწმება არ არის საკმარისი. ნაკლებად სავარაუდოა, ვინმე თანამდებობის პირმა დეკლარაციაში ჩაწეროს, რომ მშობლის ნაჩუქარი თანხა სინამდვილეში ქრთამის სახით კომპანიიის მიერ გადახდილი ფულია. თუმცა დეკლარაციებში არსებული გარკვეული თანხის რაოდენობამ ან წარმომავლობამ, შესაძლოა, ეჭვი გაუჩინოთ მათ, ვინც ამ დეკლარაციებს სწავლობს, რომ კონკრეტული ადამიანი დამატებით შემოწმებას საჭიროებს“, — ამბობს გიორგი დავითური.

გიორგი დავითურის თქმით, პირველ რიგში, ამის ნება უნდა არსებობდეს და საგამოძიებო სამსახურები საეჭვო შემთხვევებზე თავად უნდა რეაგირებდნენ მიუხედავად იმისა, მიმართავს თუ არა მათ ვინმე.

„პირველ რიგში, თავის ინიციატივით უნდა აკეთებდნენ ამას Საგამოძიებო სამსახურები, ვისაც ეს ფუნქცია აქვს. სამწუხაროდ, აქ არ არის ანტიკორუფციული ბიურო, მიუხედავად არაერთი რეკომენდაციისა. ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა არის მათი დამხმარე საშუალება და არა მათი ინფორმაციის ერთადერთი წყარო, ისინი ამას თვითონაც უნდა აკეთებდნენ“, — აცხადებს გიორგი დავითური.

Რას აპირებს მთავრობა

დეკლარაციაში წარსადგენ ოჯახის წევრთა წრის გაფართოება მოხვდა 2022 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ევროკომისიის ანგარიშშიც, რომლითაც საქართველოსთვის 12 პრიორიტეტი განისაზღვრა.

„ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებული კანონის მოქმედების სფერო, მისი განხორციელება და მონიტორინგი უნდა გაუმჯობესდეს (რადგან ოჯახის წევრებს არ ფარავს)“, — ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში.

თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებულ პირთა წრის გადახედვა გაფართოების მიზნით გვხვდება მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში.

პარლამენტის 2024 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული გეგმა მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს თებერვალში წარუდგინა. დოკუმენტის თანახმად, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების ავტორი ანტიკორუფციული ბიუროა.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტში თებერვლის ბოლოს კანონპროექტის სახით დაინიცირდა და პირველი მოსმენითაც მიიღეს. თუმცა ცვლილებათა ამ პაკეტში არ მოხვედრილა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებულ პირთა წრის გაფართოების საკითხი.

იმის გასაკრვევად, თუ როდის იგეგმება დეკლარირებას დაქვემდებარებულ პირთა წრის გაფართოების საკითხზე კანონრპოექტის მომზადება, ნეტგაზეთი ანტიკორუფციულ ბიუროს დაუკავშირდა და მათგან პასუხს ჯერჯერობით უშედეგოდ ელოდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი