საზოგადოება

როგორ ვიქირაოთ სახელმწიფოსგან თვითმფრინავი?

11 სექტემბერი, 2023 •
როგორ ვიქირაოთ სახელმწიფოსგან თვითმფრინავი?

გამოიყენა თუ არა პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო თვითმფრინავი პირადი მიზნებისთვის და ჰქონდა თუ არა ამის უფლება — ეს კითხვები 9 სექტემბრის შემდეგ გაჩნდა, რაც “TV პირველის” ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, ირაკლი ღარიბაშვილმა შვილი სასწავლებლად სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა.

როგორც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე ირწმუნება სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს უფლება აქვს, რომ მის ბალანსზე არსებული თვითმფრინავი, რომელსაც როგორც წესი, მთავრობა ოფიციალური ვიზიტებისას იყენებს, განკარგოს (ანუ გააქირაოს) კომერციული მიზნებისთვისაც. მისი თქმით, სწორედ ასე წავიდა ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში და თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გადახდილა.

თუმცა, ამ განცხადების გასამყარებლად არც მთავრობას და არც ჩუბინიძის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებას ამ დრომდე შესაბამისი დოკუმენტაცია, როგორიცაა მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, ხარჯთაღრიცხვა და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული დოკუმენტი, არ გამოუქვეყნებია. მიუხედავად იმისა, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჯერ კიდევ გუშინ, 10 სექტემბერს მოითხოვეს.

“ნეტგაზეთი” შეეცადა დაედგინა, მართლაც უწევს თუ არა კომერციულ მომსახურებას სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე არსებული თვითმფრინავი კერძო პირებს და თუ ეს ასეა, რა პროცედურების გავლაა საჭირო იმისთვის, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ შეძლოს იმ თვითმფრინავით სარგებლობა, რომლითაც მაღალი თანამდებობის პირები ოფიციალურ ვიზიტებზე დაფრინავენ. თუმცა იმას დამადასტურებელ მტკიცებულებას, რომ ასეთი სერვისი ნამდვილად არსებობს სხვა მოქალაქეებისთვისაც, ჯერჯერობით ვერსად მივაგენით.

ჩვენ დღეს საქართველოს მთავრობას და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მივმართეთ შემდეგი შეკითხვებით:

1. რამდენი თვითმფრინავი ჰყავს სახელმწიფოს?

2. ახორციელებს თუ არა კომერციულ ფრენებს აღნიშნული თვითმფრინავი (შეუძლიათ თუ არა აღნიშნული თვითმფრინავის ქირაობა კერძო პირებს)?

3. დადებითი პასუხის შემთხვევაში, რა პროცედურები უნდა გაიაროს კერძო პირმა, რათა დაიქირაოს აღნიშნული თვითმფრინავი?

4. ყოველწლიურად რამდენ კომერციულ რეისს ასრულებს?

5. რა ტარიფებია კომერციული ფრენის შემთხვევაში?

11 სექტემბერს, დღის განმავლობაში მთავრობის პრესსამსახურისგან პასუხი არ მიგვიღია. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურში კი გვითხრეს, რომ შეკითხვები ოფიციალურ მეილზე წერილობით გაგვეგზავნა, თუმცა სტატიის გამოქვეყნების მომენტში პასუხი მათაც არ გაუციათ. ნეტგაზეთი ზემოხსენებულ ცნობებს საჯარო ინფორმაციის სახითაც ითხოვს, თუმცა ეს დროში გაწელილი პროცედურაა (10 სამუშაო დღე, ზოგიერთი უწყების შემთხვევაში მეტიც).

რამდენად დასაშვებია/შესაძლებელია სამთავრობო თვითმფრინავის კერძო მიზნებისთვის გამოყენება

თვითმფრინავს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ოფიციალურ ვიზიტებზე იყენებს ბორტი #1 ეწოდება. ეს ნიშნავს, რომ მას სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები იყენებენ, შესაბამისად მის უსაფრთხოებასა და დაცვაზე განსაკუთრებით ზრუნავენ, ამისთვის კი, როგორც სფეროს ექსპერტები აცხადებენ, სახელმწიფო დიდ თანხებს ხარჯავს.

„აირ ჯორჯიას“ დამფუძნებელი გიორგი კოდუა წარმოუდგენლად მიიჩნევს ბორტი #1-ის კერძო პირებზე გაქირავებას, რადგან ის ისეთი მაღალი თანამდებობის პირების ოფიციალურად გადაყვანას უზრუნველყოფს, როგორიცაა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და საპარლამენტო დელეგაცია.

“ის საჭიროებს კომპლექსურ დაცვით ღონისძიებებს. მაგალითად, კონკრეტულ შემთხვევაში ამ ბორტს მომსახურებას უწევს ჯორჯიან ეარვეისი, თავის მხრივ, მასზეც დაწესებულია ზედამხედველობა, რათა გადაფრენა იყოს უსაფრთხო, რადგან ეს სახელმწიფო ინტერესია.

ასე რომ არ იყოს… წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო ბალანსზე თვითმფრინავი საერთოდ არც იარსებებდა. ის იქნებოდა კერძო კომპანიის ბალანსზე, სახელმწიფო კი შეუკვეთავდა ხოლმე რეისებს [სამთავრობო ვიზიტებისას] და ასე გადაფრინდებოდა”, — განმარტავს კოდუა.

რაც შეეხება ხარჯებს, კოდუას განმარტებით, რთულია ზუსტი რიცხვის დასახელება, თუმცა ისეთი ფრენა, როგორითაც პრემიერ-მინისტრმა, ისარგებლა, დაახლოებით 60-70 ათას ევროზე მეტი შეიძლება დაჯდეს. ეს ხარჯები კი პრემიერ-მინისტრის ხელფასს გაცილებით აღემატება.

სწორედ ამ ხარჯებიდან გამომდინარე არასამთავრობო ორგანიზაციები ინტერესდებიან, იმ შემთხვევაში თუ ღარიბაშვილმა მართლაც კომერციულად გამოიყენა სახელმწიფო თვითმფრინავი, რა იყო პრემიერის ფინანსური წყარო.

მთავრობის სტრატკომის პოზიციაა, რომ ღარიბაშვილი ხარჯებს ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას გაასაჯაროებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ პრემიერს ამის გაკეთება კანონით მხოლოდ 2024 წლის ოქტომბერში მოუწევს. საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე მიიჩნევს, რომ სულ მცირე ახლავე უნდა გასაჯაროვდეს შემდეგი ინფორმაცია.

  • სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც დაადასტურებს, რომ პრემიერმა ასეთი მომსახურება მართლაც შეიძინა. ხელშეკრულებაში უნდა ეწეროს მომსახურების ღირებულება;
  • საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი, სადაც ჩანს, ვის მიერ არის ეს სახსრები გადახდილი. იმედია, სააგენტო ამგვარ მომსახურება განვადებით არ აფორმებს”, – წერს ნონა ქურდოვანიძე.

განახლება: 12 სექტემბერს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი შვილის მგზავრობა სახელმწიფოს კუთვნილი თვითმფრინავით თბილისიდან მიუნხენამდე და უკან 34 000 ევრო დაჯდა.

ჩუბინიძის თქმით, აღნიშნული თანხა პრემიერ-მინისტრის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.

ამასთან, მან განმარტა, რომ თანხა წინსწრებით არის გადახდილი და შესაძლოა “მცირედით დაკორექტირდეს” მას შემდეგ, რაც “ჯორჯიან ეარვეისი” დეტალურ ხარჯთაღრიცხვას წარმოადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი