სამართალი

უზენაესის მოსამართლე: “აღარ არის სიჩუმის და იმის დრო, რომ რაღაც ეთიკური სტანდარტებით შევიზღუდოთ”

1 აპრილი, 2024 • 3686
უზენაესის მოსამართლე: “აღარ არის სიჩუმის და იმის დრო, რომ რაღაც ეთიკური სტანდარტებით შევიზღუდოთ”

“მე ვფიქრობ, აღარ არის სიჩუმის და იმის დრო, რომ რაღაც ეთიკური სტანდარტებით შევიზღუდოთ… იმიტომ, რომ საფრთხის ქვეშ დგას ჩვენი, პირადად ჩემი და ჩემი კოლეგების დამოუკიდებლობა იმ კუთხით, რომ მავანს სურს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება”, – ეს განცხადება 11 მარტს ჩატარებული პლენუმის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს წევრმა ლევან თევზაძემ გააკეთა.

ნეტგაზეთმა გამოითხოვა უზენაესი სასამართლოს 11 მარტის პლენუმის სხდომის ოქმი და აუდიოჩანაწერი, სადაც მოსამართლეებმა მიიღეს განცხადება კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის წინააღმდეგ, რაც ბრიუსელის ერთ-ერთი რეკომენდაციაა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზაზე.

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ უზენაესი სასამართლოს ნეგატიურ პოზიციას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის შესახებ არ დაეთანხმა ამავე სასამართლოს ორი მოსამართლე, ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი.

ნეტგაზეთის მიერ სასამართლოდან გამოთხოვილი სხდომის ჩანაწერით ცნობილი ხდება ის განცხადებები, რომლებიც მოსამართლეებმა გააკეთეს.

სხდომას 22 მოსამართლე ესწრებოდა. მოსამართლეთა ნაწილი ტექსტის გამკაცრებას და უფრო მკვეთრი განცხადების გაკეთებასაც ითხოვდა.

მოსამართლე ლევან თევზაძე სხდომაზე აფიქსირებს, რომ ეწინააღმდეგება მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს და აპირებს, ამ კუთხით იაქტიუროს ფეისბუკსა და მედიაში.


“ამ “ვეტინგებით”… ამ რაღაც რეფორმებით ცდილობენ თავიანთი მიზნების განხორციელებას. აქედან გამომდინარე, მე ჩემს ხელთ არსებულ ყველა რესურსს,- იქნება ეს ფეისბუკი, სატელეფონო კომენტარი, პირადი ჩაწერა, – გამოვიყენებ იმისათვის, რომ დავიცვათ განცხადების სულისკვეთება იქნება თუ სასამართლოს დამოუკიდებლობა. მე ეთიკური სტანდარტებით ნამდვილად აღარ ვაპირებ შევიზღუდო და ვაიმე დედა, ვერ მივცემ განმარტებას და კომენტარს”, – ამბობს მოსამართლე თევზაძე.

გაიგეთ მეტი

ათამდე მოსამართლე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ემხრობა

ათამდე მოსამართლე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ემხრობა

კატეგორიულად მიუღებელია კეთილსინდისიერების შემოწმება… საერთოდ წავალ სისტემიდან — ქადაგიძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი