საზოგადოება

ჩუბინიძის თქმით, ღარიბაშვილის ფრენისთვის 34 000 ევრო მამამისმა გადაიხადა

12 სექტემბერი, 2023 • 10751
ჩუბინიძის თქმით, ღარიბაშვილის ფრენისთვის 34 000 ევრო მამამისმა გადაიხადა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მგზავრობა სახელმწიფოს კუთვნილი თვითმფრინავით თბილისიდან მიუნხენამდე და მიუნხენიდან თბილისამდე 34 000 ევრო დაჯდა და აღნიშნული თანხა პრემიერ-მინისტრის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.

ჩუბინიძის თქმით, თანხა წინსწრებით გადახდილია და შესაძლებელია დაკორექტირდეს:

„მინდა, საზოგადოებას დავუდასტურო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე გაკეთებულია შენატანი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებულ ხარჯებს. შენატანი გაკეთებულია კერძო პიროვნების მიერ და ეს თანხა არის 34 ათასი ევროს ეკვივალენტი ლარში.

თანხა წინსწრებით გადახდილია და შესაბამისად, სავარაუდოა, შესაძლებელია იგი მცირედით დაკორექტირდეს მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ წარმოგვიდგენს დეტალურ ხარჯთაღრიცხვას. წარმოდგენისთვის სჭირდება ხოლმე დაახლოებით რეისის შესრულებიდან თვე-ნახევარი. წარმოდგენისთანავე ჩვენ მოვახდენთ ანგარიშსწორებას. გადახდილი თანხა სრულად უზრუნველყოფს მიმდინარე ხარჯს და არის გარკვეული ფასნამატიც.

რაც შეეხება საბიუჯეტო გადასახადებს, საზოგადოებას მინდა, დავუდასტურო, რომ საწყის ეტაპზე, დავალების მიცემის მომენტში, ნათლად იყო მითითებული, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა არასაბიუჯეტო სახსრებიდან. საზოგადოებას დღეს ვუდასტურებ, რომ ანგარიშსწორება განხორციელდა კერძო პიროვნების მიერ და ეს პიროვნება ტარიელ ღარიბაშვილია“, – ნათქვამია ანზორ ჩუბინიძის განცხადებაში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ ავრცელებს.

ანონსი იმის შესახებ, რომ ანზორ ჩუბინიძე განმარტების გაკეთებას გეგმავდა არ გავრცელებულა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა კომენტარი მხოლოდ „იმედს“, „რუსთავი 2-ს“, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და „პოსტივის“ მისცა. ჩუბინიძის უწყება ამ დრომდე არ პასუხობს ნეტგაზეთის კითხვებს ზემოხსენებულ ფრენებთან დაკავშირებით.

ირაკლი ღარიბაშვილის მამის ქონების საკითხი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ უკანასკნელმა შვილს 2 წლის განმავლობაში 300 000 ლარი აჩუქა.

ტელეკომპანია „პირველმა“ დედოფლისწყაროში მდებარე ღვინის ქარხანაზე მოამზადა რეპორტაჟი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ქარხნის მფლობელი კომპანიის 50% მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის სახელზე გადაფორმდა.

ტარიელ ღარიბაშვილი დედოფლისწყაროს სოფელ ხორნაბუჯშია რეგისტრირებული. ამავე სოფელშია ამ ღვინის კომპანიის, “ქართული ფესვების” იურიდიული მისამართიც.

“ტვ პირველის” თანახმად, ეს კომპანია, სახელწოდებით “ქართული ფესვები”, წლების მანძილზე ისედაც ირაკლი ღარიბაშვილის მამას ეკუთვნოდა, თუმცა, სავარაუდოდ, ფიქციურ პირებზე ჰქონდათ გაფორმებული.

„ნოდარ მელაძის შაბათის“ ინფორმაციით, რომელსაც არც საქართველოს მთავრობაში უარყოფენ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.

ტელეარხის ცნობით, მან უფროსი შვილი, 18 წლის ნიკოლოზ ღარიბაშვილი ჯერ მიუნხენში ჩაიყვანა სამთავრობო თვითმფრინავით, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებისკენ გზა სამგზავრო თვითმფრინავით გააგრძელა.

კერძოდ, რეპორტაჟის ავტორების თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად სამთავრობო ბორტით მიუნხენში გაფრინდა, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ამასთან, ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის და მისი ოჯახის წევრების მიუნხენში ჩაყვანის შემდეგ სამთავრობო ბორტი საქართველოში არ დაბრუნებულა და 28 აგვისტომდე მიუნხენში იცდიდა, რათა ღარიბაშვილი უკან, საქართველოში ჩამოეყვანა.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

ღარიბაშვილმა შვილი სასწავლებლად სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა — რა ვიცით

როგორ ვიქირაოთ სახელმწიფოსგან თვითმფრინავი?

მასალების გადაბეჭდვის წესი