2021-2022 წლებში შვილისთვის ნაჩუქარი 300 ათასი ლარი, ასევე სამთავრობო თვითმფრინავის დაქირავებისთვის გადახდილი 34 ათასი ევრო — ეს არის თანხის ის რაოდენობა, რომელიც, ოფიციალური ცნობებით, 71 წლის ტარიელ ღარიბაშვილმა შვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მხოლოდ ბოლო პერიოდში დაახარჯა.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, პრემიერ-მინისტრს შვილის სასწავლებლად წასაყვანად სამთავრობო თვითმფრინავი სწორედ მამამ დაუქირავა.
გარდა შეკითხვისა, რამდენად ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილს ბორტი #1-ის პირადი მიზნებისთვის გამოყენების უფლება, შეკითხვები გაჩნდა იმასთან დაკავშირებითაც, თუ როგორ მოახერხა პრემიერ-მინისტრის მამამ შვილისთვის ამ ფულის გადახდა.
ოფიციალურად, ტარიელ ღარიბაშვილი მხოლოდ ღვინის ერთ კომპანიაში ფლობს წილის 50%-ს. სხვა ბიზნესში მისი მონაწილეობა არ ფიქსირდება. რაიმე სახის ქონებას არ ფლობს ღარიბაშვილის დედა მარინა ყორანაშვილი.
“ნეტგაზეთი” შეეცადა დაედგინა, რა ქონებას ფლობს ტარიელ ღარიბაშვილი.
როგორ შეაგროვა ტარიელ ღარიბაშვილმა ქონება
პრემიერ-მინისტრის მამის საკუთრებაში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ჯამში, 4.5 ჰექტარი მიწის ფართობია. მისი ნაკვეთების ნაწილს სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) სტატუსი აქვს, ნაწილი კი საკარმიდამოა. ტარიელ ღარიბაშვილმა მიწების შესყიდვა 2014 წლიდან დაიწყო, მან თავისი სახლის მიმდებარედ მეზობლების ნაკვეთებიც შეიძინა.
2013 წელს, ambebi.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ტარიელ ღარიბაშვილი იხსენებდა, რომ შვილი სასწავლებლად საფრანგეთში მეგობრების შეგროვებული ფულით გაუშვა, საფრანგეთში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი კი მიმტანად მუშაობისას ოჯახს ფინანსურად ეხმარებოდა.
2013 წლის ნოემბერში, 31 წლის ასაკში, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრად დაინიშნა.
საჯარო რეესტრის თანახმად, 2023 წლის თებერვალში ღვინის მწარმოებელ კომპანია “ქართულ ფესვებში” 50%-იანი წილი შეიძინა, რაშიც 200 000 ლარი გადაიხადა.
ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, შპს “ქართულ ფესვებს” შესყიდვის მომენტში გააჩნდა “სოლიდური დავალიანება საბანკო დაწესებულების მიმართ”.

მანამდე, ერთი წლით ადრე, მაშინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციის თანახმად, მშობლებს მისთვის 150 ათასი ლარი ჰქონდათ ნაჩუქარი, TV პირველმა საგამოძიებო სიუჟეტი მოამზადა, სადაც ნათქვამი იყო, რომ აღნიშნული კომპანია სწორედ პრემიერ-მინისტრის მამას ეკუთვნოდა, თუმცა ფიქტიურ მფლობელებად სხვა პირები ჰყავდა გაფორმებული. 2022 წლის მარტში ამას უარყოფდა კომპანიის ოფიციალური მფლობელის მამა, ნუგზარ ალუღიშვილი.
იმას, რომ ღარიბაშვილი “ქართული ფესვების” თანამესაკუთრე იყო, ნუგზარ ალუღიშვილი ტელეკომაპანიასთან 2023 წლის 7 თებერვლის შემდეგაც უარყოფდა, ანუ მაშინ, როდესაც საჯარო რეესტრში ტარიელ ღარიბაშვილი კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელად უკვე გაფორმებული იყო.
საჯარო რეესტრის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილის მამას სხვა ბიზნესი არ აქვს. ამ წილის შეძენამდე კი, მაშინ, როდესაც ტარიელ ღარიბაშვილის სახელზე ოფიციალურად არც ერთი კომპანია არ იყო გაფორმებული, მშობლებმა ირაკლი ღარიბაშვილს 2021-2022 წლებში 300 ათასი ლარი აჩუქეს.
ღვინის კომპანიაში წილის შეძენიდან ერთ თვეში ტარიელ ღარიბაშვილმა მეზობლის სახლ-კარი და მიწაც შეიძინა.
რას საქმიანობს “ქართული ფესვები”
შპს “ქართული ფესვები” ღვინის მწარმოებელი კომპანიაა. ის 2019 წელს შეიქმნა. თავდაპირველად მისი 100%-იანი წილის მფლობელად ნუგზარ ალუღიშვილის შვილი, თამარ ალუღიშვილი იყო გაფორმებული, დირექტორად კი- ნათია ლობჯანიძე.
TV პირველის თანახმად, 2022 წელს ნათია ლობჯანიძე ტელეკომპანიასთან ამბობდა, რომ კომპანიას ის და თამარ ალუღიშვილი მართავდნენ. თუმცა მის დირექტორის თანამდებობაზე ყოფნას უარყოფდა მისი სიმამრი, რომელიც აცხადებდა, რომ ნათია ლობჯანიძე მხოლოდ ხორბლის სინჯებს იღებდა და ეს იყო მისი სამსახური.
“ნეტგაზეთი” შეეცადა კომპანიის შემოსავლები ანგარიშგების პორტალზე, Reportal.ge-ზე გადაემოწმებინა, თუმცა “ქართული ფესვების” ანგარიშგება გასაჯაროებული არ არის. ეს იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც კომპანია მეოთხე კატეგორიის საწარმოს განეკუთვნება, ანუ ქვემოთ ჩამოთვლილი სამი კრიტერიუმიდან აკმაყოფილებს სულ მცირე ორს:
ა) აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს არ აღემატება;
ბ) შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება.
კომპანიის შემოსავლების შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებში არ იძებნება. ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც “ქართული ფესვების” მიმდინარე წლის შემოსავლების შესახებ იძებნება, არის “მოსავლის მართვის კომპანიასთან” გაფორმებული ხელშეკრულება.
აღნიშნული ხელშეკრულება მიმდინარე წლის 29 აგვისტოს გაფორმდა, თუმცა, როგორც ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მოგვიანებით განაცხადა, 1 სექტემბერს “ქართულ ფესვებთან” ხელშეკრულება გაუქმდა:
“დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ყურძნის არსებული მარაგებიდან და კერძო სექტორის აქტიურობიდან გამომდინარე, არ გახდა საჭირო “ქართული ფესვების” ჩართვა პროცესში და 1 სექტემბერს მას გაუუქმდა ხელშეკრულება.
მოსავლის მართვის კომპანიაში აცხადებენ, რომ “ქართულ ფესვებს” არცერთი კილოგრამი ყურძენი არ ჩაუბარებია, არ მიუღია არანაირი თანხა და, შესაბამისად, ამ ეტაპზე არ არსებობს არც ხელშეკრულება”, — ნათქვამია მოსავლის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
რატომ არის საეჭვო, რომ ღარიბაშვილებმა რამდენიმესაათიან ფრენაში 35 ათასი ევრო გადაიხადეს
ანზორ ჩუბინიძის განცხადებამ, რომ პრემიერ-მინისტრს სამთავრობო თვითმფრინავი პირადი მიზნებისთვის მამამ უქირავა, შეკითხვები გააჩინა საზოგადოებაში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერის, სანდრო ქევხიშვილის თქმით, ამ თანხების წარმომავლობასთან დაკავშირებით დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება უნდა დაინტერესდეს, რადგან ტარიელ ღარიბაშვილი ქონების დაგროვებას სწორედ 2014 წლიდან იწყებს, ანუ იმ პერიოდში, როდესაც მისი შვილი უმაღლესი თანამდებობის პირი ხდება.
“ვხედავთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მამა ყოველწლიურად 150 ათას ლარს ჩუქნის პრემიერ-მინისტრს და სწორედ ამით ბალანსდება ხარჯები, რომ დეკლარაციაში მისი გასავალი არ აღემატებოდეს შემოსავალს. თვითმფრინავის შემთხვევაშიც ის არგუმენტია გამოყენებული, რომ მისი ხარჯები მამამისმა დააფინანსა.
შესაძლოა, მამამისს მართლაც აქვს ეს თანხები, თუმცა რეალურად კითხვის ნიშნებს აჩენს ამ თანხების წარმომავლობა და იმ ქონების დაგროვება, რაც ტარიელ ღარიბაშვილმა 2014 წლიდან დაიწყო.
აქამდე რა ჟურნალისტური გამოძიებაც ჩატარებულა, საიდანაც იკვეთება დროში დამთხვევები და სხვა ტიპის გარემოებები, უკვე საკმარისია იმის სათქმელად, რომ აქ საქმე გვაქვს არა კეთილსინდისიერ პენსიონერთან, რომელიც ბიზნესით ახერხებს ქონების დაგროვებას, არამედ ძალიან სერიოზულ კორუფციული ბრალდებების მქონე პრემიერ-მინისტრის მამასთან, რომლის მიმართაც ცალკე კითხვის ნიშნები არსებობს. ამიტომ, სავარაუდოა, რომ თანხების წარმომავლობაც არ იყოს კეთილსინდისიერი”, – განმარტა ქევხიშვილმა.
მის მსგავსად, ტარიელ ღარიბაშვილის ფინანსებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ პოლიტიკოსებსაც. ერთ-ერთია პარტია “ლელოს” წარმომადგენელი, საბა ბუაძე, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჩუბინიძის დღევანდელი განცხადება მათ შეკითხვებს პასუხს არ სცემს:
“მოსალოდნელი იყო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ფრენის დაფინანსების წყაროდ მამის მიერ თანხის ჩუქებას დაასახელებდა, მაგრამ ანზორ ჩუბინიძის ეს განცხადება ჩვენ კითხვებს პასუხს არ სცემს:
ტარიელ ღარიბაშვილმა 2023 წელს:
- შპს “ქართული ფესვების” 50%-იანი წილი 200 ათას ლარად იყიდა (თებერვალში);
- მინიმუმ 100 ათასი ლარით დააფინანსა მიუნხენში კომერციული ფრენა (აგვისტოში);
- არჩინა საკუთარი ოჯახი;
- 2021 წელს 150,000 ლარი აჩუქა ირაკლი ღარიბაშვილს;
- 2014 წლიდან დღემდე შეიძინა რამდენიმე ათეული ათასი კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთები დედოფლისწყაროში.
ტარიელ ღარიბაშვილი პენსიონერია, რომელიც დედოფლისწყაროში რამდენიმე ჰექტარ მიწას ფლობს და ხორბლის ბიზნესით არის დაკავებული. 2012 წლამდე ღარიბაშვილის მამა სოფლის რწმუნებულის პოზიციაზე მუშაობდა;
ჩნდება კითხვა, საიდან აქვს ეს ქონება და რამდენად ლეგალური გზებით არის დაგროვილი?
დარწმუნებული ვარ, მალე კიდევ უფრო მეტი მსგავსი ინფორმაცია გახდება ცნობილი და უფრო ცხადად დაინახავს ყველა ღარიბაშვილის კორუმპირებულ სახეს და მისი კლანის განშტოებებს”, — დაწერა ბუაძემ.
რაც შეეხება “ქართული ოცნებას”, მმართველი პარტიის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრის მიერ იმ თვითმფრიანვის პირადი მიზნებისთვის გამოყენებას, რომელიც, როგორც წესი, ხელისუფლების უმაღლესი პირები ოფიციალურ ვიზიტებზე იყენებენ, პრობლემას ვერ ხედავენ.
„შრომობენ… არ მუქთახორობენ… რატომ გვშურს?!“ — განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ აღნიშნულ საკითხზე საუბრისას.
მისი თქმით, გასაკვირი არაა, რომ ტარიელ ღარიბაშვილმა თბილისიდან მიუნხენამდე და მიუნხენიდან თბილისამდე რამდენიმესაათიან ფრენაში 34 000 ევრო გადაიხადა.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა კი შეკითხვას, თუ საიდან ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პენსიონერ მამას იმხელა თანხა, რომ შვილისთვის სახელმწიფოს კუთვნილი თვითმფრინავი დაექირავებინა, უპასუხა, რომ “ყველაფერი არის სუფთა” და “ყველაფერს გავიგებთ”, როცა პრემიერის დეკლარაცია გამოქვეყნდება. აღნიშნული დეკლარაციის გამოქვეყნების ვალდებულება ღარიბაშვილის 2024 წლის ოქტომბრამდე არ აქვს.
თუმცა ღარიბაშვილის ქონებრივი დეკლარაცია ვერ გასცემს მთავარ კითხვას პასუხს, საიდან აქვს პრემიერ-მინისტრის მამას თვითმფრინავის დასაქირავებელი და ასევე, შვილისთვის ყოველწლიურად საჩუქრად მისაცემი ასიათასობით ლარი, როცა მის ბალანსზე ოფიციალურად მხოლოდ 4.5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთია კახეთში და ასევე, არცთუ ისე მსხვილი კომპანიის 50%-იანი წილი?
ამავე თემაზე ნახეთ:








