ახალი ამბები

სასწრაფოს 3 თანამშრომელი დააკავეს „ევექსიდან“ ქრთამის აღების ბრალდებით

29 მარტი, 2024 • 1979
სასწრაფოს 3 თანამშრომელი დააკავეს „ევექსიდან“ ქრთამის აღების ბრალდებით

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იტყობინება 2020-23 წლებში სასწრაფო დახმარების ცენტრისა და „ვიანის“ (ყოფილი „ევექსი ჰოსპიტლები“) წარმომადგენლებს შორის უკანონო გარიგებაზე, რომლის საფუძველზეც, ავადმყოფთა გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას ახდენდნენ არა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში, არამედ „ევექსი ჰოსპიტლებისადმი“ დაქვემდებარებულ კლინიკებში.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით სუსმა დააკავა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ამჟამად უკვე ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი, ხოლო უკანონო ქრთამის მიცემისთვის „ვიანის“ ორ წარმომადგენელს ბრალი წაუყენა.

ამ დროისთვის ისინი თანამდებობიდან გათავისუფლებული არიან. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული პირების მუშაობის პერიოდთან დაკავშირებულ საკითხებზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან.

გამოძიების თანახმად, ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის მოადგილე თ. მ. და ჰოსპიტალიზაციის მენეჯერები – ნ. კ. და რ. ც., თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, კორუფციულ გარიგებაში შევიდნენ „ვიანის” წარმომადგენელ ნ. ჟ-სა და მ. ხ-სთან და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, პაციენტთა ელექტრონული მართვის პროგრამაში ხელოვნური ჩარევით, ავადმყოფთა გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას ახდენდნენ არა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში, არამედ სააქციო საზოგადოება „ვიანისადმი” დაქვემდებარებულ კლინიკებში.

სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით, 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში, გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამმა თანამშრომელმა კლინიკებისგან ქრთამის სახით, ჯამში, 532 126 ლარი მიიღეს. თავის მხრივ, კლინიკების წარმომადგენელმა, ნ. ჟ-მ მოხელეთათვის ქრთამის მიცემის გზით პაციენტების მოზიდვისათვის ბონუსის სახით მიიღო 149 010 ლარის, ხოლო მ. ხ-მ — 76 771 ლარის შემოსავალი.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ბრალდებით, სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“, მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს, ხომ არ დადგება ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ ზურაბ აზარაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლის მინისტრობის დროსაც ჰქონდა ადგილი ზემოაღნიშნულ შემთხვევებს.

„ზურაბ აზარაშვილი არაფერ შუაშია“, — თქვა ირაკლი კობახიძემ.

კორუფციასთან ბრძოლა კი, კობახიძის თქმით, მუდმივი საქმეა და მთავრობის მიზანია, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით საქართველო ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოხვდეს.

„სახელმწიფო სისტემა არის ძალიან მსხვილი სუბიექტი, სადაც მუშაობს ათიათასობით ადამიანი და არ არსებობს ქვეყანა, სადაც არ გვაქვს კორუფციის შემთხვევები. ისეთი ქვეყნებიც კი, რომლებიც მოწინავეები არიან კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნები და ა.შ., იქაც კი აქვთ კორუფცია სხვადასხვა დონეზე. შესაბამისად, აქ საუბარი მინისტრის პასუხისმგებლობაზე, მე მგონია, აბსოლუტურად არასწორია. შესაბამისი პირების მიმართ დაიწყო სათანადო სამართლებრივი პროცედურები. დანარჩენი ამის მიღმა არის სპეკულაციები“, — განაცხადა პრემიერმა.

„ვიანი“ აცხადებს, რომ გამოვლენილ თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, პირველივე დღიდან აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებასთან. კომპანია განმარტავს, რომ საქმეში ბრალდებული პირები არ იყვნენ „ვიანის“ თანამშრომლები — მათი, როგორც გარე კონტრაქტორების მუშაობის სქემა კომპანიისთვის სრულებით უცნობი იყო, რამაც ვიანს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

„ვიანი“ განაგრძობს თანამშრომლობას შესაბამის სამსახურებთან და, თავის მხრივ, აპირებს გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა დარღვეული უფლების აღდგენისა და მიყენებული ზიანის კომპენსირების მიზნით. კომპანიის მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება“, — აცხადებს „ვიანი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი