საზოგადოება

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს

23 იანვარი, 2024 • 865
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების გაშუქების დროს დაკავებული ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი თავისუფალია.

გელა მთივლიშვილის თქმით, მან პოლიციის სამმართველო ხელწერილის საფუძველზე დატოვა.

თუმცა  ჟურნალისტი დაკავებისას პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს. მისი თქმით, პოლიციის მანქანაში რამდენიმე სამართალდამცავმა მასზე ფიზიკურად იძალადა.

„თბილისში არსებული საცობის გამო, კეკელიძის ქუჩაზე მივედი დაგვიანებით. როდესაც მივედი პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად, პოლიციის დანაყოფები უკვე შესული იყვნენ ამ ბინაში, იქიდან გამოყრილი ჰყავდათ ადამიანები და გარეთ მყოფ აქტივისტებს, რომლებიც იქ მიმდინარე პროცესებს აპროტესტებდნენ, აკავებდნენ. მე აქციასთან არანაირი საერთო არ მქონია, არც შიგნით ვყოფილვარ, არც არავისთვის შემიშლია ხელი. როდესაც მივედი, დაახლოებით 2-3 წუთის შემდეგ ერთ-ერთი ახალგაზრდის დაკავების პროცესს მივყევი ბოლომდე, ვიდრე მას მანქანაში შეტენიდნენ. ვხედავდი, პოლიციის თანამშრომლები როგორ ახდენდნენ მასზე ფიზიკურ ზეწოლას. ის ახალგაზრდა წინააღმდეგობას არ უწევდა, მაგრამ მაინც ძალადობდნენ.

როდესაც დამინახეს, რომ ტელეფონით ვიღებდი ამ ყველაფერს, ერთ-ერთმა პოლიციელმა მკრა ხელი და მიმახეთქა ხეს. როდესაც ვუთხარი, რას აკეთებ, ჟურნალისტი ვარ, რატომ მირტყამ-მეთქი, ამის შემდეგ გამწარდნენ, სხვა არაფერი მითქვამს და შემაგდეს პოლიციის მანქანაში. რამდენიმე პოლიციელი დამეხვია. ისეთი ძალით შემაგდეს პოლიციის მანქანაში, რომ იატაკზე დავვარდი, სავარძელზე ვერ დავჯექი. რადგან იატაკზე დავვარდი, ადგომა ხომ მჭირდებოდა და ეგონათ, წინააღმდეგობას ვუწევდი და ყვიროდნენ, წინააღმდეგობას გვიწევსო. ვეუბნებოდი, რომ ნუ ძალადობდნენ, რადგან მე თავად დავჯდებოდი და გავყვებოდი, დავემორჩილებოდი, არანაირი პრობლემა არ მქონდა. კიდევ ერთხელ განვუმარტე, რომ ჟურნალისტი ვიყავი“, – აცხადებს გელა მთივლიშვილი.

როგორც გელა მთივლიშვილი ამბობს, მისთვის პოლიციას დაკავების მიზეზი არ განუმარტავს, ხოლო როცა თავად მოითხოვა განმარტება, მათგან პასუხად აგრესია მიიღო.

„ჩვეულებრივი ველურებივით იქცეოდნენ. ვწუხვარ ასეთი ტიპის შეფასებისთვის. მეგონა, მახრჩობდნენ, პირველად აღმოვჩნდი ასეთ სიტუაციაში ამ ხელისუფლების პირობებში, მაგრამ დაკავების ასეთი ამბავი, მით უფრო ჟურნალისტის მიმართ, არ მახსოვს. რაღაც მომენტში ცოტა გავიაზრე, რომ რამე არ დაემართათ, რამე არ ჩაერტყათ, ისეთი აგრესიულები იყვნენ.

მერე ერთ-ერთმა პოლიციელმა, რომელიც ასაკით უფროსი და შედარებით გამოცდილი ჩანდა და ჩემთან ერთად დაკავებულებმაც სცადეს, რომ ეს პოლიციელები დაეშოშმინებინათ. კეკელიძის ქუჩაზე დაახლოებით 40 წუთი დამაყოვნეს. ამ ხნის განმავლობაში ვითხოვდი განმარტებას. ერთადერთი, რასაც იმეორებდნენ, პოლიციას შევუშალე ხელი, ოღონდ რაში, [განმარტება] არ ყოფილა“, – აცხადებს გელა მთივლიშვილი.

ჟურნალისტის თქმით, დაკავებისას ცუდად გახდა და ექიმის დახმარება მოითხოვა, თუმცა მას სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს.

„რაღაც მომენტში ავად გავხდი და ვითხოვე ექიმის დახმარება, მაგრამ არ მომცეს საშუალება. მერე აქ [განყოფილებაში] დამხვდა ადვოკატი. როცა აქ მომიყვანეს, პირველი ნაწილი იყო დამამცირებელი, მომმართავდნენ ცუდი სიტყვებით. აგრესიას გამოხატავდნენ პროფესიული საქმიანობის გამო, მაგალითად, [მომმართავდნენ] „პროვოკატორი“ „ინტრიგანი“ „მოაშორეთ აქედან“. კამერები რომ მოვიდნენ, განსაკუთრებით აგრესიულები გახდნენ. მერე რაღაცნაირად დასტაბილურდა სიტუაცია და ახლა ხელწერილით გამომიშვეს“, – განაცხადა გელა მთივლიშვილმა.


მედიის ადვოკატირების კოალიციის შეფასებით, 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან გამოსახლების პროცესის გაშუქებისას ჟურნალისტების ფუნდამენტური უფლებები დაირღვა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი