საზოგადოება

მანქანის დაზიანებაში ბრალდებულ ხასაიასა და ჩიქობავას აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს

25 იანვარი, 2024 • 1205
მანქანის დაზიანებაში ბრალდებულ ხასაიასა და ჩიქობავას აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს

გამოსახლების საქმეზე დაკავებულ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ დღეს, 25 იანვარს მიიღო. ბრალდებულებისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებას პროკურორი როინ ხინთიბიძე ითხოვდა, დაცვის მხარე — 2000-2000- ლარიან გირაოს.

ბრალდების მხარის მტკიცებით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს 3 380 ლარის ზიანი მიადგა ბრალდებულების მხრიდან მანქანის დაზიანების გამო.

აკაკი ჩიქობავას განცხადებით, ბრალს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებს, ანუ აღიარებს ფაქტს, მაგრამ არ აღიარებს, რომ დანაშაული ჯგუფურად ჩაიდინეს.

მოძრაობა „ხმის“ წევრებს, გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას, რომლებიც 23 იანვარს კეკელიძეზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წაუყენა.

უწყებამ ხასაიას და ჩიქობავას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მე-2 ნაწილის  ქვეპუნქტით წაუყენა, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. გამოძიება მათ ედავება აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის ფანჯრის ჩამტვრევას. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში ითვალისწინებს 3-დან 6 წლამდე პატიმრობას.


23 იანვარს აღსრულების პოლიციამ კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების პროცედურა დაახლოებით 11 საათიდან დაიწყო. ბინაში შესასვლელად აღსრულების თანამშრომლებმა კარი სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით შეანგრიეს და იქ მყოფი ადამიანები გარეთ ძალის გამოყენებით გამოყარეს.

გამოსახლების პარალელურად, კეკელიძის ქუჩაზე მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი.

ფეისბუკით გაშვებული პირდაპირი ეთერის წაყვანისას, პოლიციელებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს “მაუწყებლის” ჟურნალისტი მისი კუთვნილი მანქანიდან და მისთვის ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა სცადეს.

24 იანვარს გამოსახლების პროცედურა დაგეგმილი იყო ცოტნე დადიანის 259 ნომერში, სადაც 2008 წლის ომის ვეტერანი მაია კაკიაშვილი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს და აღსრულების პოლიციას ისიც მხარდამჭერებთან ერთად ელოდა. მისი გამოსახლება გადაიდო რამდენიმე თვით (არაუმეტეს 6 თვისა). სახლთან შეკრებილ მხარდამჭერებს შეუერთდა წინა დღეს დაკავებული აქტივისტი გიორგი ღვინჯილია.

26 იანვარს გამოსახლების პროცედურა დაგეგმილია ზანდუკელის ქუჩის ორ ნომერში, სადაც გუჯა ბალახაძის ოჯახი ცხოვრობს.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი