საზოგადოება

“შეთანხმება შედგა” – ხატიაშვილებს ბინის დაბრუნება $90 ათასად შეეძლებათ

25 იანვარი, 2024 • 9893
“შეთანხმება შედგა” – ხატიაშვილებს ბინის დაბრუნება $90 ათასად შეეძლებათ

კეკელიძის ქუჩიდან გამოსახლებულ ხატიაშვილების ოჯახს კერძო გამსესხებელი დარეჯან დვალი (ე.წ. მევახშე) 90 ათასი დოლარის ნაცვლად ბინის დაბრუნებას სთავაზობს.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მხარეებმა შეთანხმებას ხელი გუშინ, 24 იანვარს, მოაწერეს და ახლა დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებაა დარჩენილი.

აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სოფიო ლოქაბიძე აცხადებს, რომ მხარეებმა ორივე მათგანისათვის „სასარგებლო გადაწყვეტილება“ მიიღეს.

„ამ კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება, ჩვენ ვნახეთ, რომ მიუხედავად საქმის სირთულისა, მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა პოზიციები საკმაოდ დაპირისპირებული იყო, ბიუროს აქტიური ჩართულობით და ძალიან დიდი სურვილის შედეგია სწორედ ის, რაც უკვე გაჟღერდა, რომ ამ კონკრეტულ საქმეზეც საბოლოოდ გამოინახა კონსენსუსის სივრცე, სადაც მხარეებმა მიიღეს ორივე მათგანისათვის სასარგებლო გადაწყვეტილება“, – განაცხადა ლოქაბიძემ.

დარეჯან დვალის ადვოკატის გიორგი სუხიტაშვილის განცხადებით, დვალი ასევე ითხოვს, რომ მის მიმართ „ბულინგი შეწყდეს“.

„ორივე მხარის ხელმოწერა არის დაფიქსირებული მორიგებაზე. პირობები არის შემდეგი: 90 ათასი დოლარის ოდენობით უნდა გამოისყიდოს ამ პიროვნებამ ეს სახლი, მას ეძლევა 1 თვის ვადა, ამის სანაცვლოდ ის დებს პირობას, რომ ის და მისი მხარდამჭერები შეწყვეტენ მუქარას, ზეწოლას, შანტაჟს და ფსიქოლოგიურ წნეხს ქალბატონ დარეჯან დვალზე“, – აცხადებს გიორგი სუხიტაშვილი „ფორმულასთან“ სატელეფონო ინტერვიუში.

„ფორმულასთან“ ინტერვიუში მარინა ხატიაშვილმა განაცხადა, რომ მის ოჯახს 70 ათასი დოლარი აქვს და სჭირდება 20 ათასი დოლარის მობილიზება.

„ჩვენ გვაქვს 70 ათასი და ახლა 20 ათასის მობილიზაცია ან ისევ სესხება მოგვიწევს. არ ვიცი, როგორ იქნება”, – ამბობს ხატიაშვილი.

რაც შეეხება პირობას, რომ უნდა შეწყდეს დარეჯან დვალის ბულინგი, ის ამბობს:

“მე და ჩემს ოჯახს არასდროს არ გვქონია მათი დაბულინგების სურვილი… ახლა მე ვერ შევაჩერებ ამ აღელვებულ ხალხს. მე როგორ უნდა გავაჩერო? – გადავთხარეთ როკის უღელტეხილი, ავაფეთქეთ მთის ძირები და ახლა მოდის ზვავები, მორჩა. როგორ უნდა შევაჩერო?”, – განაცხადა „ფორმულასთან“ მარინა ხატიაშვილმა.


23 იანვარს აღსრულების პოლიციამ კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების პროცედურა დაახლოებით 11 საათიდან დაიწყო. ბინაში შესასვლელად, აღსრულების თანამშრომლებმა კარი სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით შეანგრიეს და იქ მყოფი ადამიანები გარეთ ძალის გამოყენებით გამოყარეს.

გამოსახლების პარალელურად, კეკელიძის ქუჩაზე მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი.

ფეისბუკით გაშვებული პირდაპირი ეთერის წაყვანისას, პოლიციელებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს “მაუწყებლის” ჟურნალისტი მისი კუთვნილი მანქანიდან და მისთვის ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა სცადეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ, ჯამში, 20 ადამიანი დააკავა.

უწყების ცნობით, 18 პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ორი კი- სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი