საზოგადოება

გამოსახლება კეკელიძეზე: „მაუწყებლის“ ჟურნალისტებს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

15 მარტი, 2024 • 1407
გამოსახლება კეკელიძეზე: „მაუწყებლის“ ჟურნალისტებს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

ონლაინ პლატფორმა „მაუწყებლის“ 5 ჟურნალისტს პროკურატურამ მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, მოქალაქის გამოსახლებისას განვითარებული პროცესების გამო. ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, „მაუწყებლის“ ჟურნალისტები — ნათია ქარჩილაძე, ანი გიორგაძე, რატი რატიანი, ზაზა ქარჩილაძე და გიორგი არობელიძე — 12 მარტს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებების გაცნობის მიზნით მივიდნენ.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აცხადებს, 2024 წლის 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ოჯახის გამოსახლების პროცესის გაშუქებისას, „მაუწყებლის“ ჟურნალისტებს უკანონოდ შეეშალათ ხელი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.

„ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ როგორც აღსრულების პოლიციის თანამშრომლები, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან გამოიკვეთა სამსახურებრივი უფლებამოსილების  გადამეტების ფაქტები, კერძოდ, ჟურნალისტებს ურტყამდნენ ხელებს და ფეხებს. ერთ-ერთ ჟურნალისტს არაერთხელ წაართვეს კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომლითაც ის ახორციელებდა პროფესიულ საქმიანობას. ასევე, ძალადობის შედეგად, დაზიანდა ონლაინ მედიაპლატფორმა „მაუწყებლის“ ძვირადღირებული კამერა და ტელეფონის დამჭერი.

თითოეულ ჟურნალისტს ჰქონდა შესაბამისი სამკერდე ნიშანი, რომელიც მიუთითებდა მათ პროფესიულ საქმიანობაზე. ამის მიუხედავად, სამართალდამცავების მხრიდან მათზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა არ შეწყვეტილა“, — ნათქვამია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ 15 მარტის განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, მათმა იურისტმა 2024 წლის 28 თებერვალს მოითხოვა ჟურნალისტების დაზარალებულად ცნობა. შედეგად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მედიის ხუთივე წარმომადგენელს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი.

დაზარალებული ჟურნალისტები სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით იქნენ ცნობილი, რაც გულისხმობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, ესე იგი მის იძულებას, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან. ამასთან, სამი ჟურნალისტი დაზარალებულად ცნეს ამავე კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის კვალიფიკაციითაც, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს.

კეკელიძის ქუჩაზე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს შეურაცხყოფა, დააკავეს და შემდეგ 2 ათასი ლარით დააჯარიმეს „მთის ამბების“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი. ის მას შემდეგ უშედეგოდ ითხოვს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასა და საკუთარი საქმის ცალკე გამოყოფას.

როგორც მთივლიშვილმა „ნეტგაზეთს“ განუცხადა, ამ დრომდე მისი არც ერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი