თბილისში, კეკელიძის ქუჩის 1-ში აღსრულების პოლიცია ხატიაშვილების ბინაში კარის შენგრევის შემდეგ შევიდა, საიდანაც დღეს ოჯახის გამოსახლება იყო დაგეგმილი. აღსრულების პოლიციის წარმომადგენლებს ამ წუთებში ბინაში მყოფი ადამიანები გარეთ ძალის გამოყენებით გამოჰყავს.

ხატიაშვილების ოჯახის წევრები, მეგობრები და აქტივისტები ბინაში შიგნით იყვნენ გამაგრებული. გამოსახლების წინა, სხვა მცდელობებისას აღსრულების პოლიციამ ბინაში შესვლა ვერ შეძლო და გამოსახლება რამდენჯერმე გადაიდო.

გამოსახლებისას შეუძლოდ გახდა ბინაში მცხოვრები მარინა ხატიაშვილი, რომლიც სასწრაფოს მანქანაში აიყვანეს.

გამოსახლების პროცედურა თბილისში, კეკელიძის ქუჩის 1 ნომერში აღსრულების პოლიციამ დღეს, 23 იანვარს, 10:00 საათზე დაიწყო. სოლიდარობის გამოსახატად კეკელიძის ქუჩაზე შეკრებილნი არიან ხატიაშვილების ოჯახის მხარდამჭერები.

ფეისბუკით გაშვებული პირდაპირი ეთერის წაყვანისას, პოლიციელებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს “მაუწყებლის” ჟურნალისტი მისი კუთვნილი მანქანიდან და მისთვის ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა სცადეს.

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახის გამოსახლების მოწინააღმდეგე რამდენიმე აქტივისტი, სავარაუდოდ, დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის გიორგი ღვინჯილია და ირაკლი კაკაბაძე არიან. „ნეტგაზეთი“ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას ამ წუთებში [12:15] საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

კეკელიძის N1-ში მცხოვრები ოჯახის წევრების განცხადებით, კერძო მევალეს, საერთო ჯამში, დამატებითი სარგებლის ჩათვლით, უკვე იმაზე მეტი გადაუხადეს, ვიდრე ისესხეს და ბინის დათმობას არ აპირებენ.

ხვალ, 24 იანვარს, გამოსახლების პროცედურა დაგეგმილია შალვა დადიანის ქუჩაზე, ხოლო 26 იანვარს – ზანდუკელის ქუჩაზეც.