ადგილობრივ ექსპორტში, (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) 10 თვის მონაცემებით, ჩინეთმა რუსეთს გაუსწრო და პირველი ადგილი დაიკავა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთში ადგილობრივი ექსპორტი 191%-ით, $225-დან $655 მლნ-მდე, ხოლო რუსეთში 1.6%-ით $570-დან $579 მლნ-მდე გაიზარდა.

რიცხობრივი გასწრების მიუხედავად, ჩაშლილი პროდუქციის მიხედვით, სოციალური და პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით, მდგომარეობა კვლავ წინა წლების მსგავსია, რომელიც შესაძლოა ახალმა ემბარგომ შეცვალოს.

რას ვყიდით ჩინეთში?

იანვარ-ოქტომბერში, ჩინეთში ადგილობრივი ექსპორტის მოცულობამ $655 მლნ-ს მიაღწია. პროდუქციის მიხედვით $407 მლნ-ით პირველი ადგილი ძვირფასი ლითონების კონცენტრატებმა დაიკავა. ესაა მადნები ძვირფასი ლითონის შემცველობით. 10 თვეში ძვირფასი ლითონების მადნები ექსპორტზე სულ 3 ქვეყანაში გავიდა: $407 მლნ-ის ჩინეთში, $116 მლნ-ის ბულგარეთში და $4 მლნ-ის სომხეთში.

ჩინეთში ადგილობრივ ექსპორტში მეორე ადგილი $128 მლნ-ით ნავთობპროდუქტებმა დაიკავა. ნავთობპროდუქტების ექსპორტის მკვეთრის ზრდა 2025 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში, მისი ჯამური ექსპორტი 4500%-ით 18-დან 829 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

მესამე ადგილს $84 მლნ-ით სპილენძის მადნები იკავებს. სწორედ სპილენძის მადნების ხარჯზე 2020-2022 წლებში ჩინეთს არამხოლოდ ადგილობრივ, მთლიან ექსპორტშიც პირველ ადგილზე იმყოფებოდა.

ღვინო $7.2 მლნ-ით მხოლოდ მეხუთე ადგილზეა. 2012 წელს ჩინეთში ღვინის ექსპორტი $4 მლნ-ს შეადგენდა, 2017 წელს $20 მლნ-ს გადააჭარბა, 2024 წლიდან კი ისევ $10 მლნ-ს ჩამოსცდა.

ღვინის ექსპორტი ჩინეთში (მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ადგილობრივი ექსპორტი ჩინეთსა და რუსეთში

ჩინეთი ადგილობრივ ექსპორტში თანხობრივად პირველ ადგილზე გადავიდა, მაგრამ მნიშვნელოვანია ექსპორტის სტრუქტურაც. ძვირფასი ლითონების, სპილენძის მადნებისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტში ჯამში სულ რამდენიმე კომპანიაა ჩართული. ამ კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობაც შედარებით მცირეა, მაშინ როცა მევენახეთა რაოდენობა ბევრად მეტია. ბევრად მეტია ღვინის სოციალური და პოლიტიკური დატვირთვაც. 2022 წელს ღვინის ექსპორტმა $252 მლნ შეადგინა, სპილენძის მადნებისამ 4-ჯერ მეტი $1 მლრდ. ეს ამბავი საინფორმაციო გამოშვებებში არ მოხვედრილა და არც მთავრობის წევრებს აღუნიშნავთ სიამაყით სპილენძის მადნების ექსპორტმა ათნიშნა მაჩვენებელს მიაღწიაო.

ადგილობრივი ექსპორტი ჩინეთსა და რუსეთში (მლნ. აშშ დოლარი)წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რუსული ემბარგო და შესაძლო ცვლილებები

2023 წელს, ჩინეთში მთლიანი ექსპორტი 58%-ით, $737-დან $311 მლნ-მდე შემცირდა. ამ ფაქტს ისეთივე ფართო გავლენა არ ჰქონია, როგორც 2006 წლის რუსეთის ემბარგოს.

2026 წლის ოქტომბერში რუსეთმა ამჯერადაც სანიტარული სტანდარტების დარღვევის მოტივით ქართულ პროდუქციაზე ნაწილობრივი ემბარგო ორ ეტაპად გამოაცხადა, თვის დასაწყისში და თვის ბოლოს.

ოქტომბერში ღვინის ექსპორტი რუსეთში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით შემცირდა. უფრო მაღალგრადუსიან სპირტიან სასმელებზე 39%-იანი ვარდნა დაფიქსირდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სპირტიანი სასმელების ექსპორტი რუსეთში იანვარ-სექტემბერშიც 15%-ით შემცირდა. რუსული ემბარგოს გავლენა უფრო თვალსაჩინო ნოემბერ-დეკემბრის მონაცემების გასაჯაროების შემდეგ გახდება.