Interviews

როგორი იქნება დამანგრეველი მიწისძვრის ეფექტი ერდოღანის საარჩევნო შანსებზე — ინტერვიუ

15 თებერვალი, 2023 • 1952
როგორი იქნება დამანგრეველი მიწისძვრის ეფექტი ერდოღანის საარჩევნო შანსებზე — ინტერვიუ

რამდენიმე კვირის წინ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების თარიღად 14 მაისი გამოაცხადა. თუმცა, შემდეგ მოხდა დამანგრეველი მიწისძვრა, რომელმაც ათობით ათასი ადამიანი შეიწირა.

თურქეთის ოპოზიციაში, რომელსაც ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია, არაერთგზის გააკრიტიკეს ხელისუფლება, მიანიშნეს რა ბუნებრივი კატასტროფისთვის ქვეყნის მოუმზადებლობაზე, კოორდინაციის ნაკლებობასა და კორუფციაზე.

მიმდინარე დღეებში ასევე გაიხსენეს, რომ 20 წლის წინ, ერდოღანის ხელისუფლებაში მოსვლას წინ უძღოდა მოქალაქეთა ბრაზი იმჟამინდელი მთავრობის მიმართ, 1999 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგების გამო.

რა მოხდება ახლა და რა გამოწვევების წინაშე დგას ერდოღანი? იცავდნენ თუ არა სამშენებლო ნორმებს თურქეთში, რას (არ) აკეთებდა სახელმწიფო ამისთვის და არის თუ არა მრავალი ნაგებობის კოლაფსი მხოლოდ მშენებელთა პასუხისმგებლობა? ამ საკითხებზე “ნეტგაზეთი” თურქოლოგ სანდრო ბაკურაძეს ესაუბრა.

როგორ აისახა 6 თებერვლის მიწისძვრა და მისი შედეგები თურქეთის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაზე? ძირითადად, ვისგან და რა სახის პრეტენზიები ისმის ერდოღანის მთავრობისადმი და როგორი იყო ამ უკანასკნელის პასუხი?

იმ ყველაფერმა, რაც მოხდა მიწისძვრის შემდეგ — იმან, რომ სახელმწიფო, როგორც ასეთი, 2-3 დღე მაინც არსად ჩანდა, არ იყო არანაირი რეალური დახმარება პირველ საათებში, არაფერი ისეთი არ მომხდარა, რაც მოხდა 1999 წლის მიწისძვრის დროს, როცა სამაშველო რაზმები და ჯარი თითქმის მაშინვე ჩაერთნენ სამაშველო სამუშაოებში და ..  — შეიძლება ითქვას, ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთში სახელმწიფოს ფეტიშიზმი და სახელმწიფოს საკრალიზაცია ოფიციალური იდეოლოგიის მნიშვნელოვანი ნაწილია, ხოლო ერდოღანის პერიოდში მოხდა სახელმწიფოს გაიგივება პარტიასთან და ერდოღანის პიროვნებასთან.

შეგვიძლია ვთქვათ, იმ მექანიზმმა, რასაც ერდოღანი იყენებდა ლეგიტიმაციის წარმოებისთვის, ძალიან დიდი დარტყმა განიცადა. ანუ ამ ყოვლისშემძლე, ეფექტური, ძლიერი, სულთანი ერდოღანისა და ძლიერი სახელმწიფოს იმიჯმა ძალიან სერიოზული დარტყმა მიიღო ხალხში.

კრიტიკის სიმწვავე, რომელიც ამ დღეებში ოპოზიციისა და სხვათა მიმართ გახმიანდა, ესადაგება მიწისძვრის შემდგომ იმ ვითარებას, რომელიც აღწერეთ?

კი, ძალიან საინტერესოა, რომ ოპოზიციამ, განსაკუთრებით, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამრესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ”(CHP), ისევე, როგორც “ხალხთა დემოკრატიულმა პარტიამ”(HDP), საკმაოდ სწრაფად, საკმაოდ რადიკალური და გადამწყვეტი განცხადებები გააკეთეს.

ამასთან, მაგალითად, ჰათაის პროვინციაში დაზიანებული აეროპორტი, ფაქტობრივად, [მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელში მყოფი] ანკარის მუნიციპალიტეტის სახსრებითა და მონდომებით შეკეთდა, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის მინისტრის მხრიდან, ისევე, როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიის შიგნით.

რაც შეეხება კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის, “კარგი პარტიის”(IYI) ლიდერს, მერალ აქშენერს, მისმა პარტიამ, როგორც ნაციონალისტურმა ძალამ, რომელიც ასევე მისდევს სახელმწიფოს საკრალიზაციის პოლიტიკას, სცადა ერთგვარისახელმწიფოებრივი აზრის” გატარება, რატომ ერევა მთავარი ოპოზიციური პარტია სახელმწიფოს კომპეტენციაშიო, მაგრამ მათივე ამომრჩევლისგან ამაზე იმდენად უარყოფითი რეაქცია წამოვიდა, აქშენერი იძულებული გახდა, რიტორიკა შეეცვალა.

ასე რომ, ოპოზიცია ამ მხრივ საკმაოდ ეფექტიანად მიდის და, შეიძლება ითქვას, ერდოღანის გადაწყვეტილებებიც ოპოზიციისთვის საკმაოდ ეფექტიანი მანევრირების სივრცეს ქმნის. მაგალითად, როცა არსებობს არაერთი ცარიელი ბინა, ცარიელი სასტუმრო და ., უნივერსიტეტების დათხოვნა და უნივერსიტეტების საერთო საცხოვრებლებში მიწისძვრით დაზარალებულთა შესახლება ერდოღანისთვის ძალიან სერიოზული პიარ დარტყმაა, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის შემდეგ სტუდენტების უმეტესობა ძალიან უკმაყოფილო და გაბრაზებულია.

ამავე დროს, ერდოღანმა ისეთი განცხადებებიც გააკეთა, რომლებმაც ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მაგალითად, მისი პირველი რეაქცია მიწისძვრაზე იყო, 1 წელიც მომეცითო, ეს მაშინ, როცა არჩევნები წესით ივნისში უნდა იყოს, ერდოღანის პარტიის მხარდაჭერა კი,  გამოკითხვების მიხედვით, ძალიან პრობლემურია და გამარჯვების არანაირი გარანტია არ აქვს.

ერდოღანმა ასევე თქვა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ახალი კორპუსების მშენებლობა იქნებოდა ის, რაც ამ მიწისძვრის შედეგებს აღმოფხვრიდა. ამ განცხადებამაც ძალიან დიდი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია იმის გათვალისწინებით, რომ მიწისძვრის ასეთ დამანგრეველ შედეგებში დიდი როლი სწორედ უხარისხო მშენებლობებმა შეასრულა, რომლებიც ერდოღანთან დაახლოებულ ფირმებთან იყო დაკავშირებული

არაერთგზის გაისმა პრეტენზია, რომ ერდოღანის ხელისუფლებამ, რომელიც 20 წელია, ქვეყანას მართავს, სეისმურად საკმაოდ კომპლექსურ არეალში მდებარე ქვეყანა ჯეროვნად არ შეამზადა ბუნებრივი კატასტროფისთვის. რაში მდგომარეობს არასაკმარისი მზადყოფნა?

პირველ რიგში ეს არის სამშენებლო ამნისტიები, რომლებიც ლამის ყოველი არჩევნების წინ ცხადდებოდა და გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ ნებისმიერი სახის [უკვე დასრულებული] უკანონო მშენებლობის ლეგალიზაცია ხდებოდა. ასე მოხდა, მაგალითად, მთელი რიგი მიშენებების, უხარისხო, სტანდარტების დარღვევებით აშენებული ნაგებობებისა და ბევრი სხვა რამის ლეგალიზაცია. მთავარი პრობლემა ეს არის.

მეორეა 1999 წლის შემდგომ ქვეყანაში არსებული ნაგებობების ვითომ მიწისძვრამედეგობის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად აკრეფილი გადასახადები, რომლებიც დაახლოებით $38 მილიარდს შეადგენს და ფაქტია, რომ ეს ყველაფერი არამიზნობრივად დაიხარჯა.

 მესამე პრობლემაა კორუფცია: ერდოღანის ხელისუფლებასთან დაახლოებულ სამშენებლო ორგანიზაციებს, ფაქტობრივად, სრული კარტბლანში ჰქონდათ მიცემული, რომ როგორც უნდოდათ, ისე აეშენებინათ შენობები და არავინ განმკითხავი არ იყო.

ამას დაემატა ისიც, რომ 2013 წელს, მას შემდეგ, რაცგეზი პარკის” სახელით ცნობილ საპროტესტო გამოსვლებში პროფესიულმა გაერთიანებებმაც დიდი როლი შეასრულეს, ერდოღანის ხელისუფლებამ პროექტის დამტკიცებისათვის სათანადო პროფესიული გაერთიანების საექსპერტო დასკვნის ვალდებულება მოხსნა. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის მზადყოფნაც, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო მიწისძვრისათვის, ერდოღანის ხელისუფლების პოლიტიკის დამსახურებით, ფაქტობრივად, წყალში ჩაიყარა.

თუმცა ერთსაც დავამატებდი: ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციური მუნიციპალიტეტები სუფთები არიან. მაგალითად, ჰათაის მერი ლუთფურ სავაში თავადაც გარეულია არაერთ კორუფციულ სქემაში, რომელიც უხარისხო მშენებლობებთან იყო დაკავშირებული. ხოლო როცა თურქეთის პარლამენტში მიმდინარეობდა სამშენებლო ამნისტიების გამოცემა, “რესპუბლიკური  სახალხო პარტიის”  დეპუტატების ერთმა ნაწილმა ამ ყველაფერს მხარი დაუჭირა. შესაბამისად, ოპოზიციური მუნიციპალიტეტებისა და პარლამენტის დეპუტატების ერთი ნაწილიც გარეულია ამ კორუფციულ მაფიებში და მათი წილი და ბრალეულობაც არის ამ ყველაფერში.

საინტერესოა, ერთი მხრივ, მმართველმა პარტიამ რით ახსნა მსგავსი ამნისტიების საჭიროება იმ რთული სეისმური სურათის ფონზე, რომელიც არსებობს თურქეთში, მეორე მხრივ კი, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა როგორ დაუსაბუთეს თავიანთ ამომრჩეველს საკამათო ამნისტიის მხარდაჭერა?

თურქეთში როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციური პარტიების მხრიდან ამომრჩევლისთვის ანგარიშის ჩაბარება საკმაოდ წარმოუდგენელი ფენომენია და ორივე მათგანს საკმაოდ სერიოზული ავტორიტარული მიდრეკილებები გააჩნია. შესაბამისად, ოპოზიციას ამის ახსნით თავი არ შეუწუხებია.

რაც შეეხება ხელისუფლებას, მან ეს ახსნა, როგორც ხალხისთვის ცხოვრების გაიოლება და ისედაც არსებულის ლეგალიზაცია, რომ ხალხს ზედმეტი აღარ ეწვალა, კომფორტულად ყოფილიყო და რაც უკვე აშენებული ჰქონდა, მშვიდად ეცხოვრა იქ.

კორუფცია ახსენეთ და საინტერესოა, ძირითადად რა დონეზე იჩენს თავს კორუფციის პრობლემა მშენებლობებთან მიმართებით? უფრო მეტად ცენტრალურ დონეზე ვხვდებით ამ პრობლემას თუ ადგილობრივზე?

ყველანაირ დონეზეა. ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მშენებლობის მასშტაბებზე. ზოგადად, ტენდერები და სამშენებლო ნებართვები პირველ რიგში მუნიციპალიტეტების ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. თურქულ პოლიტიკაში კი პატრონაჟის სისტემები, როგორც წესი, მუნიციპალიტეტებიდან იწყება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტების დონეზეც ძალიან არის ეს გამჯდარი. ხოლო რაც შეეხება მსხვილმასშტაბიან მშენებლობებს, აქ უკვე ცენტრალური ხელისუფლებაც შეიძლება ჩაერთოს სიტუაციის მიხედვით

მიმდინარე დღეებში ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაში მიანიშნებენ თურქეთის სამშენებლო რეგულაციებზე და იმაზე, თუ რამდენად სრულდებოდა ეს რეგულაციები. გაიხსენეს ისიც, რომ 1999 წლის მიწისძვრის შემდეგ ეს ნორმები გამკაცრდა. როგორ ფიქრობთ, სად არის პრობლემა: ქაღალდზე არსებული რეგულაციები არ არის სრულყოფილი თუ მათი აღსრულებაა პრობლემა? თუ ორივე ერთად?

ნაწილობრივ ორივე ერთად, თუმცა ძირითადი პრობლემა მაინც აღსრულებაა. მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც პროფესიული ექსპერტიზის პირობა და მსგავსი დეტალები  2013 წელს პროფესიულ ორგანიზაციებთან დაპირისპირების შემდეგ ერდოღანის ხელისუფლებამ გააუქმა, სტანდარტები ქაღალდზე მაინც საკმაოდ ნორმალურია და როგორც, მაგალითად, მიწისძვრის ზონაში გადარჩენილი შენობების არსებობამ გვაჩვენა, მათი აღსრულების და გამოყენების შემთხვევაში, ეფექტურად და კარგად შედგენილი რეგულაციებია. უბრალოდ, პრობლემა ისაა, რომ ძალიან ხშირად მათი აღსრულება არ ხდება.

არ ხდება თქვენ მიერ ნახსენები მიზეზების, მათ შორის, კორუფციის გამო?

დიახ და პოპულიზმის გამოც, რადგან თურქეთის ხელისუფლების პოპულიზმის მთავარი მახასიათებელი არის შემდეგი: თუ ხალხს რაღაც მოსწონს, მისთვის საზარალოც რომ იყოს, ჩვენთვის პრობლემა არ არის, რაც უნდათ, ის უქნიათო.  ეს დამოკიდებულება აქვთ, უხეშად რომ ვთქვათ.

როგორც ვიცით, სამშენებლო სექტორი თურქეთის ეკონომიკის ერთერთი თვალსაჩინო კომპონენტია. იქნებ მოვუყვეთ მკითხველს, როგორ იწყებოდა და იზრდებოდა უკანასკნელი ათწლეულების სამშენებლო ბუმი თურქეთში და რამდენად ითვალისწინებდა სახელმწიფო ამ პროცესში სამშენებლო, მათ შორის, შენობების სეისმომედეგობასთან დაკავშირებულ ნორმებს?

ძალიან ნაკლებად ითვალისწინებს, ხოლო რაც შეეხება მოთხოვნას, ეს იზრდებოდა პირველ რიგში სრულიად დაუგეგმავ, სპონტანურ ურბანიზაციასთან ერთად.

 რაც შეეხება იმას, თუ რატომ მოხდა სამშენებლო ბიზნესის ასე განვითარება, ყოველგვარი რეალური რეგულაციების გარეშე, აქ უნდა გავითვალისწინოთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი: რეგიონალიზმი თურქულ პოლიტიკაში.

პრეზიდენტი ერდოღანი და მისი მინისტრების აბსოლუტური უმრავლესობა არიან შავი ზღვისპირელები. შესაბამისად, ხდება რა: სამშენებლო ბიზნესს თურქეთში, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა ურბანიზაცია ახალი დაწყებული იყო, აკონტროლებდნენ ძირითადად შავი ზღვისპირელები: ძირითადად, ტრაბზონელები და რიზეს ერთი ნაწილი. შესაბამისად, მშენებლობა მათ ხელში მონოპოლიად იქცა. 

ხოლო მას შემდეგ, რაც სტამბოლის მერი გახდა ჯერ რიზელი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და შემდეგ ართვინელი ქადირ თოფბაში, სამშენებლო სფერო იქცა ქვეყნის სიმდიდრის მნიშვნელოვანი ნაწილის და ამავე დროს მუნიციპალური გავლენის რეგიონული კლანის ხელში თავმოყრის საშუალებადაც.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშენებლობის ამბავში, ისეთი პირებიც კი, რომლებიც ოპოზიციასთან არიან დაახლოებული, ასევე შავი ზღვისპირელები არიან. მაგალითად, ექრემ იმამოღლუ, სტამბოლის მერი ოპოზიციური პარტიიდან, ასევე სამშენებლო ფირმის პატრონია და ასევე ტრაბზონელია.

რაც შეეხება სხვა სამშენებლო ფირმებს, რომლებიც შავი ზღვისპირელების მიერ არ კონტროლდება, როგორც წესი, ისინი აფილირებულნი არიან… ძირითადად, ერდოღანის პარტიასთან დაახლოებული ბიზნესების ჰოლდინგებთან. აქ საქმე გვაქვს უკვე პარტიასთან აფილირებული ბიზნესმენების ხელში სახელმწიფო ქონების ტრანსფერთან სამშენებლო ბიზნესის გამოყენებით.

შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამშენებლო სფერო ქონების გადაადგილების და პოლიტიკურად საიმედო ბიზნესელიტის თავმოყრის ინსტრუმენტიცაა: ელიტისა, რომელიც მთლიანად ერდოღანზე იქნებოდა  დამოკიდებული და მისდამი ერთგული იქნებოდა არა მხოლოდ ფინანსური შემოსავლით და გამორჩენით, არამედ, იგივე, თანაქალაქელობის და ნათესაობის ფაქტორების გამო.

თურქულ მედიაში ვნახეთ, რომ ათეულობით სამშენებლო კონტრაქტორის მიმართ დაიწყო გამოძიება. თუმცა, თქვენი ნათქვამიდან გამომდინარეობს, რომ სახელმწიფო პოლიტიკაშია პრობლემა და არა მხოლოდ ცალკეულ კონტრაქტორებში

დიახ, ასეა. ისინი მხოლოდ ნაწილს შეადგენენ იმ დანაშაულებრივი სქემისა, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების დონეზე მოქმედებს. რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, ვფიქრობ, როგორც 1999 წლის მიწისძვრის შემდეგ მოხდა, ისე მოხდება. მაშინაც არაერთი კონტრაქტორი დაიჭირეს, მაგრამ ცოტათი რომ მიწყნარდა ამბები, უმეტესობა ნელნელა გაათავისუფლეს და ერთ წელიწადზე მეტხანს არავინ მჯდარა ციხეში. ხოლო ერთერთმა მათგანმა, ცნობილმა ველი გოჩერმა, რომლის აშენებული ყველა კორპუსიც დაინგრა 1999 წელს, ამ რამდენიმე წლის წინ ახალი სამშენებლო ფირმაც კი დააარსა. არადა, წესით და რიგით ამის უფლება არ უნდა ჰქონოდა.

თურქეთის უახლესი წარსულის გათვალისწინებით ელით, რომ მაღალი თანამდებობის პირებიდან ადგილობრივ ან ცენტრალურ დონეზე ვინმეს პასუხისმგებლობა დადგება? 

მაქსიმალური, რაც მე მგონია, ისაა, რომ ერდოღანმა შეიძლება დააყენოს ოპოზიციის ხელში მყოფი ჰათაის მუნიციპალიტეტის მეთაურობის პასუხისმგებლობის საკითხი. რაც შეეხება მინისტრებს, მმართველი პარტიის მუნიციპალურ მოხელეებს და მერებს: ზოგადად, ერდოღანის ხელისუფლებას ახასიათებს ის, რომ გადადგომა და პასუხისმგებლობის აღება წარმოუდგენელია და ყველაფერი შეიძლება დადანაშაულდეს, გარდა მმართველი პარტიისა და მისი წევრებისა.

ახლაც, ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაროები აქტიურ პროპაგანდას აწარმოებენ, რომ ეს ყველაფერი ალაჰის ნება იყო და ჩვენ რა გვექნაო. ანუ, ყველაზე დიდი, შეიძლება რამდენიმე კონტრაქტორი დაიჭირონ, რომლებიც ოპოზიციასთან იქნებიან დაახლოებულნი და ოპოზიციურ მუნიციპალიტეტებს რაღაცაში შეუტიონ ისევ. კიდევ ერთხელ: ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციური მუნიციპალიტეტები სუფთები არიან, რადგანაც თურქეთში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ადგილობრივი მოხელეებიც, საკმაოდ ხშირად, ხელისუფლებაზე არანაკლებ არიან კორუფციულ სქემებში ჩართული.

ჰათაის [ოპოზიციონერი] მერი ლუთფურ სავაში ძალიან ახლო მეგობარი იყო იმ დაკავებული კონტრაქტორისა, რომლის ფოტოებმაც, მათ შორის, ჩვენი მედიაც მოიარა. პირადად მონაწილეობდა იმ კორპუსის საძირკვლის გათხრის ცერემონიალში და მისი ექსპლუატაციაში მიღების ცერემონიალშიც. ის პირადადაც ლობირებდა არაერთ იმ პროექტს, რომელიც ჩამოწვა და არაერთი ადამიანის საფლავად იქცა. ანუ, მისი ბრალეულობა საკმაოდ იოლად დადასტურებადია. სხვა თემაა, რომ  ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს დიდი ალბათობით არაფერი შეეხებათ.

კორპუსების შემთხვევაში ვისი პასუხისმგებლობა უფროა?

რაც შეეხება საცხოვრებელ სახლებს, აქ უფრო ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ცენტრის პასუხისმგებლობაა ძირითადად ის, რომ დიდი ზარ-ზეიმით გახსნილი ტრასები და აეროპორტები სრულიად გამოუსადეგარი გახდა; ასევე ის, რომ ძალიან არაეფექტიანაად განხორციელდა სამაშველო სამუშაოები; და ცენტრის პრობლემაა ის, რომ [პროცესი] იქცა ერთგვარ პიარშოუდ და სოფლებში,აგალითად, დღემდე ძალიან სერიოზული პრობლემებია. ძალიან ბევრ სოფელში არანაირ დახმარებას არ მიუღწევია, გარდა მოხალისეების მიერ ჩატანილი პროდუქტისა.

ამჟამინდელი მოცემულობით, არჩევნები თურქეთში სამ თვეში უნდა ჩატარდეს. მიწისძვრამდე სად იყო ერდოღანის ხელისუფლების რეიტინგი და შეიძლება თუ არა და როგორ შეიძლება აისახოს მიწისძვრა და მისი შედეგები ამომრჩეველთა განწყობებზე, ერდოღანის შანსებზე?

მიწისძვრამდე ერდოღანის ხელისუფლება ეკონომიკური კრიზისის გამო დღითიდღე უფრო მეტად კარგავდა სისხლს და სწორედ ამის გამო იყო, რომ ივნისში ჩასატარებელი არჩევნების მაისში გადმოტანა სურდათ.

რაც შეეხება ახლანდელ სიტუაციას, მართალი რომ ვთქვათ, იმის გათვალისწინებით, რომ მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში ხალხის დიდი ნაწილი ერდოღანს უჭერდა მხარს, დიდი განათლებითაც არ გამოირჩეოდა და სოციალური დახმარებით არსებობდა, დიდი შანსია, რომ ისევ ერდოღანმა გაიმარჯვოს.

სხვა თემაა, დიდ ქალაქებში რა მოხდება და თუ ერდოღანის ხელისუფლება რეიტინგს დაკარგავს, ვფიქრობ, ისევ და ისევ დიდ ქალაქებში. დღეს უკვე თურქეთი ბევრად უფრო ურბანიზებული ქვეყანაა და დიდი ქალაქები წყვეტს არჩევნების ბედს. ამ ქალაქების კონტექსტიდან გამომდინარე, ერდოღანის შანსები, რომ არჩევნებში გაემარჯვებინა, შემცირდა.

დღეს დიდ ქალაქებში ძალიან ბევრი რამ არის შეცვლილი, რადგან ეკონომიკური კრიზისი სწორედ მათ მოსახლეობას ურტყამს. იქ არ არის ისეთი საშუალებები, როგორიცაა, მაგალითად, სოფელში წასვლა და რაღაცის იაფად ყიდვა. ამას ემატება ისიც, რომ რუსები თურქეთსაც მასობრივად მიაწყდნენ და მასობრივად გაიზარდა ქირების ფასი. თურქეთში კი მოსახლეობის საკმაო ნაწილი ქირით ცხოვრობს.

ამის გათვალისწინებით დიდ ქალაქებში ბევრად უფრო დიდია ოპოზიციური განწყობა. ამავე დროს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სწორედ დიდ ქალაქებშია ყველაზე დიდი სხვაობა ახალი და ძველი თაობების პოლიტიკურ შეხედულებებში. თაობათა ცვლასთან ერთად, ახალი თაობის ამომრჩეველში ერდოღანის ამომრჩეველი ძალიან ცოტაა.

რაც შეეხება იმას, რომ ერდოღანის ხელისუფლებას რეიტინგის დაკარგვის საკმაოდ სერიოზული შიში აქვს, ეს იქიდანაც ჩანს, რომ ერდოღანმა გარკვეული მინიშნებები უკვე გააკეთა, რომ შეეცდება, არჩევნები გადადოს.  მაგრამ აქ რა პრობლემაა: ოფიციალური კანონმდებლობით, არჩევნების გადადება მხოლოდ საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში შეიძლება. ამიტომაც, სერიოზული ეჭვია, რომ ერდოღანი სხვა გზით შეეცდება სიტუაციის მანიპულირებას და იმაზე გააკეთებს გათვლას, რომ ოპოზიცია კვლავ გამოიჩენსსახელმწიფოებრივაზროვნებას და მოხერხდება მისი დაყოლიება არჩევნების გადადებაზე.

როგორც ვნახეთ, მან აღიარა გარკვეული გადაცდომები მიწისძვრის საპასუხო ღონისძიებებში, თუმცა ისაუბრა რთულ მეტეოროლოგიურ პირობებზეც და თქვა, რომ შეუძლებელია მსგავსი მასშტაბის მიწისძვრისთვის მომზადება. აქვს თუ არა ბერკეტი ერდოღანს, რომ პირიქით, თავის სასარგებლოდ შემოაბრუნოს ვითარება? რისი გაკეთება შეუძლია?

რაც უკვე ჩანს, ერთადერთი ბერკეტი, რაც ერდოღანს დარჩა, არის რეპრესიის გაძლიერება. რამდენად მიაღწევს რეპრესიების გაძლიერებით მიზანს, ვფიქრობ, ეს ოპოზიციაზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, ოპოზიციას ამ რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ რეალური შანსები გააჩნია, თუ ეფექტიან წინააღმდეგობას გასწევს.

ერდოღანი უფრო იმ ფაქტორს ეყრდნობა, რომ ოპოზიციაში კვლავ ძალიან ბევრია ისეთი, რომელიც ეთათისტური კლიშეებით აზროვნებს და მიტინგზე პოლიციასთან შეტაკება მისთვის ტაბუა, რადგან პოლიცია, ჯარი და სხვა ინსტიტუტები მისთვის ერთგვარი სიწმინდეა და ერდოღანის გათვლაც სწორედ ამაზეა, რომ საქმე საქმეზე თუ მიდგა, ოპოზიცია ელემენტარულ საპროტესტო აქციასაც ვერ გარისკავს და ..

ვინაიდან მხოლოდ რეპრესიის გაძლიერებას ვარაუდობთ, ფაქტობრივად გამორიცხავთ, რომ მიწისძვრის საპასუხო ღონისძიებების, აღდგენითი ღონისძიებების ფარგლებში მას რაიმეს გაკეთება შეუძლია, რაც პოპულარობას მოუტანს?

კი. თუ გავითვალისწინებთ იგივე, რა მოხდა ელაზიღის [2020 წლის] მიწისძვრის შემთხვევაში, როცა სახლები კი ააშენეს მიწისძვრით დაზარალებულებისთვის, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ შეღავათიან ფასად გადაეცათ ან რაიმე მსგავსი, ფაქტობრივად, საბაზრო ფასებით დაიწყეს გაყიდვა და შედეგად, დაზარალებულთა ნაწილი დღემდე უსახლკაროდაა.

“1 წელი მომეცითგულისხმობს, რომ რაღაცას კი გააკეთებენ, მაგრამ მთავარი ის ის კი არ არის, რას გააკეთებენ, არამედ ის, რომ იმ 1-წლიან პერიოდში პროპაგანდითა და რეპრესიით ხალხის აზრის გარკვეულწილად თავიანთ სასარგებლოდ შემობრუნებას შეძლებენ ისევე, როგორც ოპოზიციის განეიტრალებას. ერდოღანს ეს 1 წელი ამისთვის უნდა და არა იმისთვის, რომ რეალური აღდგენითი სამუშაოები აწარმოოს, რომელიც მას მართლაც მოუტანს ხალხის კეთილგანწყობას და მხარდაჭერას.

თქვით, რომ რეპრესია რამდენად იმუშავებს, ოპოზიციაზეა დამოკიდებული. აქვს თურქეთის ოპოზიციას რესურსი, რომ არსებული რეალობა შემოაბრუნოს თავის სასარგებლოდ და რეალურად, შეცვალოს ხელისუფლებას არჩევნებით?

ტექნიკურად აქვს მუნიციპალიტეტების რესურსები, ხალხის საკმაოდ დიდი მხარდაჭერარომელსაც ემატება ისიც, რომ არსებული ხელისუფლებით უკმაყოფილება ძალიან დიდია და ამავე დროს, პოტენციურად ჰყავთ ისეთი კანდიდატები, რომელთაც ხალხის მხარდაჭერის მოპოვების საშუალება აქვთ. უბრალოდ, ოპოზიციის მთავარი პრობლემაა მისი ეკლეკტურობა. ის, რომ მის შიგნით გარკვეული ძალები კვლავ ძალიან ფეტიშისტურად, დოგმატურად უდგებიან საკითხებს და ასევე ის, რომ ისინი ჯერჯერობით ვერ ქმნიან ხალხში იმ აზრს, რომ თუკი ერდოღანი რაიმე რადიკალური ნაბიჯით შეეცდება ოპოზიციის განეიტრალებას, ისინი აქ ეფექტიან წინააღმდეგობას აჩვენებენ.

თუმცა ოპოზიციას, პირველ რიგში, ხალხის მხარდაჭერის და საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების კუთხით საკმაოდ სერიოზული რესურსები გააჩნია. გააჩნიათ კადრები, რომლებიც შეძლებენ სახელმწიფოს მართვას. შეიძლება, არ გააჩნდეთ მკვეთრად გამოხატული იდეოლოგია, მაგრამ გააჩნიათ სიმბოლიზმი, რომლითაც ხალხის გარკვეული ნაწილის მობილიზება შეიძლებაამავე დროს, ისინი ახერხებენ, შექმნან ისეთი იმიჯი, რომ ისინი თურქეთისთვის შედარებით ზომიერი ხელისუფლება იქნებიან, რომელიც საგარეო პოლიტიკას საშინაო საკითხებისთვის არ გამოიყენებს. თუმცა, საბოლოო ჯამში, მაინც ამ პოლიტიკური კაპიტალის სწორად გამოყენებაზეა ყველაფერი დამოკიდებული და კიდევ იმაზე, შექმნიან თუ არა ისინი პოტენციურ ამომრჩეველში იმიჯს, რომ გამარჯვება და რთული სიტუაციების მართვა შეუძლიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი