ახალი ამბები

ტყუილად აპელირებენ რაღაც ჰუმანიტარულ, ფსევდოპატრიოტულ გრძნობებზე — ზურაბიშვილი „ოცნებაზე“

11 მაისი, 2023 • 892
ტყუილად აპელირებენ რაღაც ჰუმანიტარულ, ფსევდოპატრიოტულ გრძნობებზე — ზურაბიშვილი „ოცნებაზე“

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოსნაირი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი დიასპორის მიმართ კომპლექსური სტრატეგიის ქონა უნდა იყოს და „არა კრემლის მიერ შერჩეულ დროს და დაკვეთილ მუსიკაზე ცეკვა“.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკზე წერს, რითაც სახელისუფლებო პროპაგანდას ეხმიანება რუსეთში „საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქის ცხოვრების“ შესახებ.

მისი თქმით, ესაა ტყუილი აპელირება ჰუმანიტარულ და ფსევდოპატრიოტულ გრძნობებზე.

„თუ ესოდენ გვაინტერესებს ქართული წარმოშობის თანამემამულეების ბედი, საინტერესოა, რატომ ვერაფრით მივაღწიე შედეგს იუსტიციასთან ოთხწლიანი მოლაპარაკებებით, ანუ იმას, რომ გამარტივდეს მოქალაქეობის მინიჭება, რათა ხელოვნურად, გაუგებარი ტესტებით არ ვართულებდეთ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას ან მინიჭებას. დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი ბევრად მტკივნეულია და აქტუალური რუსეთში (და არამხოლოდ რუსეთში) მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის, მით უმეტეს, დღევანდელ დღეს, როცა ბევრს სამუდამო დაბრუნების სურვილი გაუღვივდა.

რაც ეხება საქართველოში ჩამოსვლის ვითომცდა სირთულეებს, გაგახსენებთ, რომ რუსეთიდან უპრობლემოდ ჩამოდიან მინსკის, ერევნის, ბაქოს და თურქეთის გავლით, ან კიდევ ლარსის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთით. ვიზის პრობლემა ხომ არ ჰქონიათ! 700 000 -ზე მეტი შემოსული რუსეთის მოქალაქე (მათ შორის, ქართული წარმოშობის) და 600 000 გასული ჩვენი ქვეყნიდან იმას მაინც ადასტურებს, რომ გადაადგილება მარტივია. მაშასადამე, ტყუილად აპელირებენ რაღაც ჰუმანიტარულ, ფსევდოპატრიოტულ გრძნობებზე. ეს საკითხი არ დგას და არ იდგა, თუ არა კრემლის მანიპულაცია! საინტერესოა, რატომ?“ – წერს ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ისინი, ვინც ამ თემით აპელირებენ, მხოლოდ რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე კი არა, სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებზეც უნდა დარდობდნენ.

„ვინც ამ თემით აპელირებს და სტკივა რუსეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების ბედი, იმავდროულად, ნუთუ არ ადარდებს ასევე ამერიკაში ან ევროპაში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ბედი, რომლებიც პირდაპირი რეისებით ვერ სარგებლობენ და მათაც უჭირთ სამშობლოში ჩამოსვლა.

იმაზეც ხომ არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ უკვე სამი წელია, არ შეუძლიათ ჩვენს თანამემამულეებს ჰერეთიდან ჩამოსვლა, რადგანაც კოვიდის შემდეგ ჩაკეტილი ლაგოდეხ – ბელაქანის საზღვარი აღარც გახსნილა. (ადამიანებმა გრძელი გზა უნდა გაიარონ ბაქომდე და იქიდან გადმოფრინდნენ, რაც პრაქტიკულად მათი უმრავლესობის შესაძლებლობებს აღემატება).

უნდა ვიზრუნოთ უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებსა თუ ყოფილ მოქალაქეებზე, ეს უნდა იყოს ჩვენნაირი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი და დიასპორის მიმართ კომპლექსური სტრატეგია და არა კრემლის მიერ შერჩეულ დროს და დაკვეთილ მუსიკაზე ცეკვა!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.


ვლადიმირ პუტინის ახალი განკარგულებით, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაწესებული შეზღუდვა. აგრეთვე, გაუქმდა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

საქართველოსთან პირდაპირი ფრენები რუსეთმა 2019 წლის 8 ივლისს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში დაჯდომამ პროტესტი გამოიწვია.

ბოლო დროს რუსული მხარე აქტიურად საუბრობდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაზე. მმართველ პარტიაში მოვლენათა ასეთ განვითარებას მიესალმებოდნენ, თუმცა წინააღმდეგი იყო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

იმაზეც ხომ არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ უკვე სამი წელია, არ შეუძლიათ ჩვენს თანამემამულეებს ჰერეთიდან ჩამოსვლა, რადგანაც კოვიდის შემდეგ ჩაკეტილი ლაგოდეხ – ბელაქანის საზღვარი აღარც გახსნილა. (ადამიანებმა გრძელი გზა უნდა გაიარონ ბაქომდე და იქიდან გადმოფრინდნენ, რაც პრაქტიკულად მათი უმრავლესობის შესაძლებლობებს აღემატება).

უნდა ვიზრუნოთ უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებსა, თუ ყოფილ მოქალაქეებზე, ეს უნდა იყოს ჩვენნაირი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი და დიასპორის მიმართ კომპლექსური სტრატეგია და არა კრემლის მიერ შერჩეულ დროს და დაკვეთილ მუსიკაზე ცეკვა!“, – წერს ზურაბიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი