ეკონომიკა

რუსულმა სანქცირებულმა „სბერბანკმა“ საქართველოში ფულის გადმორიცხვის შესაძლებლობა დაამატა – რა ხდება?

23 თებერვალი, 2024 • 15634
რუსულმა სანქცირებულმა „სბერბანკმა“ საქართველოში ფულის გადმორიცხვის შესაძლებლობა დაამატა – რა ხდება?

რუსეთის უმსხვილესმა ბანკმა, „სბერბანკმა“, მომხმარებლებს საქართველოში საბანკო ანგარიშზე IBAN-ით გადმორიცხვის შესაძლებლობა დაუმატა.

პირველმა ამის შესახებ ნიკოლაი ლევშიცმა დაწერა, საქართველოში მცხოვრების რუსების ყველაზე დიდი აუდიტორიის მქონე ბლოგის დამფუძნებელმა. მისი ცნობით, აპლიკაციაში საქართველო ცოტა ხნის წინ, განახლების შემდეგ გამოჩნდა.

ლევშიცი ირწმუნება, რომ სბერბანკიდან საქართველოში ფულის გადმორიცხვის ფაქტი დადასტურებულია.

საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების პოსტებზე დაყრდნობით, ამავეს წერს „ფეიფერ ქართული“.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, „სბერბანკი“სანქცირებულია და თითქმის ორი წელია, გათიშულია საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების, „სვიფტის“ სისტემიდან. არადა, სწორედ ეს სისტემაა საჭირო IBAN-გადარიცხვისთვის.

თუ ასეა, გადმორიცხვა როგორღა ხდება?

„სბერბანკის“ აპლიკაციაში საქართველოში გადმორიცხვის ვარიანტის (არ)არსებობა „ნეტგაზეთმაც“ შეამოწმა. ასეთი ვარიანტი მართლაც არსებობს და მომხმარებელს პირდაპირ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის შესაძლებლობას სთავაზობს.

„სბერბანკის“ კლიენტთა მხარდაჭერის სამსახურში „ნეტგაზეთის“ რეპორტიორს დაუდასტურეს, რომ გადარიცხვის შესრულება შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ რუბლში – ანუ, „სბერბნაკის“ რუბლის ანგარიშიდან ქართული ბანკის რუბლის ანგარიშზე.

თუმცა საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ „სბერბანკიდან“ SWIFT-ის ნებისმიერი გადარიცხვის გატარება შეუძლებელია და მომხმარებელმა გადარიცხვა რომც სცადოს, თანხა უბრალოდ არ მიუვა. „ამის თეორიული შანსიც არ არის“, – ხაზს უსვამს იგი.

ძნელაძის განმარტებით, ტრანზაქცია უბრალოდ არ გატარდება, ვინაიდან „სბერბანკს“ არ აქვს წვდომა იმ სისტემაზე, რომელიც ოპერაციისთვის უნდა იყოს გამოყენებული. უფრო რომ გავამარტივოთ, სიტუაცია ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ:

  • ერთ-ერთ მომხმარებელს სურს, ელექტრონული ფოსტით დაუკავშირდეს თავის მეგობარს და უგზავნის წერილს;
  • თუმცა წერილი არათუ ადრესატამდე ვერ მივა, არამედ ვერც გაიგზავნება, ვინაიდან გამგზავნს ინტერნეტზე არ აქვს წვდომა.

ამ ჩიხიდან გვერდის ავლის გზა, რომლითაც რუსეთიდან მსგავსი გადმორიცხვა შეიძლება განხორციელდეს, შუამავალი საფინანსო ინსტიტუტის გამოყენებაა. ანუ სბერბანკი ჯერ შუამავალს (არასანქცირებულს) ჩაურიცხავს თანხას, ის კი ქართულ ბანკში გადმორიცხავს. ძნელაძის თქმით, მისთვის არ არის ცნობილი ასეთი სქემის არსებობაზე. ამ შემთხვევაშიც „სბერბანკს“ SWIFT-ის ნაცვლად სხვა სისტემის გამოყენება უნდა მოუწიოს. გარდა ამისა, როგორც შუამავალი, ასე მიმღები ბანკი, საერთაშორისო სანქციების შესაძლო დარღვევის გამო, რისკის წინაშე აღმოჩნდებიან.

ძნელაძის განცხადებითვე, თუკი ტრანზაქცია რაღაცნაირად მაინც განხორციელდა, ამას მოჰყვება როგორც ეროვნული, ასევე კომერციული ბანკების რეაგირება.

„ნეტგაზეთმა“ დამატებითი ინფორმაციისთვის და კომენტარისთვის ეროვნულ ბანკსაც მიმართა. უწყებისგან პასუხის მიღების შემდეგ მასალა განახლდება.

განახლება: ეროვნულმა ბანკმა ამ საკითხზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ „რომ 2022 წლის 26 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით ფინანსურ სექტორს დაევალა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მიერ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოთხოვნათა შესრულება“.

ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ: „შესაბამისად, საქართველოს საბანკო სექტორი ვალდებულია დანერგოს ღონისძიებები სანქციათა რეჟიმების გვერდის ავლის აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით“.

განცხადების თანახმადვე, „ეროვნული ბანკი რეგულარულად ამოწმებს საფინანსო სექტორის ყველა წარმომადგენელს, რაც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს სანქციების მოთხოვნათა შესრულების კონტროლს. [..] განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში, სანქციადაკისრებული პირის მონაწილეობით ტრანზაქცია არ დაფიქსირებულა. ეროვნული ბანკი ახორციელებს საკითხის დამატებით მოკლვევას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი