ახალი ამბები

დეპორტაცია ეთნიკური ნიშნით და არადამიანური პირობებით – 2006 წლის შემოდგომის მოვლენები

1 თებერვალი, 2019 • 17246
დეპორტაცია ეთნიკური ნიშნით და არადამიანური პირობებით – 2006 წლის შემოდგომის მოვლენები

რა მოხდა და როგორ გამოაძევეს 2006 წელს რუსეთიდან ქართველები, რომლებმაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ახლა კომპენსაცია უნდა მიიღონ? რას ყვებიან მსხვერპლები?



საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ეტაპობრივმა გაუარესებამ 2006 წლის შემოდგომაზე პიკს მიაღწია. 2006 წლის 27 სექტემბერს თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი რუსი ოფიცერი დააკავეს. 3 ოქტომბერს კი რუსეთმა საქართველოსთან ყოველგვარი საჰაერო, საგზაო, საზღვაო, სარკინიგზო, საფოსტო და ფინანსური კავშირები გაწყვიტა.

სწორედ 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთმა, საიმიგრაციო კანონების დარღვევის საბაბით, საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია მოახდინა, რაც საფუძლად დაედო სტრასბურგის სასამართლოში “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” პირველ სახელმწიფოთაშორის დავას. მომჩივანი ქართული მხარე ამბობდა, რომ ანტიქართული პოლიტიკის ფარგლებში, 2006 წლის სექტემბრიდან 2007 წლის იანვრის ჩათვლით, რუსეთში 4 634 გაძევების ორდერი გამოიცა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელთა შორის 2 380 დააკავეს და ძალის გამოყენებით გამოაძევეს, დანარჩენმა 2 254-მა კი ქვეყანა საკუთარი საშუალებებით დატოვა. 

რუსეთი უარყოფდა, რომ ჯაშუშობაში ბრალდებული  ოფიცრების დაკავების საპასუხოდ, ორგანიზება გაუკეთა და უფლება მისცა ეროვნებით ქართველების შევიწროებას, მათ მასობრივ, უკანონო დაპატიმრებას და კოლექტიურ გაძევებას.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კი დაადგინა, რომ საქართველოს ბრალდებები ეთნიკური ნიშნით ქართველების გაძევებასთან დაკავშირებით  სანდოა და 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა საქართველოს მოქალაქეების დაკავების, დაპატიმრების და გამოძევების კოორდინირებული პოლიტიკა, რომელიც წარმოადგენდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას. ეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევაა.

დეპორტაცია დამამცირებელ და არაადამიანურ პირობებში

დაკავებისა და დაპატიმრების დროს ქართველები დამამცირებელ და არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ. სტრასბურგის სასამართლოს განჩინებაში მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე აღწერილია ის პროცედურები, რომლის გავლაც საქართველოს მოქალაქეებს მოუხდათ. მათი პირადობების შემოწმება ხორციელდებოდა ქუჩებში, მარკეტებში და სხვა სამუშაო ადგილებში, მათ სახლებში. შემდგომ მათ აკავებდნენ და გადაჰყავდათ პოლიციის განყოფილებებში. ქართველი მოწმეები საუბრობდნენ გადატვირთულობაზე, აუტანელ და არაადამიანურ დაკავების პირობებზე, ჰიგიენის პირობების არარსებობაზე. საკნები, რომლებსაც “მაიმუნების გალიას” ეძახდნენ, იყო პატარა და გადატვირთული. ქალები და კაცები ხშირად ერთად იყვნენ დაპატიმრებული და  დაჯდომის საშუალება არ ჰქონდათ.

პოლიციის განყოფილებების დაკავების იზოლატორში ყოფნის გარკვეული პერიოდის შემდეგ, ერთად აჯგუფებდნენ და ავტობუსით მიჰყავდათ სასამართლოებში, რომელიც რამდენიმეწუთიანი სამართალწარმოების შედეგად, ზოგჯერ სასამართლო დარბაზში დაშვების გარეშე, საქართველოს მოქალაქეებს აკისრებდა ადმინისტრაციულ სასჯელებს და ადგენდა მათ გაძევებას რუსეთის ტერიტორიიდან. ზოგჯერ სამედიცინო ვიზიტისა და სისხლის ტესტის გავლის შემდეგ, ისინი გადაჰყავდათ უცხოელთა დაკავების ცენტრებში. მოწმეების თქმით, ამ ცენტრებშიც საკნები გადატვირთული იყო რკინის საწოლებით, ძალიან თხელი მატრასითა და საბნის გარეშე, რომელზეც დაკავებულებს მორიგეობით ეძინათ. განცალკევებული ტუალეტის ნაცვლად, საკანში კალათა ჰქონდათ. ხელი არ მიუწვდებოდათ სასმელ წყალზე და საჭმელზე.

გარკვეული პერიოდის შემდეგ დაკავებულები ავტობუსით მოსკოვის სხვადასხვა აეროპორტებში გადაჰყავდათ და საქართველოში აძევებდნენ. სტრასბურგის სასამართლოს განჩინებაში ნათქვამია ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეების პირველმა გაძევებულმა ნაკადმა 2006 წლის 6 ოქტომბერს სატვირთო თვითმფრინავით იმგზავრა. ქართველი მოწმეები ამბობდნენ, რომ თვითმფრინავში სკამების ორი რიგი არსებობდა, რომლებზეც ქალები და ბავშვები ისხდნენ, მამაკაცები იატაკზე ისხდნენ, ან ფეხზე იდგნენ, ხოლო კასრის მსგავსი ნივთი გამოყენებოდა როგორც ტუალეტი და ტრიალებდა რიგებს შორის.

მოწმეების თქმით, კითხვაზე, თუ რატომ აძევებდნენ, რუსი სამართალდამცველები პასუხობდნენ, რომ ეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ეკითხათ.

სტრასბურგის სასამართლომ საქმის განხილვისას მხედველობაში მიიღო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშიც, რომელიც მიუთითებდა “სელექციურ და გამიზნული დევნის კამპანიაზე, ეთნიკურ საფუძველზე, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციას”. PACE-ს მონიტორინგის კომიტეტმა მიუთითა იმ მოწმეებზე, რომლებიც საუბრობდნენ გადატვირთულობაზე, აუტანელ და არაადამიანურ პატიმრობის პირობებზე. მათ არა მარტო სამედიცინო დახმარების მიღების უფლება ჩამოართვეს, არამედ, ნებისმიერი ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობაც. ამ გარემოებების შედეგად გარდაიცვალა 48 წლის საქართველოს მოქალაქე თენგიზ ტოგონიძე. იგი ასთმით იყო დაავადებული და ორი კვირის განმავლობაში სამედიცინო დახმარების და სუფთა ჰაერზე გასვლის შესაძლებლობა არ ჰქონია. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 52 წლის მანანა ჯაბელია 2006 წლის 2 დეკემბერს გარდაიცვალა მოსკოვის დაკავების №2 დაწესებულებაში, ორთვიანი არაადეკვატური სამედიცინო დახმარების და სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე უარის შედეგად.

ქართველები რუსეთიდან 2006 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თვითმფრინავით გამოაძევეს © EPA/ZURAB KURTSIKIDZE

“ნეტგაზეთი” ესაუბრა ლია შიოშვილს, რომელიც 2006 წლის მოვლენების ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლია. დეპორტაციის მომენტში ის 8 თვის ორსული იყო და  17 დღე 4 შვილთან ერთად უმძიმეს პირობებში მოუწია ყოფნა.

“მე არ დავუპატიმრებივართ, უბრალოდ, დეპორტაცია გამიკეთეს ისეთ დროს, როდესაც საჰაერო და სახმელეთო გზაც დაკეტილი იყო. რუსეთს უნდა აეღო თავის თავზე დეპორტირებულის უფასოდ და უსაფრთხოდ ჩამოყვანა, მაგრამ ეს არ გააკეთეს. ამიტომ ჩემით, აზერბაიჯანელი მეგობრების დახმარებით, შევიძინე მატარებლის ბილეთი და ბაქოს გავლით ვგეგმავდი საქართველოში დაბრუნებას. საზღვარზე არ გაგვიშვეს და დაღესტანში მატარებლიდან ჩამოგვსვეს. ჩამოგვართვეს ნივთები და მოგვთხოვეს სატრანზიტო ვიზები. ის ღამე ღია ცის ქვეშ გავათენე 11, 9, 6 და 2 წლის შვილებთან ერთად. ნოემბრის ბოლო იყო და ძალიან ციოდა. კიდევ ორი დღე, ასევე, ღია ცის ქვეშ, საემიგრაციო სამსახურთან გავატარეთ. ბავშვს ჩანთებზე ვაძინებდი და ვუცვლიდი პამპერსს. ვერც კი წარმოიდგენთ, რა საშინელება გამოვიარეთ”, – განაცხადა შიოშვილმა.

ლია შიოშვილი ამბობს, რომ საზღვრის კვეთის საშუალებას სხვა ქართველებსაც არ აძლევდნენ. შემდეგ მათ საკუთარი სახსრებით იქირავეს სარდაფის მსგავსი თავშესაფარი. რუსეთის დატოვების უფლება ორიოდე კვირის შემდეგ მისცეს, როდესაც მოსკოვიდან საქართველოს კონსული ჩამოვიდა და სატრანზიტო ვიზის მიღებაში დაეხმარა. ოჯახს რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის ფეხით გავლა მოუწია. 15 დეკემბერს ის გურჯაანის საავადმყოფოში მოათავსეს, მუცლადმყოფი ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

ლია შიოშვილმა სტრასბურგის სასამართლოში იჩივლა და საქმე მოიგო. 30 000 ევროს ოდენობის კომპენსაცია რუსეთის მხრიდან უკვე ჩაერიცხა. ინდივიდუალური სარჩელის გარდა, მისი საქმე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” (I) სახელმწიფოთაშორისი საქმის ნაწილიცაა. შესაბამისად და დიდი ალბათობით, შიოშვილმა კომპენსაცია უნდა მიიღოს იმ 10 მილიონი ევროდანაც, რომლის გადახდაც რუსეთს სტრასბურგის სასამართლომ დააკისრა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2019 წლის 31 იანვარს გამოაცხადა გადაწყვეტილება ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე, რომლის მიხედვითაც, საქართველომ რუსეთს დავა კომპენსაციის ნაწილშიც მოუგო. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთი ვალდებულია, საქართველოს სახელმწიფოს, როგორც მოსარჩელე მხარეს, ჩაურიცხოს 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია იმ დაზარალებულთათვის გადასაცემად, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ.

გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ რუსეთმა მოცემული თანხა საქართველოს სახელმწიფოს 3 თვის განმავლობაში უნდა ჩაურიცხოს, ხოლო ყოველ გადაცილებულ დღეზე შესაბამისი ჯარიმა გადაიხადოს. საქართველოს სახელმწიფომ მიღებული თანხა სულ ცოტა 1500 დაზარალებულზე ისე უნდა გადაანაწილოს, რომ მათთაგან, ვინც მხოლოდ კოლექტიური გაძევების მსხვერპლი იყო, თითოეულმა 2000 ევროს ოდენობის თანხა, ხოლო ასევე უკანონო დაკავების, პატიმრობისა და არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლებმა დამატებით 10-დან 15 000-მდე ევრო მიიღონ.

ამავე თემაზე:

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მლნ ევროს გადახდა დააკისრა

მასალების გადაბეჭდვის წესი