ახალი ამბები

დარჩიაშვილი მიესალმება რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებას

10 მაისი, 2023 • 828
დარჩიაშვილი მიესალმება რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიესალმება რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

მისი თქმით, რუსეთში „საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქის“ ცხოვრების ფონზე, სავიზო რეჟიმის გაუქმება „ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული, ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი“ და „ყოფით პირობებს გაუადვილებს“ საქართველოს მოქალაქეებს.

„ჩვენი მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რომლებსაც აქვთ ძალიან მჭიდრო კავშირი ადამიანებთან, მათ ახლობლებთან, ნათესავებთან, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში და სწორედ ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი, რომელიც გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს ყოფით პირობებს“, – ამბობს მინისტრი.

მისივე თქმით, სავიზო რეჟიმის გაუქმება „რუსეთის სუვერენული გადაყწვეტილებაა“. დარჩიაშვილი აგრეთვე აცხადებს, რომ „ნებისმიერი ქვეყანა წყვეტს, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეებისთვის დააწესოს უვიზო რეჟიმი და რომელი მოქალაქეებისთვის მოხსნას, სწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე“.


ვლადიმირ პუტინის ახალი განკარგულებით, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაწესებული შეზღუდვა. აგრეთვე, გაუქმდა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

საქართველოსთან პირდაპირი ფრენები რუსეთმა 2019 წლის 8 ივლისს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში დაჯდომამ პროტესტი გამოიწვია.

ბოლო დროს რუსული მხარე აქტიურად საუბრობდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაზე. მმართველ პარტიაში მოვლენათა ასეთ განვითარებას მიესალმებოდნენ, თუმცა წინააღმდეგი იყო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, მომართვის შემთხვევაში, რუსული კომპანიები, რომლებსაც სანქციები არ დაუწესდათ, ფრენების განხორციელებას შეძლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი