საზოგადოება

რუსეთის მთავრობის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა საქართველო „შედარებით მეგობრულ“ ქვეყნად დაასახელა

27 თებერვალი, 2024 • 1237
რუსეთის მთავრობის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა საქართველო „შედარებით მეგობრულ“ ქვეყნად დაასახელა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაარსებულმა ფონდმა „რუსული სამყარო“ [„რუსკი მირ“] 2023 წელს რუსეთისდამი მეგობრული/არამეგობრული ქვეყნების სია გამოაქვეყნა.

საქართველო „შედარებით მეგობრულ ქვეყნადაა“ მიჩნეული.

კვლევის თანახმად, შედეგები დამოკიდებულია 400 რუსი და უცხოელი ექსპერტის გამოკითხვაზე, კვლევის პერიოდში მომხდარ მოვლენებზე, სახელმწიფო დოკუმენტების ანალიზზე, მედიარესურსებსა და სახელმწიფოს ლიდერების განცხადებებზე.

გამოქვეყნებული კვლევა ეხება მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს და ასევე, მოსკოვის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რომლებსაც კრემლში დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებენ.

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც შედარებით მეგობრულად მიიჩნიეს. 

„რაც შეეხება საქართველოს, მიხი პოზიცია თითქმის იმავე [2022 წლის] დონეზე დარჩა. მართალია, ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსი ატარებს ნათლად ანტირუსულ ხასიათს, შერბილდა ეკონომიკური და სამოქალაქო კომუნიკაციების რეჟიმი: გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა, განახლდა ავიამიმოსვლა, ქართული ახალგაზრდობა აქტიურად ინტერესდება რუსული საგანმანათლებლო პროექტებით და ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში“, – წერია კვლევაში საქართველოზე.

მეგობრული ქვეყნების სიას სათავეში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი უდგას. მეორე ადგილზეა ბელარუსი, მესამეზე კი, ოკუპირებული აფხაზეთი. ამავე სიაში არიან შუა აზიის ქვეყნები – ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი. მეგობრულ ქვეყნებად კვლევაში მიჩნეულნი არიან აზერბაიჯანიც და სომხეთიც, თუმცა უკანასკნელი რუსი ექსპერტების „განგაშს იწვევს“.

„ყველაზე მეტად გაუარესდა სომხეთის მაჩვენებლები, რაც ექსპერტების განგაშს იწვევს. პოლიტიკური რიტორიკა და ქვეყნის ხელმძღვანელობის გამოსვლები რუსეთის მიმართ სულ უფრო არამეგობრული ხდება“, – ვკითხულობთ სომხეთზე.

არამეგობრულ ქვეყნებად მიიჩნიეს უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი. ასევე, ამავე კატეგორიაში 2023 წელს მოხვდა მოლდოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი