ახალი ამბები

“უცნობის” აქცია ოპოზიციის დასანახავად და ილია მეორის მხარდასაჭერად

9 აპრილი, 2021 • 3593
“უცნობის” აქცია ოპოზიციის დასანახავად და ილია მეორის მხარდასაჭერად

“ჩვენ, საზოგადოების აქტიური ნაწილი, ვქმნით ორგანიზებულ საზოგადოებრივ ძალას, რომელიც იტვირთებს სამოქალაქო კონტროლის ფუნქციას და არ დაუშვებს ქვეყნის ცივილიზებული განვითარების არჩევანიდან გადახვევას”, — წერია “მარადისობის დღის” დამფუძნებელ დეკლარაციაში, რომელსაც დღეს, 9 აპრილს ხელი მოაწერეს გია გაჩეჩილაძემ და მის მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობის მონაწილეებმა.

დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ის, რაც ქართულ მედიასივრცეში ხდება, ჯანსაღი კრიტიკისგან შორსაა და ავანტიურისტი პოლიტიკოსების რევანშის წყურვილს ემსახურება, ხოლო ხელისუფლება უსუსურია დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი.

“უკიდურესად დესტრუქციული ძალები და მათ მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები მოქმედებენ ყოველგვარი სამართლებრივი თუ ეთიკური წესების გარეშე და ემსახურებიან ყველაფრის ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდების საშიშ და მავნებლურ ამოცანებს”, – ნათქვამია დეკლარაციაში.

გია გაჩეჩილაძის (“უცნობი”) ორგანიზებით აქცია ევროპის მოედანზე შეკრებით დაიწყო. გია გაჩეჩილაძემ თავდაპირველად 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა სახელები წაიკითხა.

“აი, საქართველო, რომელსაც არაფერს ეკითხებიან და რომელიც ყველაფერს ითმენს. აი, საქართველო, რომელიც თავის საყვარელ პატრიარქს პატივს სცემს და მიჰყვება. აი, დაგვინახეთ, დაინახოს ყველამ — ეს ჩვენ ვართ საქართველო”, — მიმართა გაჩეჩილაძემ ევროპის მოედანზე შეკრებილებს.

გაჩეჩილაძის თქმით, შეტევა ხორციელდება პატრიარქზე, ოჯახზე, სტუმარზე, ტრადიციაზე, ავტორიტეტზე და ეკლესიაზე. მან ილია მეორეს მადლობა ლექსად გადაუხადა და ბოდიში მოუხადა.

გაჩეჩილაძის თქმით, ევროპის მოედანზე არსებულ ტოლერანტობის სკვერში უნდა აღმართულიყო ძეგლი, წარწერით “ღმერთი სიყვარულია”, რაც არ მოხდა და დაიდგა ბერლინის კედლის ფრაგმენტი. ეს სიტყვები მან ბერლინის კედლის ფრაგმენტზე პულივიზატორით დააწერა.

აღნიშნული კედლის ფრაგმენტი გერმანიამ საქართველოს 2017 წელს ქართულ-გერმანული მეგობრობის სიმბოლოდ გადასცა. იმავე წლის ნოემბერში კი კედლის ფრაგმენტი ევროპის მოედანზე დაიდგა. თბილისის მერიის ცნობით,  ბერლინის კედლის ფარგმენტზე “პულივიზატორით” წარწერის გაკეთება კანონდარღვევაა და ამის გამო გია გაჩეჩილაძეს დააჯარიმებენ.

ევროპის მოედნიდან აქციის მონაწილეებმა მსვლელობით საპატრიარქოსთან გადაინაცვლეს, სადაც პატრიარქს მადლობა გადაუხადეს. მადლობითვე უპასუხა მსვლელობის მონაწილეებს საპატრიარქომ.

მსვლელობის ბოლო გაჩერება “დედაენის ბაღი” იყო, სადაც “მარადისობის დღის” და საზოგადოებრივი მოძრაობის დამფუძნებელ დეკლარაციას მოეწერა ხელი.

“დედაენის ბაღში დავაფუძნებთ ამათი დასასრულის დასაწყისს. ამათ ჰგონიათ და უნდათ, — კი არ ჰგონიათ, ძალიან უნდათ და გვიწვევენ, რომ რაღაცნაირად რუსთაველზე მოხდეს იმ სუნიანი და გაბინძურებული კარვების აყრა. ყველამ დაინახა, ვის უყვარს საქართველო და ვის არა. ელემეტარულად, ერთი დღით არ აიღეს კარვები, რომ ხალხი მისულიყო [9 აპრილის მემორიალთან] და პატივი მიეგო, მაგრამ არა უშავს. ჩვენ მათ მოედანზე არ ვითამაშებთ. ჩვენ ვართ ინტელექტუალური პროტესტის მომხრე და ყოველთვის ასე დავრჩებით“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ მიმართვისას.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, არაერთი კვირაა, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კარვებია გაშლილი, სადაც ოპოზიციონერი აქტივისტები იმყოფებიან.

შეკრების მიზანი რომ სწორედ ოპოზიციის გაფრთხილება იყო, “ნეტგაზეთთან” საუბარში არ დაუმალავთ აქციის მონაწილეებს:

თამაზ ცირეკიძე: “შეკრების მიზანია, რომ დავანახოთ ამ ვაჟბატონებს, რომ ჩვენი საქართველო გადარჩება. ყველა ქართველმა უნდა იცოდეს, რისთვის არის დაბადებული — თავისუფალ საქართველოს უნდა შევწიროთ თავი, რომ დაინახონ იმ ერთმა მუჭა ნაძირლებმა, — ოპოზიცია რომ ჰქვია და ვითომ ოპოზიცია რომ არის, — რომ ქართველი დღეს კიდევ ცოცხალია. ესენი არიან უსასიზღრესი მტრები ქართველების. როდესაც ძალიან გაუჭირდება ქართველ ერს, გამოჩნდება ძალა, რომელიც გადაარჩენს და დღეს ეს დღეა. გია გაჩეჩილაძე არ მიმაჩნია დიდ [ვინმედ], მაგრამ ეს კარგი საქმე გააკეთა, ამით ბევრი რამე გამოისყიდა”. 

დოდო გურგენიძე: პირველ რიგში, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს. მეორე — ეს იყო მარადისობის დღე. მესამე – ჩვენ ვართ ჯანსაღი ხალხი, რომელიც ვაზროვნებთ და გვინდა, რომ საქართველო იყოს აყვავებული და გაბრწყინებული. და ჩვენ დავანახოთ ოპოზიციას, რომლებიც ასე ჩასაფრებულები არიან და გვებრძვიან, საქართველოს ებრძვიან, რომ ჩვენც ვართ — ამომრჩეველიც ვართ, მოაზროვნე ხალხიც ვართ, ინტელიგენციაც ვართ და ვართ საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც მდუმარე შეკრებით პატივი ვეცით გარდაცვლილებსაც და მომავალ თაობასაც”.

აქციის მონაწილეები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ მედიის წინააღმდეგ. ჟურნალისტებს ეძახდნენ ზონდერებს, ზოგ შემთხვევაში აგინებდნენ და ხელს უშლიდნენ გადაღებაში. გია გაჩეჩილაძემ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც კომენტარს სთხოვდნენ, მასთან ცეკვა და სიმღერა შესთავაზა.

თავად გია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ დღევანდელი ღონისძიება არა აქცია, არამედ შეკრება იყო და “მარადისობის დღე” ყოველწლიურად აღინიშნება.

“წელიწადში ერთხელ, ამ დღეს შესაძლებელი იქნება, რომ ხალხი გამოვიდეს და დააფიქსიროს თავისი აზრი, მიმართოს ნებისმიერ ხელისუფლებას, ვინც იქნება იმ დროს — გინდ პროტესტით, გინდ მადლობით, მაგრამა~ ერთი დღე უნდა იყოს ხალხის და ეს დღე იქნება 9 აპრილის”, — თქვა გია გაჩეჩილაძემ.

ამ თემაზე:

გზავნილია, „ოცნებამ“ გაიტანოს ეს პოლიტიკური ნაგავი, თუ შეუძლია – უცნობი 9 აპრილის შეკრებაზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი