ახალი ამბები

მრავალათასიანი ანტისამთავრობო აქცია სტამბოლში [ფოტო]

23 მაისი, 2022 • 2824
მრავალათასიანი ანტისამთავრობო აქცია სტამბოლში [ფოტო]

თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ჯანან ქაფთანჯიოღლუს გასამართლების შემდეგ, სტამბოლში გამართულ ანტისამთავრობო აქციას ათობით ათასი ადამიანი შეუერთდა.

თავდაპირველი გეგმით, აქცია სახელწოდებით “ერის ხმა” ქალაქ ბურსაში უნდა გამართულიყო, თუმცა ქაფთანჯიოღლუსთვის გამოტანილმა განაჩენმა ოპოზიციის გეგმები შეცვალა და დემონსტრაციის ჩატარება თურქეთის უდიდეს ქალაქში, სტამბოლში გადაწყდა.

ქაფთანჯიოღლუს, რომელიც სეკულარული “რესპუბლიკური სახალხო პარტიის”(CHP) სტამბოლის ფრთას ხელმძღვანელობს, სასამართლომ თითქმის 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ჯანან ქაფთანჯიოღლუ მხარდამჭერებს ესალმება 21 მაისის ანტისამთავრობო აქციაზე. ფოტო: EPA

მას პრეზიდენტისა და სახელმწიფოს შეურაცხყოფას ედავებოდნენ 2013-17 წლებში სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტებისა და სატელევიზიო გამოსვლების გამო.

მიიჩნევა, რომ 50 წლის ჯანან ქაფთანჯიოღლუმ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ოპოზიციის კამპანიაში 2019 წლის სტამბოლის მუნიციპალური არჩევნების წინ, რომელშიც CHP-ს კანდიდატმა, ექრემ იმამოღლუმ  პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიის კანდიდატი დაამარცხა.

იქამდე, 25 წლის მანძილზე, ქალაქს ერდოღანის პარტია მართავდა.

 ანტისამთავრობო აქცია სტამბოლში. 21.05.22 ფოტო: EPA

უმაღლესმა სასამართლომ ქაფთანჯიოღლუს განაჩენი მაისში გამოაცხადა. მან დაადასტურა სამი ბრალდება ქაფთანჯიოღლუს წინააღმდეგ, მათ შორის “სახელმწიფოს თანამდებობის პირის შეურაცხყოფა”, “სახელმწიფოს შეურაცხყოფა” და “პრეზიდენტის შეურაცხყოფა”.

აღნიშნულმა ინსტანციამ პოლიტიკოსის პატიმრობის ვადა შეამცირა და 4 წლით, 11 თვითა და 20 დღით განსაზღვრა.

თურქეთის კანონმდებლობით, როცა სასჯელის ზომა 5 წელიწადზე ნაკლებია, მსჯავრდადებულს პირობით პატიმრობას უსჯიან. შესაბამისად, მოსალოდნელი არ არის, რომ ჯანან ქაფთანჯიოღლუს ციხეში ჩასვამენ, თუმცა განაჩენმა, შესაძლოა, ხელი შეუშალოს მას არჩევნებში მონაწილეობაში ან საჯარო თანამდებობის დაკავებაში სამომავლოდ.

ჯანან ქაფთანჯიოღლუ, რომლის გამოჩენასაც აქციაზე ოვაციები მოჰყვა, ბრალდებებს უარყოფს და პოლიტიკრუად მოტივირებულად მიიჩნევს. კრიტიკოსები პოლიტიკოსის გასამართლებას აღიქვამენ ოპოზიციის დევნის ნაწილად საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელიც თურქეთში 2023 წელს ტარდება.

 ანტისამთავრობო აქცია სტამბოლში. სცენის თავზე დატანილია “რესპუბლიკური სახალხო პარტიის”(CHP) ლიდერის, ქემალ ქილიჯდაროღლუს სურათი. 21.05.22 ფოტო: EPA

CHP და სხვა კრიტიკოსები არაერთგზის აყენებენ კითხვის ნიშის ქვეშ თურქეთის სასამართლოს დამოუკიდებლობას რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველობის პირობებში.

ეს საკითხი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა თურქეთში გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რომელსაც 2016 წელს ჰქონდა ადგილი. ამის შემდეგ ხელისუფლებამ წმენდა ჩაატარა სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში.

თავის მხრივ, თურქეთის ხელისუფლებაში ამტკიცებენ, რომ ქვეყნის სასამართლო დამოუკიდებელია.

21 მაისის დემონსტრაცია სტამბოლის აზიურ ნაწილში, მალთეფეს მოედანზე გაიმართა. აქციის მონაწილეები ოპოზიციისა და თურქეთის ეროვნულ დროშებს აფრიალებდნენ, მღეროდნენ და სკანდირებდნენ სხვადასხვა სლოგანს, მათ შორის, “უფლება, კანონი, სამართლიანობა!”

მასალების გადაბეჭდვის წესი