ახალი ამბები

სტამბოლში ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა გასამართლებული მერის მხარდასაჭერად [ფოტო]

16 დეკემბერი, 2022 • 965
სტამბოლში ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა გასამართლებული მერის მხარდასაჭერად [ფოტო]

თურქეთის ქალაქ სტამბოლის ოპოზიციონერი მერის, ექრემ იმამოღლუს გასამართლებას მრავალმა მოქალაქემ მასშტაბური საპროტესტო აქციით უპასუხა. მერიასთან შეკრებილი ათობით ათასი ადამიანი ეროვნულ დროშებს აფრიალებდა და ანტისამთავრობო სლოგანებს სკანდირებდა.

სასამართლომ თურქეთში, სადაც მომდევნო წელს არჩევნები უნდა ჩატარდეს, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოპულარულ მოწინააღმდეგეს 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით პატიმრობა მიუსაჯა, დაუდგინა რა საარჩევნო კომისიის წევრების შეურაცხყოფა. გადაწყვეტილების მიხედვით, იმამოღლუს ამავე პერიოდით ეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა.

იმისათვის, რომ ძალაში შევიდეს, ვერდიქტმა ზედა ინსტანციები — სააპელაციო და უზენაესი სასამართლოები — უნდა გაიაროს. აღსრულდება თუ არა ის, სწორედ ბოლო ინსტანციის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

ექრემ იმამოღლუ მიმართავს აქციის მონაწილეებს. 15.12.22 ფოტო: EPA 

თურქული გაზეთის, “ჯუმჰურიეთის” ცნობით, იმ ფონზე, რომ სასჯელის ზომა 5 წელიწადზე ნაკლებია, მოსალოდნელია, რომ იმამოღლუს ციხეში არ ჩასვამენ, თუმცა ვერდიქტის აღსრულების შემთხვევაში, მას პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა ემუქრება, რაც სტამბოლის მერს თანამდებობიდან ჩამოცილებას უქადის და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის პერსპექტივას უკარგავს.

ბუნდოვანია, რამდენ ხანს გაგრძელდება საქმის განხილვა სასამართლოებში. 2023 წლის არჩევნები თურქეთში, სავარაუდოდ, ზაფხულში ჩატარდება.

სასამართლოს ვერდიქტით უკმაყოფილო მოქალაქეები სტამბოლის მერიასთან გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს, 14 დეკემბერსვე შეიკრიბნენ, თუმცა 15 დეკემბერს ადგილზე უფრო მასშტაბური დემონსტრაცია ჩატარდა.

“უფლება, კანონი, სამართლიანობა!” — სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები სლოგანს, რომელიც არაერთგზის ისმის “რესპუბლიკური სახალხო პარტიის”(CHP) შეკრებებზე — მთავარი ოპოზიციური პარტიისა, რომელსაც ექრემ იმამოღლუ წარმოადგენს.

აქციაზე ასევე ისმოდა შეძახილები “გადადგეს მთავრობა!” და “მოვა დღე, როცა AKP-ს პასუხისმგებლობა დადგება”. AKP(“სამართლიანობისა და განვითარების პარტია”) თურქეთის მმართველი ძალაა, რომელსაც პრეზიდენტი ერდოღანი ხელმძღვანელობს.

აქცია სტამბოლში ექრემ იმამოღლუს მხარდასაჭერად. 15.12.22 ფოტო: Facebook/Ekrem İmamoğlu

“მთავრობას ეშინია და ამიტომაც დადგა ასეთი ვერდიქტი. ამ ერს ვერავინ შეაჩერებს”, — ციტირებს სააგენტო “როიტერი” 56 წლის დემონსტრანტს, რომელიც სტამბოლში 220 კმ-ით დაშორებული დუზჯედან ჩავიდა.

ექრემ იმამოღლუ 2019 წელს აირჩიეს სტამბოლის მერად. მაშინ ქალაქში არჩევნები ორჯერ ჩატარდა, ვინაიდან პირველი კენჭისყრის შედეგი, რომლის თანახმადაც ოპოზიციონერმა იმამოღლუმ მცირე სხვაობით დაამარცხა ხელისუფლების კანდიდატი, გაუქმდა. მეორე ჯერზე ოპოზიციამ უფრო დიდი სხვაობით მოიგო.

პირველი კენჭისყრის გაუქმების შემდეგ, იმამოღლუმ თქვა, რომ ისინი, ვინც არჩევნები გააყალბა, ნაძირალები არიან. სწორედ ამ რეპლიკის გამო დაადანაშაულა სასამართლომ სტამბოლის მერი საარჩევნო კომისიის წევრთა შეურაცხყოფაში. თავად იმამოღლუ დასძენს, რომ ეს იყო მისი პასუხი შინაგან საქმეთა მინისტრისადმი, რომელმაც, როგორც მერი ამბობს, ასეთივე ლექსიკა გამოიყენა მის წინააღმდეგ.

იმამოღლუს მაშინდელმა გამარჯვებამ სტამბოლში ერდოღანის პარტიის 25-წლიანი მმართველობა დაასრულა, რის ფონზეც თურქეთის უდიდესი ქალაქის მერი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად იქცა თურქეთში.

აქცია სტამბოლში ექრემ იმამოღლუს მხარდასაჭერად. 15.12.22 ფოტო: Facebook/Ekrem İmamoğlu

“საერთოდ არ მეშინია მათი არალეგიტიმური ვერდიქტის… მე არ მყავს მოსამართლეები, რომლებიც დამიცავენ, მაგრამ ჩემ უკან დგას 16 მილიონი სტამბოლელი და ჩვენი ერი…”

“ამ წესრიგს მომავალ წელს, არჩევნებზე შევცვლით”, — მიმართა იმამოღლუმ 15 დეკემბრის აქციის მონაწილეებს.

2023 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა იყოს ერდოღანისთვის, თურქეთში ცხოვრების გაძვირებისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე.

ერდოღანის წინააღმდეგ ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ შეკრა ალიანსი. გამოკითხვების თანახმად, იმამოღლუმ, შესაძლოა, დაამარცხოს ერდოღანი, თუმცა ოპოზიციური ალიანსი საერთო კანდიდატზე ჯერაც არ შეჯერებულა. შესაბამისად, უცნობია, ვინ იბრძოლებს თურქეთის მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ.

ოპოზიციური ალიანსის წევრები აქციაზე. 15.12.22 ფოტო: Facebook/Ekrem İmamoğlu

თურქეთის ოპოზიცია არაერთგზის აღნიშნავს, რომ ქვეყნის მართლმსაჯულება ერდოღანის სურვილებზე დგას, რასაც ხელისუფლება უარყოფს და ამბობს, რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია.

იმამოღლუსადმი გამოტანილ გადაწყვეტილებას კრიტიკა თურქეთის გარეთაც მოჰყვა: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, “ღრმად შეწუხებული და იმედგაცრუებულია” იმამოღლუს შესაძლო ჩამოცილებით პოლიტიკიდან, გერმანია კი “დემოკრატიაზე მძიმე დარტყმას” უწოდებს ვერდიქტს.

“ეს განაჩენი არაპროპორციულია და ადასტურებს მართლმსაჯულების სისტემურ ნაკლებობას, მოსამართლეებსა და პროკურორებზე არასათანადო პოლიტიკურ ზეწოლას თურქეთში”, — დასძენს ევროკავშირი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთს, თითქმის ორი ათწლეულია, მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი