საზოგადოება

რატომ არ საუბრობს „ოცნება“ უკრაინის წარმატებებზე

29 მარტი, 2023 • 2426
რატომ არ საუბრობს „ოცნება“ უკრაინის წარმატებებზე

საქართველოს ხელისუფლება, რომელიც, წესით, უკრაინის პირველი გულშემატკივარი უნდა ყოფილიყო საერთო ოკუპანტის წინააღმდეგ ომში, ბრძოლების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგაც თითქმის არასდროს საუბრობს კიევის სამხედრო წარმატებებზე და კვლავ რუსეთის უძლეველობის მითის განვითარებას უწყობს ხელს.

ბოლო დროს ხელისუფლებამ სპეციალური ტერმინი — „უკრაინიზაცია“ – შემოიღო „კატასტროფის“ აღსაწერად, რომელიც შეიძლება ქვეყანას ომმა მოუტანოს. ამ კონტექსტში „ქართული ოცნება“ გამოკვეთს არა — რუსეთის, როგორც აგრესორის როლს, არამედ აქცენტს აკეთებს უკრაინის აოხრებაზე.

რას ემსახურება „ოცნების“ ავისმომასწავებელი რიტორიკა უკრაინის მიმართ? – არსებობს ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში ჩატარებული სოციოლოგიური ექსპერიმენტი, რომელიც შესაძლოა ხსნიდეს, თუ რატომ ურჩევნია „ოცნებას“ უკრაინის სამხედრო წარმატებებზე მეტად ზარალაზე საუბარი.

„უკრაინიზაცია“

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 მარტს, პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა უკრაინაში შექმნილ მდგომარეობაზე და აქცენტი უკრაინული მხარის ზარალზე გააკეთა.

„უკრაინის ომის შედეგები დღეის მდგომარეობით არის შემდეგი — 20% არის ოკუპირებული, 100 000-ზე მეტი გარდაცვლილი. დანგრეული და მიწასთან გასწორებული ქალაქები, სოფლები, რაიონები. განადგურებულია საჯარო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, კრიტიკული ენერგეტიკული ობიექტები. ექსპერტების დათვლით, ზარალი შეადგენს თითქმის ერთ ტრილიონ დოლარს. უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაქცეულია პოლიგონად. 15-დან 20 მილიონამდე უკრაინელმა დატოვა საკუთარი საცხოვრებელი. ეს არის ტრაგედია და ამ სიტუაციას სჭირდება ყოველდღიური გაანალიზება“, — განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს წინაშე არსებული რეალური საფრთხეა ე.წ. უკრაინიზაციის გეგმა და „მეორე პოლიგონის“ გახსნა.

ამ განცხადებით ირაკლი ღარიბაშვილი აგრძელებს თავის ნარატივს, რომელიც ჯერ კიდევ ომის დაწყების მეორე დღეს გაახმიანა — რომ თუ ვინმე დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განავრცო, თუ რას ნიშნავს ტერმინი „უკრაინიზაცია“.

„2,5-ჯერ გაიზარდა ოკუპაციის არეალი მას შემდეგ, რაც შარშან დაიწყო ომი; მოსახლეობის ნახევარი — დაახლოებით 20 მილიონი არის ან ლტოლვილი, ან დევნილი, ან ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შარშან ჰქონდათ 35%-იანი ეკონომიკური ვარდნა, რაც არის კატასტროფა. რაც ჩვენ გვქონდა 90-იანი წლების დასაწყისში, იყო ზუსტად ეს მაჩვენებელი. ინფრასტრუქტურა განადგურებული, 100 000-ზე მეტი დაღუპული, 500 მარტო ბავშვი არის დაღუპული. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სიღარიბის აღმოფხვრამ უკრაინაში გადაიწია 15 წლით“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ ამ ყველაფრის ფონზე ცინიკურია ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებები, რომ უკრაინა 2050 წლამდე გახდება ევროკავშირის წევრი.

„ეს არის უკრაინიზაცია და ეს უნდა ავაცილოთ ჩვენ ქვეყანას“, — თქვა მან.

ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას უპასუხა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა და თქვა, რომ უკრაინელები მზად არიან საკუთარი თავისუფლებისთვის გარკვეული ფასი გადაიხადონ, რადგან მათი სურვილია თავისუფალ ქვეყანაში იცხოვრონ.

„ღარიბაშვილის უფლებაა, იყოს მუხლებზე დაჩოქილი რუსეთის ფედერაციის წინ. თუ არ გინდა იყო გამბედავი, ნუ იქნები, მაგრამ უბრალოდ გაჩუმდი! ომი ყველა შემთხვევაში რუსეთის დამარცხებით დასრულდება და არ არის საჭირო, საკუთარი რეპუტაცია გაცვალო აუტსაიდერის მხარდაჭერაში, მაშინ როდესაც ქართველ ერს თავისუფლების მოპოვების ფენომენალური ისტორია აქვს“, — განაცხადა პოდოლიაკმა.

ტერმინის პირველწყარო

ტერმინ „უკრაინიზაციის“ პირველწყარო უახლეს პოლიტიკურ რიტორიკაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანტიდასავლური მოძრაობა „ხალხის ძალაა“.

20 მარტს „ხალხის ძალამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც იმეორებს კონსპირაციას გლობალური ომის პარტიის შესახებ, რომელიც საქართველოში თავისი მიზნების მისაღწევად თითქოსდა „ამერიკისა და ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებს იყენებს“.

„ჩვენს თავს უნდა დავუსვათ შეკითხვა: ხომ არ არის საქართველოს უკრაინიზაცია, ანუ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა ის მთავარი მიზანი, რომლისკენაც ქართული პოლიტიკის ხელოვნური პოლარიზაცია არის მიმართული?“ – ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ კონსპირაციაა, თითქოს არსებობს „გლობალური ომის პარტია“, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების „აყირავების“ თუ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნების გზით უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში საქართველოს ჩართვა სურს (და ამ სცენარის ნაწილია შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადარიცხვების შეჩერებაც).

„ოცნების“ რიტორიკა VS რეალობა

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან „ქართული ოცნების“ რიტორიკა ეხმიანება რუსეთის უძლეველობის, დასავლეთის სისუსტის, უკრაინის დაჩაგვრისა და მესამე მსოფლიო ომის საფრთხის ნარატივებს.

მაგალითისთვის, საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები იმეორებენ, რომ ომის შემჩერებელი არავინაა, დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არაეფექტურია და უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ არის გამოსავალი. ხაზს უსვამენ, რომ რუსეთი არის „ნომერ პირველი ბირთვული ძალა“. ასევე, სჯერათ ან საზოგადოებას არწმუნებენ, რომ რუსეთს უკრაინაში უპირატესობა აქვს ამ ეტაპზეც და საერთო ჯამშიც.

ასეა ეს?

რამდენიმე კრიტერიუმი არსებობს იმის შესაფასებლად, თუ ვინ იგებს ომს, თუმცა მთავარი საზომი ომის დაწყებამდე დასახული მიზნის მიღწევაა. ტერიტორიის დაკავება/გათავისუფლება საერთო სურათის მხოლოდ ერთი კომპონენტია და უფრო მიზნის მიღწევის ინსტრუმენტია, ვიდრე თავად მიზანი. კრემლის ომის გაცხადებული მიზანი კი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“ იყო, ე.ი. კიევის არჩეული ხელისუფლების დამხობა და იქ მარიონეტული რეჟიმის განწესება.

100 000-ზე მეტი სამხედროს და შეიარაღების დაკარგვის, ეკონომიკური უკუსვლის, საერთაშორისო იზოლაციისა და ნატოსთან 1300 კილომეტრით გაზრდილი საზღვრის პარალელურად, კრემლი დასახული მიზნისგან დღეს ბევრად შორსაა, ვიდრე ომის დაწყებამდე იყო — განიარაღების ნაცვლად, უკრაინის ინტენსიური შეიარაღება მიმდინარეობს. ამ დროისთვის, და დიდი ალბათობით, შეუქცევადად დააღწია უკრაინამ თავი რუსეთის გავლენის სფეროს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდა.

„მსოფლიო რჩება შთაგონებული უკრაინელების სიმამაცითა და გამძლეობით. რუსეთმა წააგო სტრატეგიულად, ოპერატიულად და ტაქტიკურად“, — ამბობს აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი მარკ მილი.

მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების მაქსიმალისტურ მიზანთან — ყირიმის ნახევარკუნძულის ჩათვლით საკუთარი ტერიტორიის სრულ დეოკუპაციასთან — არც უკრაინაა ახლოს, მრავალი კრიტერიუმით, საომარი და გეოპოლიტიკური პოზიციები ამჟამად უკრაინისთვის უფრო ნაკლებად  წამგებიანია, ვიდრე — რუსეთისთვის.

„ბოლო 1 წლის განმავლობაში უკრაინამ ომის დასაწყისში ოკუპირებული ტერიტორიების ნახევარი უკვე გაათავისუფლა. თუ არ ჩავთვლით ლუგანსკსა და ქალაქ დონეცკს, რომელიც სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდეც ოკუპირებული იყო, არცერთ ადმინისტრაციულ საოლქო ცენტრს რუსეთი აღარ აკონტროლებს. ტენდენციას თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ უკრაინელთა ბრძოლამ შედეგი გამოიღო“, — ამბობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მიწვეული ლექტორი, „საგარეო პოლიტიკის საბჭოს” უფროსი მკვლევარი გიორგი კობერიძე.

ის ხაზს უსვამს, რომ რუსეთმა დაკარგა იმაზე მეტი ცოცხალი ძალა, ვიდრე რაციონალურ გათვლაში წარმოედგინა. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების საერთაშორისო ცენტრის (CSIS) თანახმად, უკრაინასთან ომის პირველ წელს რუსულ მხარეს დაღუპულთა რაოდენობამ გადააჭარბა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის ყველა ომში დაღუპულთა საერთო რაოდენობას.

მოსკოვისგან განსხვავებით, კიევისთვის ომი არჩევანი არ ყოფილა — უკრაინა თავს იცავს რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის შემდეგ.

„უკრაინელმა ხალხმა როდესაც გადაწყვიტა, ებრძოლა სუვერენიტეტისთვის, ეგზისტენციალური საფრთხის წინააღმდეგ, გააზრებული ჰქონდა, რომ ამ ფასეულობების დაცვას შეიძლება მოჰყოლოდა ომი, ნგრევა, მსხვერპლი, მაგრამ საბოლოო შედეგი იქნებოდა გამარჯვება და ქვეყნის გათავისუფლება. ყველაზე კარგად მათი ჩვენ უნდა გვესმოდეს, რადგან ეს ყველაფერი გამოვიარეთ. შეიძლება პირდაპირ არა, მაგრამ უკრაინა დღეს იბრძვის საქართველოს ინტერესებისთვისაც. რაც უფრო დასუსტებული იქნება მოწინააღმდეგე, მით უფრო თავისუფალი იქნება საქართველო“, — ამბობს კობერიძე და უკიდურესად სახიფათოდ აფასებს საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან „მიტმასნების“ მცდელობას.

გიორგი კობერიძე

„რუსეთისთვის ყველა ფლანგზე დადგა ძალიან მძიმე პოლიტიკური თუ სამხედრო რეალობა. რაც  მთავარია, რუსეთის ხელისუფლება არა მხოლოდ იზოლირებული აღმოჩნდა პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივი დევნა დაიწყო მათზე. რაც ნიშნავს, რომ მასთან მიტმასნილი ყველა ლიდერი ასევე იზიარებს კოლექტიურ პასუხისმგებლობას იმ ყველაფერზე, რაც ხდება. ამიტომ, ზოგადად, ძალიან საშიში თამაშია ნებისმიერისგან, იმ ნავში ჩაჯდომის სურვილი ჰქონდეს, რომელშიც ახლა იმყოფება სამხედრო დამნაშავე. ეს ძალიან წინდაუხედავი ნაბიჯია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომელიც, რა თქმა უნდა, იმ ნავში პირდაპირ არ ზის, რომელშიც რუსეთის ხელისუფლება იმყოფება, მაგრამ იმ ნავიდან გადმოსვლას კი ნამდვილად ცდილობს, სადაც ცივილიზებული სამყაროა“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ კობერიძემ.

რით აიხსნება „ოცნების“ რიტორიკა?

„ტერმინი „უკრაინიზაცია“ თუ რამეს შეიძლება გულისხმობდეს, ესაა სუვერენიტეტისთვის და თავისუფლებისთვის, როგორც უმაღლესი ღირებულებისთვის, ბრძოლა. საქართველოს ხელისუფლების მიერ ეს ტერმინი ძალიან არასწორად არის გამოყენებული“, — ამბობს გიორგი კობერიძე.

ის ორი მიზეზით ხსნის, „ქართული ოცნების“ მიერ უკრაინის დანაკარგებზე ფოკუსირებას.

„პირველი — საქართველოს ხელისუფლების მიერ თავიდანვე ფსონი დადებული იყო რუსეთზე და ახლაც, ალბათ, ამ პროცესს მიჰყვებიან. თავდაპირველად მათ ჩათვალეს, რომ ფსონი გააკეთეს უფრო ძლიერზე, რომელიც ჩანდა, რომ უფრო ძლიერი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არ არის. მეორე მიზეზია ზოგადად სიახლოვე, რომელიც ქართულ პოლიტიკურ მმართველობას მეტი აქვს რუსული მმართველობის სტილთან, ვიდრე — ევროპასთან“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ კობერიძემ.

მისი თქმით, ობიექტურობისთის შეიძლებოდა ჰიპოთეზურად დაგვეშვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამოძრავებს სიფრთხილე, მაგრამ ამ შემთხვევაში ის თუ არ დაუპირისპირდებოდა რიტორიკის დონეზე რუსეთს, არც მოკავშირეებს გალანძღავდა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ლანძღავს უკრაინელებს, დასავლელ მოკავშირეებს აღიქვამს მტრულ ძალად, რომელთაც თითქოს ქვეყნის შიგნით არეულობა უნდათ და, მეორე მხრივ, თავის ეგზისტენციალურ მტერთან მიმართებით ცდილობს ეკონომიკურ ბმას, ფრენების აღდგენას, პოზიტიური პოლიტიკური სიგნალების გაგზავნას. ეს არ არის სიფრთხილის პოლიტიკა. ეს არის მიტმასნების პოლიტიკა. საერთაშორისო უსაფრთხოების ტერმინია და ძალიან კარგად გამოხატავს, როგორია მაქსიმალური დესუვერენიზაციის პოლიტიკა“, — განაცხადა კობერიძემ.

ინფორმაციის მიწოდების გავლენა დათმობების მიმართ დამოკიდებულებებზე

უკრაინის დანაკარგებზე ფოკუსირებულ რიტორიკას, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს, შესაძლოა, პროპაგანდისტული მიზნებიც ჰქონდეს.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველომ) თებერვალში გამოაქვეყნა კვლევა „საგარეო საფრთხეების აღქმა საქართველოში“.

გამოკითხვაში გამოიყენეს სოციოლოგიური ექსპერიმენტი, რათა დაედგინათ, თუ რა გავლენას ახდენს სხვადასხვა შინაარსის ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობის შეხედულებებზე რუსეთთან ომის აცილების სანაცვლოდ გაწეული დათმობების შესახებ.

ექსპერიმენტისთვის რესპონდენტები შემთხვევითობის პრინციპით სამ ჯგუფში გაანაწილეს.

  • პირველმა ჯგუფმა მიიღო ინფორმაცია, რომელიც უკრაინის სამხედრო წარმატებას უსვამდა ხაზს,
  • მეორე ჯგუფმა მოისმინა ინფორმაცია, რომელიც აქცენტს უკრაინის დანაკარგებზე აკეთებდა,
  • მესამე ჯგუფს რაიმე სახის დამატებითი ინფორმაცია არ მიუღია.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ქვეყნის პროდასავლური არჩევანის მიმართ ყველაზე ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავენ და ვინც ყველაზე ნაკლებად უჭერენ მხარს რუსეთთან რაიმე კომპრომისს (კერძოდ, ოპოზიციის მხარდამჭერები და ახალგაზრდები), ყველაზე მეტად მოწყვლადნი არიან უკრაინის დანაკარგების შესახებ ინფორმაციის მიმართ და ყველაზე ხშირად იცვლიან შეხედულებებს რუსეთის მიმართ კომპრომისების თაობაზე.

მაგალითად, ოპოზიციის მხარდამჭერები, რომლებმაც მოისმინეს ინფორმაცია უკრაინის დანაკარგების შესახებ, 25 პროცენტული პუნქტით უფრო ხშირად ირჩევენ პასუხს, რომ „უკრაინას შეეძლო ომის თავიდან არიდება რუსეთთან გარკვეულ დათმობებზე წასვლით“, ვიდრე ოპოზიციის ის მხარდამჭერები, რომლებსაც არანაირი ინფორმაცია არ მიუღიათ უკრაინაში ომის მიმდინარეობის თაობაზე.

ადამიანები, რომლებსაც კვლევის მიხედვით, რუსეთის მიმართ ისედაც უფრო რბილი პოზიციები აქვთ (პარტიებისადმი მიუმხრობლები და მმართველი პარტიის მხარდამჭერები), ინფორმაციის ეფექტის მიმართ უფრო მედეგნი (გამძლენი) არიან და შეხედულებებს არ იცლიან იმის მიხედვით, რა ტიპის ცნობებს მიაწვდი უკრაინის ომზე.

კვლევის ავტორს გიორგი ბაბუნაშვილს ვკითხეთ, რით აიხსნება ინფორმაციის ეფექტის გავლენის სხვაობა ოპოზიციისა და ხელისუფლების მომხრეებში:

„მიზეზი, სავარაუდოდ, ისაა, რომ რუსეთისადმი კომპრომისულად განწყობილი ადამიანები — მმართველი პარტიის მხარდამჭერები, შედარებით უფროსი ასაკის ხალხი, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა და ა.შ. — დიდი ხანია ინფორმაციას იღებს იმ საინფორმაციო წყაროებიდან, რომელიც მათ ისედაც უკრაინის დანაკარგებზე ფოკუსირებულ სიახლეებს აწვდის. შესაბამისად, კვლევაში წარმოდგენილ მოცემულობას მათზე დამატებითი ზეგავლენა არ მოუხდენია. ხოლო რატომ არ მოახდინა ზეგავლენა პირიქით, [უკრაინის სამხედრო] წარმატებაზე მიწოდებულმა დებულებამ? შეიძლება ისევ და ისევ იმიტომ, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არიან მოქცეული ისეთ ინფორმაციულ ველში, რომ საპირისპირო ინფორმაციის მიმღებლობაც არ აქვთ“.

თუ პარალელებს გავავლებთ ამ კვლევის შედეგებსა და მმართველი პარტიის რიტორიკას შორის, ბაბუნაშვილის თქმით, აშკარაა გარკვეული კანონზომიერება, რომელსაც „ოცნება მიჰყვება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებას თავისი კვლევები აქვს და თვითონ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა როგორ მოქმედებს საზოგადოებრივ განწყობაზე. როგორც კვლევა უჩვენებს, საზოგადოებაზე, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილ და პროდასავლურ ნაწილზე, მაინც მოქმედებს რუსეთიდან მომდინარე საფრთხის ხაზგასმა. შესაბამისად, აპელირება ომის საფრთხეზე და იმაზე ხაზგასმა, რომ  „თუ კარგად არ მოვიქცევით, იგივე დაგვემართება, რაც უკრაინას” – შეიძლება სწორედ ოპოზიციური მუხტის შესუსტებაზე იყოს მიმართული“, — ამბობს ბაბუნაშვილი.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ საერთო ჯამში, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას მაინც არ სჯერა, რომ დათმობების გზით რუსეთთან ომის არიდება შესაძლებელია.

რას (არ) დათმობდი ომის არიდების სანაცვლოდ? – კვლევა

მასალების გადაბეჭდვის წესი