საზოგადოება

რას (არ) დათმობდი ომის არიდების სანაცვლოდ? – კვლევა

21 თებერვალი, 2023 • 2143
რას (არ) დათმობდი ომის არიდების სანაცვლოდ? – კვლევა

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველომ) წარმოადგინა შედეგები კვლევისა — „საგარეო საფრთხეების აღქმა საქართველოში“.

გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მხრიდან პოტენციური საფრთხის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას მტკიცედ უჭერენ მხარს, თუმცა, გადაჭარბებული მოლოდინი არ აქვთ იმის შესახებ, რომ ნატოში გაწევრიანება ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს.

ამავდროულად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ნატო-ს მხარდაჭერა 77-დან 69%-მდე შემცირდა (წინა გამოკითხვაში), ახლა კი 71%-ს შეადგენს.

მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ნატოსა და ვეროკავშირის წევრობა მათ ქვეყანას ეკონომიკურ განვითარებას მოუტანს და არ სჯერა, რომ ამის გამო  ეროვნულ იდენტობას დაკარგავენ.

მოსახლეობის საგარეო ორიენტაციის გასაგებად რესპონდენტებს სთხოვეს აერჩიათ, ორიდან რომელ მოსაზრებას უფრო ეთანხმებიან: „საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით (ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებით)“ და „საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე“.

უმრავლესობა (54%) ამბობს, რომ საქართველოსთვის სასარგებლოა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

საქართველოს პროდასავლური მისწრაფებების მხარდაჭერის დონე უფრო მაღალია ახალგაზრდებს, ქალაქების მოსახლეობას, უმაღლესი განათლების მქონე პირებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის, ვიდრე სხვა ჯგუფებში. მაგალითად, ოპოზიციის მომხრეთა 71% და „ქართული ოცნების“ მომხრეთა 46% მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებით.

ასევე, დასავლეთთან ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობის მიმართ ყველაზე დიდ მხარდაჭერას (66%) ოპოზიციის მომხრეები გამოხატავენ, რაც მინიმუმ 20 პროცენტული პუნქტით აღემატება ამავე არჩევანის მიმართ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისა და პარტიებისადმი მიუმხრობელი ადამიანების მხარდაჭერის დონეს. სხვა ჯგუფებს რაც შეეხება, ხანდაზმულები, სოფლად მცხოვრები და დაბალი განათლების მქონე ადამიანები ცოტა უფრო ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ დასავლეთთან თანამშრომლობას, ვიდრე დიდი ქალაქების მცხოვრებლები და უმაღლესი განათლების მქონე პირები.

დათმობა ომის ასარიდებლად

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ სჯერა, რომ დათმობების გზით რუსეთთან ომის არიდება შესაძლებელია. მესამედზე მეტი ამბობს, რომ, ზოგადად, დათმობების მეშვეობით ომის თავიდან აცილება უკრაინაშიც შეიძლებოდა და საქართველოშიც. მაშინ, როცა გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (46%) მიიჩნევს, რომ რუსეთის მიმართ დათმობები უკრაინას ომის თავიდან აცილებაში არ დაეხმარებოდა, მხოლოდ 22%-ს აქვს ანალოგიური მოსაზრება საქართველოს შესახებ.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს უფრო მეტად სჯერათ როგორც იმის, რომ დათმობებზე წასვლით საქართველოს რუსეთთან შესაძლო ომის თავიდან აცილება შეუძლია, ასევე იმის, რომ უკრაინას ომის არიდება შეეძლო. ოპოზიციის მხარდამჭერები, პარტიებისადმი მიუმხრობლები, ქალაქების მოსახლეობა და შედარებით მაღალი განათლების მქონე პირები უფრო ხშირად ამბობენ, რომ საქართველოს ვერანაირი დათმობა ვერ აარიდებს რუსეთთან პოტენციურ კონფლიქტს და ასევე, ვერ აარიდებდა უკრაინას. ამავე დროს, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მხარდამჭერების დაახლოებით ერთნაირი წილი თვლის, რომ ომი საქართველოში საერთოდ არ არის მოსალოდნელი.

ამასთან, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მიუღებლად მიიჩნევს რუსეთთან კონფლიქტის არიდების მიზნით ქვეყნის ძირეული ინტერესების — პროდასავლური მისწრაფებების, ტერიტორიებისა და დამოუკიდებლობის დათმობას. გამოკითხულთა მხოლოდ მეხუთედი ეთანხმება, რომ საქართველომ რუსეთთან ომის არიდების მიზნით პროდასავლური ორიენტაცია უნდა დათმოს (ოდნავ მეტი ეთანხმება იმავე დათმობას უკრაინის შემთხვევაში). თითქმის ამდენივე ვერ პასუხობს ამ შეკითხვას, ხოლო გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ამ შესაძლო დათმობას არ ეთანხმება.

ამ შემთხვევაშიც, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები უფრო მეტად არიან მზად, ომის თავიდან აცილების მიზნით პროდასავლური ორიენტაცია დათმონ, ვიდრე ოპოზიციის მხარდამჭერები და პარტიებისადმი მიუმხრობლები. ქალებთან შედარებით, კაცები უფრო ხშირად ეთანხმებიან, რომ უკრაინას პროდასავლური ორიენტაცია უნდა დაეთმო, თუკი ამით ომს თავიდან აიცილებდა, თუმცა საქართველოსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განსხვავებები გენდერულ ჭრილში არ იკვეთება. CRRC-ის თანახმად, ახალგაზრდებს, ქალაქის ტიპის დასახლებების მოსახლეობას და უმაღლესი განათლების მქონეებს ნაკლებად სურთ ქვეყნის პროდასავლური მისწრაფებების გაცვლა რუსეთთან ჰიპოთეტური ომის თავიდან არიდებაში.

ტერიტორიების დათმობას, როგორც შესაძლო კომპრომისს რუსეთთან, გაცილებით უფრო ნაკლები მხარდაჭერა აქვს, ვიდრე პროდასავლური ორიენტაციის დათმობას, და ამ ნაწილში მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფში უფრო მცირე განსხვავებები იკვეთება (ყველა სხვა ჯგუფზე მეტად, ტერიტორიების ხარჯზე კომრომისისთვის მზად არიან „ქართული ოცნების“ მომხრეები: 10% — საქართველოს და 22% უკრაინის შემთხვევაში). ამასთან, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა 14% (ოპოზიციის — 3%) თანახმაა, საქართველომ დათმოს დამოუკიდებლობა და ოფიციალურად შეუერთდეს რუსეთს, თუ ეს მას რუსეთთან ომს აარიდებს.


CRRC-საქართველომ კვლევისთვის მონაცემები 2022 წლის აგვისტოსა და სექტემბერში სახით შეაგროვა. საქართველოს ზრდასრულ მოსახლეობასთან სულ 1 523 სატელეფონო ინტერვიუ ჩატარდა. კვლევის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ორგანიზაცია დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED). ცდომილების ზღვარი ±1,8%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი