ახალი ამბები

“ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვსაუბრობდი, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა”

3 აპრილი, 2022 • 5081
“ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვსაუბრობდი, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა”

“სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა”, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა ქობულეთში ჟურნალისტებთან საუბარში.

მან უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ასე შეაფასა:

“რაც უკრაინაში ხდება, უაღრესად შემაშფოთებელია, 4000-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსია დანგრეული, განადგურებული, ქალაქები მიწასთანაა გაასწორებული… ათასობით სამოქალაქო პირი შეეწირა და დღემდე გრძელდება ეს ტრაგიკული მოვლენები, ამ ომს, ამ უბედურებას… სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის, თქვენ ხედავთ, რომ მთელი რიგი ტერიტორიები უკვე არის ოკუპირებული რუსეთის მიერ უკრაინაში და ეს პროცესი ხედავთ რომ გრძელდება და ამის შემჩერებელი სამწუხაროდ და საუბედუროდ, ვხედავთ რომ ჯერჯერობით არავინაა”, – განაცხადა პრემიერმა.

“მინდა მთავრობის სახელით გამოვხატო სოლიდარობა უკრაინის მიმართ. ჩვენ 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ უკრაინაში და მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ აქ ჩამოსული უკრაინელების მიმართ ზრუნვა გამოვიჩინოთ, იქნება ეს განათლების მიმართულებით, ჯანდაცვით თუ სხვა ნებისმიერი საჭიროების მიმართ. ჩვენ ამას გავაგრძელებთ. დიდი სურვილი და ოცნებაა, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ იმ ქვეყნებმა და ლიდერებმა ვისაც ეს ხელეწიფება, ყველაფერი უნდა გააკეთონ ომის დასასრულებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი