საზოგადოება

ივანიშვილის ადვოკატი: რა აუცილებელი იყო ამ კანონპროექტით ამ ვნებათაღელვის გამოწვევა?

13 მარტი, 2023 •
ივანიშვილის ადვოკატი: რა აუცილებელი იყო ამ კანონპროექტით ამ ვნებათაღელვის გამოწვევა?

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, იურისტმა ვიქტორ ყიფიანმა რადიო „იმედის“ ეთერში გააკრიტიკა მმართველი გუნდი რუსული კანონის ინიციირებისთვის, რომელსაც ქვეყანაში რამდენიმედღიანი აქციები, საბოლოოდ კი, კანონპროექტის უკან გაწვევა მოჰყვა.

ივანიშვილის ადვოკატმა რადიო „იმედის“ ეთერში 10 მარტს ისაუბრა.

ვიქტორ ყიფიანის თქმით, „ქვეყნის რეპუტაციული სიჯანსაღე არის მნიშვნელოვანი და პოლიტიკოსებმა უნდა შეძლონ პარტიული და ქვეყნის მიზნების გამიჯვნა.“

რადიო „იმედის ჟურნალისტმა თავის შესავალში თქვა, რომ სახეზე გვაქვს „კრიზისი და ალბათ, რეპუტაციული ზიანიც“, რასაც ივანიშვილის ადვოკატიც დაეთანხმა. სწორედ ვიქტორ ყიფიანი იცავს ივანიშვილის ინტერესებს შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისთან“ დავაში.

„ჩვენ არ ვიცოდით, რომ ამ პროცესის წამოწყებას ასეთი ოფიციალური, მწვავე რეაქცია მოჰყვებოდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ჩვენ ამაზე ხომ ვიღებდით არაერთ განცხადებას? ყოველ შემთხვევაში, იმ საერთაშორისო ინსტიტუტებისგან, რომელთა მიმართულებით სვლა ჩვენი ოფიციალური, დეკლარირებული არჩევანია.

სამწუხაროდ, ბოლო ხნის ქართული პოლიტიკა იქცა პოლიტიკად ძალაუფლებისათვის. ძალაუფლებისათვის პოლიტიკამ გადაფარა ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ამოცანები და პრიორიტეტები”, — თქვა ყიფიანმა.

ივანიშვილის ადვოკატი მიიჩნევს, რომ რუსული კანონპროექტი, რომლის მიზანიც არასამთავრობო სექტორისა და მედიის შეზღუდვა იყო — როგორც ეს რუსეთში მოხდა 2012 წლიდან — სამართლებრივი კუთხით პრობლემას არ ქმნიდა და „არ ზღუდავდა“ არავის. ის იმეორებს სახელისუფლებო ნარატივს და აცხადებს, რომ კონტექსტი უკეთ უნდა აეხსნათ როგორც დასავლელი პარტნიორებისთვის, ისე — მოსახლეობისთვის.

„რას ემსახურებოდა კანონპროექტის ინიციირება? თუ ამ კანონპროექტით არანაირი საგნობრივი, ხელშესახები შედეგი არ მიიღწევა, მით უმეტეს, რატომ იყო აუცილებელი ამ კანონპროექტის ინიცირებით ამ ვნებათაღელვის გამოწვევა?

თუ საუბარია გამჭვირვალობის ხარისხის ზრდაზე, ამის მიღწევა შეიძლებოდა დამატებითი მექანიზმებით არსებულ კანონმდებლობაში, ვთქვათ, გარკვეული დამატებებისა და გარკვეული ცვლილებების შეტანის გზით.

ახლა, ამ ვითარებაში, როდესაც ცალკე კანონპროექტის შემუშავება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ არაერთგზის გაფრთხილება მივიღეთ პარტნიორების მხრიდან, რომ ეს დააზიანებდა იმ პროცესს, რასაც პოლიტიკური ევროპისკენ სვლა ჰქვია, მოტივაცია, კონტექსტი, რეალურად რას ისახავდა ეს პოლიტიკური პრიორიტეტების კუთხით, თუ რაიმე არის, რაც ჩვენ არ ვიცით, მაშინ ეს უკეთ უნდა აეხსნათ“, — მიიჩნევს ყიფიანი.

მისივე თქმით, კანონპროექტის ინიციატორებს, როგორც ეს ბიზნესში ხდება, უნდა ჩამოეწერათ კანონპროექტის როგორც დადებითი, ისე — უარყოფითი მხარეები.

„ჩემი აზრით მინუსების სია გაცილებით ჭარბი იქნებოდა, ვიდრე პლუსებისა.

ჩვენ ძალიან დავხელოვნდით იმაში, რომ ჩვენ თვითონვე ვქმნით გაუგებარი მოტივით პრობლემებს და შემდეგ უზარმაზარ ძალისხმევას ვხარჯავთ, როგორც შიდა, ასევე გარე რესურსს, ამ პრობლემის მოგვარებაში. ნუთუ არ შეიძლება, რომ ქართულმა პოლიტიკამ, ამდენი წელი გავიდა დამოუკიდებლობის აღდგენიდან, სიმწიფის უფრო მეტ დონეს მიაღწიოს, სადაც უკეთესი შეფასება,  უკეთესი პრევენცია, რისკების თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი? ნუთუ ჩვენ არ შეიძლება დასახული მიზნისაკენ ვიაროთ ნაკლები ტკივილის, ნაკლები წვალების ხარჯზე?” – აცხადებს ივანიშვილის ადვოკატი.


„ქართული ოცნება“ საქართველოში „უცხოეთის აგენტებზე“ რუსული კანონის მიღებას გეგმავდა.

მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

აშშ და ევროკავშირი თავიდანვე აცხადებდნენ, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო დაკარგავდა შანსს, მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მიუხედავად ამისა, პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც მრავალათასიანი, მძლავრი პროტესტი მოჰყვა.

ხელისუფლება 2 დღე არბევდა აქციას, რა დროსაც რუსთაველის გამზირზე დაზიანდა ავტომობილები, პარლამენტის შენობა, დაშავდა 50-მდე პოლიციელი და აქციის არაერთი მონაწილე, დაკავებულთა რაოდენობამ კი 130-ს გადააჭარბა.

საბოლოოდ, მძლავრი პროტესტის ფონზე ხელისუფლებამ უკან დაიხია და „აგენტებზე“ ორივე კანონპროექტი 10 მარტს უკან გაიწვია.

თუმცა ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ანტიდასავლურ რიტორიკას, ასევე, ცდილობს საპროტესტო აქციის მონაწილეთა დისკრედიტაციას სხვადასხვა იარლიყის მიკვრით, თითქოს საპროტესტო აქციის მონაწილებიი იყნენ „ნაცები“, „ეკლესიის მტრები“, „სატანისტები“ და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი