საზოგადოება

ყველაფერი იყო იდეალური – ღარიბაშვილი დარბეულ აქციებზე

12 მარტი, 2023 • 1420
ყველაფერი იყო იდეალური – ღარიბაშვილი დარბეულ აქციებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის დარბევაზე ამბობს, რომ „ყველაფერი იდეალური იყო“.

აქციების შემდეგ პირველად ირაკლი ღარიბაშვილმა ინტერვიუ „იმედს“ მისცა. ინტერვიუს დროს, ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რომ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, აქციაზე პოლიციამ ძალა გადაამეტა და რას ფიქრობდა ის ამასთან დაკავშირებით.

„მინდა საჯაროდ მადლობა გადავუხადო ბატონ ვახტანგ გომელაურს, ჩვენს მეგობარს, მის გუნდს, თითოეულ პოლიციელს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს – ყველას აბსოლუტურად, თითოეულ პოლიციელს, რომელმაც იდეალურად დაგეგმა და შეასრულა ეს ღონისძიება. ყველაფერი იყო იდეალურად განსაზღვრული, გათვლილი, ყველაფერი იყო კონტროლის ქვეშ.

მე ამ პროცესს ვაკვირდებოდი თავიდან ბოლომდე და ვიცი რამდენად მაღალპროფესიონალურად შეასრულეს ბიჭებმა ეს ურთულესი გამოწვევა. რთული იყო გეთანხმებით, რომ იქ რაღაც უბედურება არ მომხდარიყო, მადლობა უფალს, რომ ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად ნაკლები დანაკარგებით და პრობლემების გართულების გარეშე დასრულდა. ჩვენმა პოლიციამ ძალიან მაგრად იმუშავა, სიმტკიცე გამოაჩინეს, მაღალი პროფესიონალიზმი და ამავდროულად, ჩვენი მთავარი სახე – ჰუმანურობა, კიდევ ერთხელ წამორჩინდა,“

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ კრიტიკა თითქოს პოლიციამ ძალას გადაამეტა – „არის სიცრუე, ეს არის სისულელე“ და ძალადობაში ადანაშაულებს ოპოზიციას.


6 მარტს „ოცნებამ“ თქვა, რომ რუსულ კანონპროექტს ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ 9 მარტს უყრიდა კენჭს, თუმცა, მეორე დღესვე მოულოდნელად ეს კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიტანეს. მას მხარი დაუჭირა „ოცნების“ 76-მა დეპუტატმა.

ამას მოჰყვა აქცია პარლამენტთან. 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.

აქცია მეორე დღესაც გაგრძელდა. მოქალაქეებმა ღამით წრე შემოარტყეს პარლამენტს, დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება. სახელმწიფომ კვლავ გამოიყენა წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი.

აქციების დროს ადმინისტრაციული დააკავეს 160 ადამიანზე მეტი, დაშავდა ათეულობით ადამიანი. სულ მცირე ერთმა დაკარგა მხედველობმა. აქციების მიმდინარეობისას იძალადეს რამდენიმე ჟურნალისტზე, მათ შორის ნეტგაზეთის რეპორტიორზე – მიხეილ გვაძაბიაზე.

უწყვეტი პროტესტის ფონზე „ოცნებამ“ კანონპროექტი გაიწვია. თუმცა, თქვა, რომ მის განხილვას სამომავლოდ გააგრძელებდა.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი