ახალი ამბები

მოსკოვის რეაქცია საქართველოში რუსული კანონის ჩაგდებაზე

10 მარტი, 2023 • 10261
მოსკოვის რეაქცია საქართველოში რუსული კანონის ჩაგდებაზე

მოსკოვის წუხილი და შეფასებები საქართველოში რუსული კანონის ჩავარდნისა და პროევროპული პროტესტის შესახებ „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ პოზიციის მსგავსია.

რუსეთის უმაღლესი ხელისუფლებების პირები აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტი არა რუსული, არამედ ამერიკულის შერბილებული ვერსიაა; რომ დასავლეთი საქართველოს სუვერენიტეტს უზღუდავს; თბილისში გამართული საპროტესტო აქციები ძალადობრივია და ხელისუფლების შეცვლას ემსახურება; რომ ფერადი რევოლუციები, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის გავლით ხდება.

რუსეთის მაღალჩინოსნების საჯარო განცხადებები ამ შემთხვევაშიც გაჯერებულია სიცრუით, წლების განმავლობაში ნაცადი ანტიდასავლური, კრემლის პროპაგანდისტული გზავნილებითა და არეულობა/ომის ფარული თუ ღია მუქარით.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის აზრით, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები „ძალიან ჰგავს კიევის მაიდანს“.

„ეჭვგარეშეა, რომ კანონი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, მხოლოდ საბაბი იყო, რომ დაწყებულიყო ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“, — განაცხადა ლავროვმა რუსეთის პირველ არხზე, გადაცემა „დიდი თამაშისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

თავად კანონი, ლავროვის თქმით, გაფერმკრთალებულია იმასთან შედარებით, თუ როგორ რეგულირდება არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობა შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, ინდოეთსა და ისრაელში“.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში მსგავსი კანონის დარღვევისთვის 250 000 დოლარამდე ჯარიმა და ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებში. საქართველოს განუზომლად ნაკლები თანხა აქვს — 9 000 დოლარი და არ არის სისხლისსამართლებრივი დევნა“, — აცხადებს სერგეი ლავროვი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფარისევლობა უწოდა ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჟოზეფ ბორელის განცხადებას, რომ კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას.

„მთავრობამ, მმართველმა კოალიციამ, მმართველმა პარტიამ გამოაცხადა რომ უკან იწვევენ კანონპროექტს — ამასთან, საბოლოოდ, როგორც გავიგე, — და ათავისუფლებდნენ არეულობის 170 თუ რამდენიღაც წამქეზებელს, დაკავებულებს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მათ მიერ გამოვლენილი ძალადობის ვიდეომტკიცებულებები, რაც არის ნებისმიერი დემოკრატიული ნორმის დარღვევა და სამართლებრივ დევნას იმსახურებს. მიუხედავად ამისა, მთავრობამ გაათავისუფლა ისინი.

ახლა უკვე ოპოზიციონერებმა, ყოველგვარი პაუზის გარეშე, თქვეს: „მხოლოდ პირველ საკითხზე წამოხვედით დათმობაზე და ახლა დატოვეთ თანამდებობა. დასავლეთის, იგივე სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია, რომელიც პათეტიკური ტონით აცხადებს სამოქალაქო საზოგადოებისადმი ასეთი დამოკიდებულების დაუშვებლობაზე, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. სწორედ ეს წესებია, რაზეც დასავლეთი საუბრობს. ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო სამართალზე, დასავლეთი კი იმ წესებზე საუბრობს, რომლებზეც უნდა იყოს დამყარებული მსოფლიო წესრიგი“, — განაცხადა ლავროვმა.

ლავროვმა მიუთითა დასავლეთის განსხვავებულ დამოკიდებულებაზე საქართველოსა და მოლდოვაში ოპოზიციის საპროტესტო აქციების მიმართ. მოლდოვაში აქციებს მართავს პრორუსი ოლიგარქის ილან შორის პარტია.

„საქართველოში ოპოზიციას არათუ შეუძლია, არამედ ის ვალდებულია გააკეთოს ის, რაც უნდა, მაგრამ მოლდოვაში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტს გმობენ, რადგან საქართველოში ოპოზიცია დასავლეთის ინტერესებს ასახავს, ​​მოლდოვაში კი — სხვა ინტერესებს. დასავლეთის ინტერესებს კი [მოლდოვაში] მთავრობა და პრეზიდენტი ასახავს“, — თქვა მან.

ლავროვის თქმით, რუსეთის ირგვლივ მდებარე ქვეყნებმა უნდა გამოიტანონ დასკვნები „პასუხისმგებლობის ზონაში“ აშშ-ის ჩართვის კურსის საშიშროების შესახებ. ამ კონტექსტში მან ისაუბრა უკრაინის ომში დასავლეთის ინტერესებზე, ასევე თქვა, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები გარედან არის „ორკესტრირებული“.

„ისინი ერთი და იგივე ხასიათისაა — ეს არის იგივე სურვილი, შექმნას გამაღიზიანებელი რუსეთის საზღვრებზე“, — დასძინა ლავროვმა.

„უფრო მეტიც, გამაღიზიანებელი ქვეყანაში, სადაც დღევანდელი ხელისუფლება, ისევე როგორც [უკრაინის ექსპრეზიდენტის ვიქტორ] იანუკოვიჩის მთავრობა 2013 წელს, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებზე ფიქრობს და უარს ამბობს, შეუერთდეს ანტირუსულ სანქციებს.

ეს სულაც არ არის მოტივირებული იმით, რომ პრორუსული პოლიტიკოსები არიან, უბრალოდ რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები — გაზის მიწოდება, ღვინის, კონიაკის, ბორჯომის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების კონტრმიწოდება — საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბიუჯეტის ლომის წილს შეადგენს“, — განაცხადა სერგეი ლავროვმა და დასძინა, რომ საქართველოს არ სურს ამ თანამშრომლობაზე უარის თქმა.

„თუმცა მას აიძულებენ, მსხვერპლად გაიღოს ეროვნული ინტერესები. ანუ იქაც და იქაც [უკრაინაში და საქართველოში] იყვნენ არა პრორუსული მთავრობები, უბრალოდ ფიქრობდნენ საკუთარ თავზე და არა იმაზე, რაც უბრძანეს“, — დასძინა სერგეი ლავროვმა.

ანექსირებულ ყირიმში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის გვერდი Twitter-ზე წერს, რომ თბილისში „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ გაჩაღებული პროტესტი მთავრობის გადადგომის მოთხოვნებში გადაიზარდა:

„ქართველ ხალხს ვურჩევთ გაიხსენონ მსგავსი ვითარება უკრაინაში 2014 წელს და რა მოჰყვა მას საბოლოოდ! დაფიქრდით ორჯერ“.

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ ვაშინგტონმა არ დაანება საქართველოს სუვერენიტეტი.

„ამერიკული ექსკლუზიურობის თეორია არის ის, რომ მხოლოდ შეერთებულ შტატებს აქვს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლება და ყველა დანარჩენი უნდა არსებობდეს ვაშინგტონის მიერ ნაკარნახევი წესების მიხედვით. ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც არ ეთანხმება ამას, საპასუხოდ ემუქრება „ფერადი რევოლუციის“ მიღების რისკი“, — წერს ვოლოდინი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.

„ბევრისთვის, ვისაც სმენია საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ, ჩნდება კითხვა: რა ხდება, თუკი უცხოური აგენტების შესახებ რაღაც კანონპროექტმა შეძლო გამოეწვია ასეთი დაპირისპირება? მით უმეტეს, თუ იგივე კანონი აშშ-ში 85 წლის წინ იქნა მიღებული და დღემდე მოქმედებს. პასუხი: ვაშინგტონს აქვს რამდენიმე ბერკეტი მსოფლიოს გასაკონტროლებლად, მათ შორის მთავარია: ფინანსური, როდესაც დოლარი გამოიყენება პოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტად; სამხედრო, ნატოს ბლოკის დახმარებით, რომელიც შედგება 30 სახელმწიფოსგან, რომელთაგან 3 ბირთვული ძალაა. მაგრამ ისინი დიდ რისკებს ატარებენ თავად ვაშინგტონისთვის, იქნება ეს სამხედრო კონფლიქტი თუ ფინანსური კრიზისი. რბილი ძალა — ოპოზიციის, ექსპერტთა საზოგადოების, ადამიანის უფლებათა დაცვის, გარემოსდაცვითი და სხვა არაკომერციული ორგანიზაციების დაფინანსება — სწორედ ამან აჩვენა თავისი ეფექტურობა გავლენის მიზნების მიღწევაში. მათი მეშვეობით რიგ ქვეყნებში მოხდა რევოლუციები, დაემხო კანონიერად არჩეული ხელისუფლება და დაინიშნა მარიონეტული რეჟიმები“, — წერს ვოლოდინი.

სუვერენულობის მსურველი სახელმწიფოები, ვოლოდინის ახსნით, ამიტომ იღებენ გადაწყვეტილებებს საშინაო პოლიტიკური აქტივობების საზღვარგარეთიდან დაფინანსების აკრძალვის ან შემოსულ სახსრებზე და ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე კონტროლის დაწესების შესახებ.

„უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო იღებდა უფლებას, გაეკონტროლებინა უცხოეთიდან ქვეყანაში შემოსული თანხები პოლიტიკური პარტიების ან ოპოზიციის, მედიის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების დასაფინანსებლად, რომლებიც ქმნიან ანტიქართულ დღის წესრიგს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები მოახდენდნენ გავლენას სხვადასხვა სფეროში მიღებულ გადაწყვეტილებებზე — სამთავრობო ორგანოების არჩევნებიდან დაწყებული ქვეყნის განვითარების პროექტების განხორციელებამდე“, — ამბობს ვოლოდინი.

მაგრამ ეს ყველაფერი, ვოლოდინის თქმით, იმით დასრულდა, რომ ვაშინგტონმა რბილი ძალის გამოყენებით ხალხი ქუჩაში გამოიყვანა და ხელისუფლება იძულებული გახდა, დამორჩილებოდა არა ხალხის ნებას, არამედ შეერთებულ შტატებს.

„საქართველოს პარლამენტში უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტი მიუღებელი იყო შეერთებული შტატებისთვის. ის ზღუდავდა ვაშინგტონის გავლენას ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაზე. პარლამენტში განხილვიდან მოხსნით საქართველომ დაკარგა სუვერენიტეტის შანსი. ჩვენი ქვეყანა მხარს უჭერს სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩაურევლობას.

2012 წელს რუსეთში მიღებულ იქნა ფედერალური კანონის ნორმები უცხოელი აგენტების შესახებ, ისინი უფრო ლიბერალურია, ვიდრე შეერთებულ შტატებში. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვაშინგტონი და ბრიუსელი ჩვენზე ზეწოლას ახდენდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ეს კანონი გავაუქმოთ. ჩვენ რთული ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან. საპარლამენტთაშორისო დონეზე არ არსებობს. მაგრამ, ამის მიუხედავად, მინდა ვისურვო, რომ საქართველო იყოს სუვერენული სახელმწიფო. ისინი ჩვენი მეზობლები არიან“, — წერს ვოლოდინი.

„ძალიან დიდი ყურადღებით და შეშფოთებით“ აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს კრემლი. კრემლის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის თქმით, კანონპროექტის განხილვიდან მოხსნის მიუხედავად, ვიღაცის „ხილული ხელი“ გულმოდგინედ ცდილობს ანტირუსული ელემენტის დამატებას.

„უხილავი ხელი“ არ შეიძლება ითქვას. ის ხილულია. ვხედავთ, საიდან მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი თავის ხალხს — ამერიკიდან“, – თქვა მან.

ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ საქართველოში არსებული ვითარება რუსეთთან არაფერ შუაშია, მაგრამ შემაშფოთებელია, რადგან არსებობს პროვოკაციების რისკი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ.

„რა თქმა უნდა, არსებობს პროვოკაციების რისკები. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სიტუაცია გახდა ამ სახალხო არეულობის გამომწვევი, ამ სიტუაციას არაფერი აქვს საერთო რუსეთის ფედერაციასთან“, — განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი პესკოვმა.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, 9 მარტის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

„თუ უკვე ქვეყანაში ხართ, გირჩევთ მოერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, კერძოდ, ბათუმისა და თბილისის ისტორიულ ცენტრებს“, — ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა მედიას მოუწოდა, ნუ გააზვიადებენ საქართველოდან დაბრუნებული რუსების რაოდენობას.

„ხალხი მიდის, ხალხი ბრუნდება. არის მოსახლეობის ისეთი ნაწილი, რომელიც რაღაც მოვლენის ფონზე ძალიან შემოქმედებითად იქცევა — მოკლევადიან თუ საშუალოვადიან პერიოდში ადვილად იცვლის საცხოვრებელ ადგილს. არ მგონია, რომ ეს ტენდენცია იყოს“, — თქვა მან.

მასობრივი პროტესტის ფონზე საქართველოს პარლამენტმა 10 მარტს ჩააგდო „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონი, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვა იყო. მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

მასალების გადაბეჭდვის წესი