ახალი ამბები

EU: ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მიზანს

8 მარტი, 2023 • 1598
EU: ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მიზანს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეფ ბორელი განცხადებას ავრცელებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით.

„ეს ძალიან ცუდი მოვლენაა საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის. კანონი, მისი ამჟამინდელი ფორმით, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაორგანიზაციებს, რაც უარყოფით შედეგებს მოიტანს მრავალი ქართველისთვის, რომელიც სარგებლობს მათი საქმიანობით. ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რასაც მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა. მის საბოლოო მიღებას შესაძლოა, სერიოზული შედეგი მოჰყვეს ჩვენი ურთიერთობებისთვის“, — ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეასრულოს თავისი ვალდებულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისადმი და შეახსენებს ხალხის უფლებას, გამართონ მშვიდობიანი პროტესტი.

7 მარტს საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას.

მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართლებით სხვადასხვა საგნის, მათ შორის აალებადის, სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი