საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოს შესახებ “ტვიტერზე” წერს:
“ქართველების ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, პრესის თავისუფლებისა და გაერთიანების თავისუფლებისადმი შესმენილია.
ევროპისკენ შებრუნებულმა საქართველომ იცის, რომ მას შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს”.
რა ხდება
საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.
კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.
მმართველი გუნდის ამ ნაბიჯს საქართველოს მრავალი მოქალაქის პროტესტი და მასშტაბური დემონსტრაციები მოჰყვა. 7-8 მარტს, მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, ხელისუფლებამ გამოიყენა ფიზიკური ძალა, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი.
დარბევებისას პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდა აქციის მხარეს მყოფი ადამიანების ნაწილი. დაზიანდა პოლიციის ავტომობილები, დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე – აქციის მონაწილეები.
8-9 მარტის ღამეს, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს მიმდებარე ქუჩებზე დილამდე სდია და აკავებდა მათ.
ორდღიანი საპროტესტო აქციებისა და დარბევის შემდეგ ხელისუფლებამ თქვა, რომ გაიწვევს რუსულ კანონს, რომელიც ქვეყანაში სამოქალაქო სექტორსა და მედიას ზღუდავს.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რა ფორმითაც არ უნდა მიიღონ ეს კანონი, მას ვეტოს დაადებს.