კომენტარი

საფრანგეთის გააქტიურება აღმოსავლეთით და შესაძლებლობები საქართველოსთვის

19 მარტი, 2024 • 1604
საფრანგეთის გააქტიურება აღმოსავლეთით და შესაძლებლობები საქართველოსთვის

ევროკავშირში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებებისა და უკრაინაში რუსეთის  შეჭრის ფონზე, საფრანგეთი უფრო და უფრო გამოკვეთილად აძლიერებს სტრატეგიულ ფოკუსს აღმოსავლეთით. თუკი წინა წლებში საფრანგეთი გაფართოების მიმართულებით მიიჩნეოდა კლასიკურ სკეპტიკურ ქვეყნად, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ბოლოდროინდელ გზავნილებში შესაძლებელია, ამოვიკითხოთ ამ ხედვებში მნიშვნელოვანი ცვლილება, ერთგვარი ფრანგული Europe puissance-ის ნიშნები.

ცხადი ხდება, რომ პარიზისთვის აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების მნიშვნელობა გაიზარდა, რაც საქართველოში ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს. შესაბამისად, წარმოდგენილი ბლოგპოსტის მიზანია, საფრანგეთის ბოლოდროინდელი სტრატეგიული ხედვის გარდაქმნის ფონზე, იმის გაანალიზება, თუ რა შესაძლებლობები შეიძლება გაჩნდეს ამ მიმართულებით საქართველოსთვის და რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ თბილისმა დასავლეთთან ინტეგრირების მორიგი შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვას?

ფრანგული Europe puissance – რა იცვლება?

საფრანგეთის საგარეოპოლიტიკურ ხედვებში ცვლილება საქართველოსთვის მოვლენათა განსაკუთრებით საყურადღებო განვითარებას წარმოადგენს. წლების განმავლობაში პარიზი მიიჩნეოდა ევროკავშირის გეოპოლიტიკურ კავშირად გარდაქმნის და ნატოს გაფართოების ტრადიციულ მოწინააღმდეგედ. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად ალაპარაკდა რევოლუციაზე საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაში, რაც ცენტრალური ევროპისთვის და გაფართოებისა და ასპირანტი ქვეყნებისთვის ახალ შესაძლებლობებზე საუბრის საშუალებას იძლევა. ევროპის აღმოსავლეთის მიმართ საფრანგეთის მზარდი ყურადღება ორი ძირითადი მიმართულებით იკვეთება: ფრანგული პოლიტიკური ელიტის რიტორიკაში და პარიზის ახალ საერთაშორისო სტრატეგიებში.

რიტორიკული თვალსაზრისით, განსაკუთრებით რეზონანსული იყო პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადება, რომ „გამორიცხული არაფერია“, როდესაც საქმე ნატოს ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე შეყვანას ეხება, რომელიც მოგვიანებით კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მართალია, ნატოს ლიდერებმა ეს განცხადება მყისიერად უარყვეს, თუმცა ამ სცენარის ჰიპოთეზური დაშვებაც კი გამორჩეულად რევოლუციურია, თუ გავითვალისწინებთ საფრანგეთის ტრადიციულ სკეპტიციზმს გაფართოების ქვეყნების მნიშვნელობის მიმართ. საფრანგეთმა ასევე გააძლიერა პოზიცია რუსეთთან და ევროკავშირის მილიტარიზაციასთან მიმართებით. რუსეთის იმიჯის ამგვარმა ცვლილებამ პარიზის ხედვებში უკრაინა ევროკავშირის უსაფრთხოების არქიტექტურის ინტეგრალურ ნაწილად აქცია. ამავდროულად, 2023 წლის ვილნიუსის სამიტზე შესამჩნევი იყო პარიზის პოზიციის ცვლილება უკრაინის ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისითაც. საკუთრივ პრეზიდენტი მაკრონი X-ზეც წერს იმის შესახებ, რომ უკრაინას ევროპის მცველად ხედავს.

სტრატეგიული ქმედების თვალსაზრისით, საფრანგეთმა უკვე დაიწყო აქტიური მუშაობა სხვადასხვა შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების დონეზე ევროკავშირის აღმოსავლეთით. უსაფრთხოების შეთანხმება და თავდაცვის პარტნიორობა უკრაინასთან, თავდაცვის თანამშრომლობის შეთანხმება მოლდოვასთან და შეიარაღების შეთანხმება სომხეთთან ის მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯებია, რომლებიც ადასტურებს საფრანგეთის პოტენციურ გააქტიურებას აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებში, ევროკავშირის უსაფრთხოების უზრუნველყოფის არქიტექტურის კონტექსტში.

მაკრონმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, რომელიც რამდენჯერმე გადაიდო, ქვეყანას კონკრეტულ შეთავაზებებს და გადაწყვეტილებებს წარუდგენს.

საფრანგეთის საგარეოპოლიტიკური ხედვების ამგვარმა ცვლილებამ პარიზი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნების პოზიციებთან დააახლოვა, ერთი მხრივ, აღმოსავლეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ხოლო მეორე მხრივ, ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით. თუმცა, ამის პარალელურად, შესამჩნევია გერმანიის უფრო მეტად ფრთხილი პოზიცია და გარკვეული შეუთანხმებლობა მაკრონის და შოლცის პოზიციებს შორის. თუმცა, მიუხედავად რიტორიკული განსხვავებებისა, როგორც საფრანგეთი, ასევე გერმანია თანხმდება, რომ მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა, მათ შორის, შეიარაღებით. აღნიშნულ კონტექსტში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, თუ რა შესაძლებლობები იხსნება საქართველოსთვის და როგორ შეუძლია თბილისს მათი ეფექტურად გამოყენება.

Tournant historique: საქართველო ფოკუსში თუ ფოკუსს მიღმა

მიმდინარე ცვლილებების ფონზე შესამჩნევია, რომ საფრანგეთის ახალ ფოკუსში, ფაქტობრივად, არსად ჩანს საქართველო მაშინ, როდესაც გაფართოების ფორმატის სხვა სახელმწიფოებმა პარიზთან მნიშვნელოვან შეთანხმებებს მიაღწიეს. საფრანგეთის რიტორიკაში იკითხება, რომ ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, რუსეთსა და ევროპას შორის რუხი ზონები (Grey Zones) არსებობდეს და, შესაბამისად, კოლექტიური დასავლეთი თანდათან გაავლებს გეოპოლიტიკურ ბანაკებს შორის მკვეთრ საზღვარს. აღნიშნულ პროცესში საქართველოს მსგავსმა პატარა სახელმწიფომ, პრობლემატური გეოგრაფიული მდებარეობით და უსაფრთხოების შეზღუდული რესურსებით, აქტიურად უნდა იმუშაოს იმაზე, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკურ გადალაგებაში დასავლურ ერთობაში მოექცეს.

საქართველოს საკითხის პრობლემატურობას ემატება ქვეყნის შიდაპოლიტიკური დაპირისპირებებიც, რომლებიც პარიზის ფოკუსში რამდენჯერმე მოექცა. მათ შორის ყველაზე რეზონანსული აღმოჩნდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი, რომელსაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადებაც კი მიუძღვნა. პარიზის ოფიციალური პოზიციის მიხედვით, შიდა დაპირისპირებების ნაცვლად, საქართველოს სჭირდება მეტი კონცენტრირება რეფორმებზე, რაც თავისთავად სიგნალია იმის შესახებ, რომ საფრანგეთს საქართველოსგან ევროინტეგრაციის გზაზე მეტი ინიციატივის მოლოდინი აქვს.

დასავლეთში გახსნილი არაერთი შესაძლებლობის ფონზე საქართველო უნდა შეეცადოს, რომ მსგავსი პრობლემები მაქსიმალურად აღმოფხვრას, ერთი მხრივ, ინტენსიური და პროაქტიული დიპლომატიის გზით, რათა პარიზი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის თბილისის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაში დაარწმუნოს. მეორე მხრივ კი, ქვეყანამ არ უნდა შექმნას დამატებითი ხელოვნური ბარიერები შიდაპოლიტიკური არასტაბილურობის სახით, რომელსაც ხშირად მმართველი პარტია, სხვა სახელმწიფო თუ პოლიტიკურ აქტორებთან ერთად, პოლარიზებული დაპირისპირების გზით ხელს უწყობს. ამგვარად, მიმდინარე ცვლილებების პარალელურად, თბილისმა უნდა გადაწყვიტოს, ევროპულ ფოკუსში ექცევა თუ მის მიღმა რჩება.

რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს?

იმისთვის, რომ მაკრონის ახალ ინიციატივებს საქართველო მომზადებული შეხვდეს და, ამავდროულად, მათგან რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოს საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად, საჭიროა, რომ თბილისმა გაააქტიუროს უკვე არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატები – 2019 წელს დაფუძნებული „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგი“ და „ქართულ-გერმანულ-ფრანგული“ სამკუთხედი.

მართალია, აღნიშნული ფორმატები უკვე მოიცავს თანამშრომლობის სფეროებს უსაფრთხოების და პოლიტიკის საკითხებში, თუმცა ახლა მნიშვნელოვანი იქნება, თუ ის გამოყენებული იქნება თანამშრომლობაში მნიშვნელოვანი გარღვევებისთვის. მაგალითისთვის, დღის წესრიგში დადგება ორმხრივი შეთანხმების გაფორმება თავდაცვისა თუ სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მიმართულებებით, როგორც ეს ხდება მოლდოვასთან, სომხეთსა და უკრაინასთან.

გარდა ამისა, აღნიშნულ ფორმატებში უფრო მეტად პრაქტიკული და სტრატეგიული დიალოგისა და თანამშრომლობის გააქტიურებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში ქვეყნის ადგილის განსაზღვრას.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ უფრო აქტიურად გამოიყენოს პრეზიდენტის ინსტიტუტი და პრეზიდენტის როლი საფრანგეთთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გასაძლიერებლად. საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის ურთიერთობის პოზიტიური დინამიკის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან მეტი კეთილი ნების გამოჩენა და მისი როლის აქტიურად გამოყენება საფრანგეთთან ორმხრივი ურთიერთობების ფორმატებში, შესაძლოა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სარგებელში გადაითარგმნოს. სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობა და საერთო ძალისხმევის ევროინტეგრაციისკენ მიმართვა დადებითად აისახება როგორც ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე, ასევე, ქვეყნის შიგნით პოლარიზაციის შემცირებასა და დემოკრატიული პროცესების გაძლიერებაზე.

დასკვნა

სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში საკვანძო მნიშვნელობისაა, რომ საქართველომ იპოვოს თავისი ადგილი ევროპის უსაფრთხოების კონფიგურაციაში და არ დარჩეს მნიშვნელოვანი ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების მიღმა. ემანუელ მაკრონის მცდელობა, რომ საფრანგეთი ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში წამყვან აქტორად აქციოს, ამ მიმართულებით ქვეყნისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ხსნის. თუმცა ამ პროცესში თბილისი იშვიათად ხვდება პარიზის ფოკუსში. შესაბამისად, სწორედ ახლა, როდესაც ერთ-ერთმა ყველაზე სკეპტიკურმა საფრანგეთმაც კი გახსნა შესაძლებლობის ფანჯარა თანამშრომლობების გააქტიურებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ პროცესს არ ჩამორჩეს. ამისთვის თბილისმა პროაქტიულად უნდა იმუშაოს პარიზთან ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანისა და ევროინტეგრაციისა და თავდაცვის შესაძლებლობების მაქსიმალურად გაძლიერების მიმართულებით.


ავტორები:

  • ნინო სამხარაძე, პოლიტიკის ანალიტიკოსი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
    ნინი კვირიკაშვილი, პოლიტიკის უმცროსი ანალიტიკოსი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
რედაქციის შენიშვნა: კომენტარების განყოფილებაში გამოქვეყნებული სხვადასხვა ავტორის მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს “ნეტგაზეთის” პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი