საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გასულ ღამეს ერთ-ერთი ფრანგული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში კვლავ ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე და ევროპის როლზე აღნიშნულ კონფლიქტში. მან თქვა, რომ თუ რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინაში, ამას არ დასჯერდება და ამ შემთხვევაში ეგზისტენციალური საფრთხე შეექმნება ევროპის უსაფრთხოებას. საფრანგეთის პრეზიდენტის აზრით, სწორედ ასეთ შემთხვევაში ევროპა მზად უნდა იყოს შესაბამისი რეაგირებისთვის.
როგორც „როიტერსი“ წერს, აღნიშნულ თემაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც წამყვანებმა სთხოვეს განცხადების განმარტება, რომლითაც მან რამდენიმე კვირის წინ არ გამორიცხა უკრაინაში ევროპული ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა. აღნიშნული იდეისგან დისტანცირება დაიწყეს როგორც საფრანგეთის ოპოზიციურმა პარტიებმა, ისე — დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა. მაკრონის აღნიშნულმა განცხადებამ მხარდაჭერა პოვა ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში .
„თუ რუსეთი ამ ომს მოიგებს, ევროპის სანდოობა ნულამდე დაეცემა“, — თქვა მაკრონმა სატელევიზიო ინტერვიუში.
მისი განცხადებები უკრაინაში ჯარების შესაძლო გაგზავნაზე ოპოზიციის ლიდერებმა გააკრიტიკეს და შეაფასეს, როგორც „მილიტარისტული“, რასაც საფრანგეთის პრეზიდენტი არ ეთანხმება.
”დღეს უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ ხმის მიცემა, ან თავის შეკავება არ ნიშნავს მშვიდობის არჩევას, ეს დამარცხების არჩევაა. ეს განსხვავებულია“, — თქვა მან.
როგორც სააგენტო „როიტერსი“ წერს, მთავარმა ფრანგულმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლის ლიდერიც ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენია, რამდენიმე დღის წინ თავი შეიკავა პარლამენტში ხმა მიეცა ხელშეკრულებისთვის, რომელიც უსაფრთხოების სფეროში საფრანგეთმა უკრაინასთან გააფორმა. აღნიშნული შეთანხმების წინააღმდეგ კი ხმა მისცეს ულტრამემარცხენეებმა.
„ევროპაში ომი რომ გავრცელდეს, დამნაშავე იქნება რუსეთი, მაგრამ თუ გადავწყვიტეთ, ვიყოთ სუსტები, თუ დღეს გადავწყვეტთ, რომ არ ვუპასუხებთ, ეს უკვე მარცხის არჩევა იქნება. მე ეს არ მსურს“, — ციტირებს საფრანგეთის პრეზიდენტს „როიტერსი“.
მისივე თქმით, ევროპისთვის მნიშვნელოვანია, არ გაავლოს წითელი ხაზები, რაც მიანიშნებდა კრემლს ევროპის სისუსტის შესახებ და წაახალისებდა მას უკრაინაში ომის გაგრძელებაში.
საფრანგეთის პრეზიდენტმა არ ისურვა დაკონკრეტება, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს უკრაინაში დასავლური ჯარების განლაგება. მისივე თქმით, ეს არის კითხვა, რომელიც აინტერესებს პრეზიდენტ პუტინს და ამაზე პასუხი იქნება პუტინისთვის ერთგვარი თვალსაჩინოება.
„მე მაქვს მიზეზები, არ ვიყო ზუსტი“ ,— თქვა მან.
პრეზიდენტმა მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი არასოდეს წამოიწყებს შეტევას რუსეთის წინააღმდეგ და პარიზი არ ებრძვის მოსკოვს მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა აგრესიული თავდასხმები დაიწყო საფრანგეთის ინტერესების წინააღმდეგ საფრანგეთში და მის ფარგლებს გარეთ.
მაკრონის თქმით, უკრაინა რთულ ვითარებაშია და მოკავშირეებისგან უფრო ძლიერი მხარდაჭერაა საჭირო.
„მშვიდობა არ ნიშნავს უკრაინის კაპიტულაციას, მშვიდობის სურვილი არ ნიშნავს დამარცხებას. მშვიდობის სურვილი არ ნიშნავს უკრაინის მიტოვებას“ ,— თქვა მან.
მაკრონის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მან უსაფრთხოების მიზეზებით გააუქმა ვიზიტი უკრაინაში.
„ეს არის ის, რაც თქვა რუსეთმა. ნუ დაუჯერებთ მათ“, — აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.