საზოგადოება

„ყინწვისის ანგელოზი“, გელათი, ავტობუსები, სკოლები და უცხოეთის სხვა „აგენტები“

21 თებერვალი, 2023 • 3614
„ყინწვისის ანგელოზი“, გელათი, ავტობუსები, სკოლები და უცხოეთის სხვა „აგენტები“

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ლოგიკის მიხედვით, საქართველოში „უცხოეთის გავლენის აგენტი“ შეიძლება ვუწოდოთ ყინწვისის ანგელოზის ცნობილ ფრესკას, სხალთის ტაძარს, გელათის მონასტერს, ასობით ახალ ავტობუსს, საქართველოს რეგიონებში აშენებულ და შეკეთებულ ათეულობით სკოლას, ასეულობით ქართველ გლეხს — ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებს: მათი აღდგენა, განახლება, შეძენა, აშენება და დახმარება შესაძლებელი გახდა მხოლოდ და მხოლოდ უცხოური დაფინანსებით.

უცხოური დაფინანსება მოიცავდა და მოიცავს როგორც გრანტებს, ასევე შეღავათიან სესხებს, რომლის მიღებამ შესაძლებელი გახადა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, სკოლების აშენება-შეკეთება, გლეხების გადამზადება, მათი აღჭურვა თანამედროვე ტექნიკით და ა.შ.

„ქართულ ოცნებას“ მმართველობის არც ერთ ეტაპზე არ უთქვამს უარი მსგავს დაფინანსებაზე, უფრო პირიქით — უცხოური დაფინანსებით შექმნილი პროექტებით იწონებდა და იწონებს თავს მოსახლეობის წინაშე. თუმცა, როცა საქმე ეხება იგივე დონორების მხრიდან საქართველოში თავისუფალი მედიისა და არასამთავრობო სექტორის დაფინანსებას, მათ სურთ, რომ ყველას, ვინც ამ დაფინანსებას მიიღებს, „უცხოეთის გავლენის აგენტის“ იარლიყი მიაკრან, რათა ეს მათივე დისკრედიტაციისა და შესასზღუდად გამოიყენონ.

კანონპროექტი „ხალხის ძალამ“ შექმნა — საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, რომელიც „ოცნების“ ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს. თუმცა მას მხარდაჭერა  „ოცნებამაც“ გამოუცხადა. 

კანონპროექტის თანახმად, „უცხოური გავლენის აგენტი“ არის ის ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20% ან მეტი საზღვარგარეთ რეგისტრირებული ფონდის, ორგანიზაციის ან უბრალოდ უცხო ქვეყნის მოქალაქისგან აქვს მიღებული. ეს კანონპროექტი 20 თებერვალს პარლამენტის ბიუროზე უპრობლემოდ დაარეგისტრირეს და უახლოეს პერიოდში მისი საკომიტეტო განხილვები დაიწყება.

სახელმწიფო „უცხოური გავლენის აგენტებს“ ხედავს დამოუკიდებელ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებში. არადა, მილიარდობით დოლარის ფინანსურ დახმარებას იღებს საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, ფონდებისგან და სხვა.

ნეტგაზეთი ამ სტატიაში გთავაზობთ მხოლოდ მცირე ჩამონათვალს იმ პროექტებისა, რომელთა შესრულება უცხოური დაფინანსებით გახდა შესაძლებელი.

რამდენი მიიღო საქართველომ, ჯამში, საერთაშორისო დახმარებით?

საქართველოს მთავრობამ შექმნა სპეციალური ვებგვერდი eaims.ge, სადაც უცხოური დახმარების შესახებ არქივია შემონახული.

პორტალის მიხედვით, 2013 წლიდან დღემდე (მხოლოდ „ქართული ოცნების“ მმართველობისას) საქართველომ საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის სახით 44.8 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო. ამ თანხიდან სესხი 7.1 მილიარდი დოლარია, დანარჩენი კი ისეთი ფინანსური მხარდაჭერაა, როგორიც არის, მაგალითად, გრანტი, საინვესტიციო პროექტი, ჰუმანიტარული თუ საბიუტეჯო დახმარება და სხვა.

„ყინწვისის ანგელოზის“ ფრესკა, გელათი და სხვა

ქარელის რაიონში ამ დრომდე თითქმის პირველადი სახით არის შემორჩენილი მე-13 საუკუნეში აგებული წმინდა ნიკოლოზის ეკლესია. ეკლესიაში უნიკალური ფრესკებია შემორჩენილი. მათ შორისაა შუა საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნების შედევრად და შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების სიმბოლოდ მიჩნეული ყინწვისის მონასტრის ფრესკა. აღნიშნული ფრესკა საუკუნეების განმავლობაში დაზიანდა, მისი აღდგენა-რესტავრაცია კი ფონდ „ღია საზოგადოება — საქართველოს“, იგივე სოროსის ფონდის დაფინანსებით გახდა შესაძლებელი. სწორედ ამ ფონდმა დააფინანსა „ყინწვისის ანგელოზის“ ფრესკის რესტავრაცია.

ყინსწვისის ანგელოზის ფრესკა.

სოროსის ფონდმა, რომელიც ანტიდასავლური პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, ასევე დააფინანსა არაერთი ეკლესიის გამაგრება, რომელთა შორისაა: სხალთის ტაძარი, აბასთუმნის ალექსანდრე ნეველის ტაძარი, ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესია და ა.შ. ეს არ არის სრული სია იმ კულტურული მემკვიდრეობისა, რომელთა აღდგენა-რესტავრაციაზე სოროსის ფონდმა ფული დახარჯა.

უცხოური ფული, კონკრეტულად კი ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსები, დაიხარჯა გელათის რესტავრაციისთვის.  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში მხოლოდ 2013 წელს გელათის რეაბილიტაციისთვის 600 ათასი აშშ დოლარი გამოყო, თუმცა ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაცისთვის აშშ ფულს ჯერ კიდევ 2003 წლიდან ხარჯავდა.

MAN-ის ავტობუსები

თბილისის მერიამ 2016 წლის სექტემბრიდან ავტობუსების განახლების პროექტი დაიწყო და მის პირველად ფაზაში ქალაქში შემოიყვანა MAN-ის ტიპის 143 ავტობუსი.

ამისთვის გამოყოფილი იყო 34 მილიონი ევრო, საიდანაც 27 მილიონი EBRD-ის [ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი] მიერ გამოყოფილი შეღავათიანი კრედიტი იყო. დანარჩენი 7 მილიონი ევრო კი ევროკავშირმა საქართველოს გრანტის სახით გადასცა, კერძოდ, ფონდ E5P -ის მეშვეობით.

Man-ის ავტობუსები. ფოტო გამოქვეყნდა 2017 წელს, მაშინდელი მერის – დავით ნარმანიას ფეისბუკ გვერდზე

თავად EBRD-ის მონაცემების თანახმად, 2019 წელს ბანკის ბანკის მხარდაჭერით შეიძინეს კიდევ 226 ავტობუსი, ხოლო „2021 წელს ბანკმა ხელი მოაწერა 83 მილიონ ევრომდე სუვერენულ სესხს საქართველოსთვის, დაახლოებით, 200 დამატებითი CNG-ზე [შეკუმშული ბუნებრივი აირი] მომუშავე ავტობუსის დასაფინანსებლად და ავტობუსების დეპოს მშენებლობისთვის, რითაც თბილისში ავტოპარკის განახლება დასრულდება“.

გარდა ამისა, EBRD-ის ინფორმაციით, ბათუმში ბანკმა სესხის სახით დააფინანსა 78 საშუალო ზომის თანამედროვე ავტობუსის შეძენა 2008 წელს და კიდევ 40 ავტობუსის შეძენა 2017 წელს. ეს უკანასკნელი პროექტი ასევე მოიცავდა რვა ელექტროავტობუსის შეძენას, EBRD-ის პირველი პროექტი, რომელიც მუნიციპალურ ავტოპარკში ელექტროავტობუსების დანერგვას ითვალისწინებდა.

„EBRD-მ ასევე მხარი დაუჭირა 175 თანამედროვე ავტობუსის შეძენას მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიებისთვის ექვს პატარა ქალაქში, რომელთა კუმულაციური მოსახლეობა 400 ათასზე მეტი ადამიანია, კერძოდ: ქუთაისი (60 ავტობუსი), რუსთავი (40 ავტობუსი), გორი (30 ავტობუსი), ზუგდიდი (25 ავტობუსი). თელავი (10 ავტობუსი) და ფოთი (10 ავტობუსი)“, — ნათქვამია ბანკის ანგარიშში.

თბილისის ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციის დეტალურ გეგმა კომპანია „სისტრამ“ სწორედ EBRD-ის თბილისისთვის გადაცემული გრანტის ფარგლებში შექმნა.

სკოლების რეაბილიტაცია

ხშირია, როდესაც საერთაშორისო დახმარება ქვეყანაში მნიშვნელოვანი ობიექტებისა თუ დაწესებულების რემონტს ხმარდება. ამისი მაგალითია საქართველოს მასშტაბით სკოლების რეაბილიტაციის პროგრამა, რომელსაც სათავეში „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია“ ედგა.

ფონდმა 2015-2019 წლებში 91 სკოლას რეგიონებში რეაბილიტაცია ჩაუტარა და ნაწილი STEM ლაბორატორიით აღჭურვა. ამ 91 სკოლაში, ფონდის თანახმად, დაახლოებით 37 ათასი მოსწავლე სწავლობდა.

„რეაბილიტაცია გულისხმობდა არსებული ინფრასტრუქტურის სრულად განახლებას და სკოლების საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვას. თანადაფინანსების გზით საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო სკოლების გარე პერიმეტრზე სამუშაოების ჩატარება და სასკოლო ინვენტარითა და ავეჯით აღჭურვა“, — ნათქვამია ფონდის ანგარიშში.

რეაბილიტირებული სკოლების გახსნას უკვე შემდგომ ხშირად ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე, პარლამენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები.

სკოლების რეაბილიტაციის პროგრამის ბიუჯეტი 55 მილიონი აშშ დოლარი იყო, დონორი კი — აშშ-ის მთავრობის „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია“.

ერთ-ერთ ასეთ სკოლაზე წაიკითხეთ ნეტგაზეთის არქივიდან:

კორონავირუსის წინააღმდეგ მობილიზებული დახმარება

მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, საქართველომ СOVID-19-თან ბრძოლასთან დაკავშირებული დახმარების სახით, ჯამში, 5 მილიარდ აშშ დოლარამდე მიიღო.

მედდა ამზადებს დოზას, ავტობუსში მოწყობილ დროებით ამცრელ პუნქტში. 2021 წლის სექტემბერი ფოტო: EPA-EFE/ZURAB KURTSIKIDZE

ამას გარდა, პანდემიის დროს, როდესაც ვაქცინების გადანაწილება მსოფლიოში შეფერხებული იყო, არაერთმა ქვეყანამ საქართველოს ვაქცინები აჩუქა. მაგალითად, აშშ-ის მთავრობამ ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინა გვაჩუქა, ვაქცინები მოგვაწოდა ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამაც, მათ შორის, ავსტრიამ.

გარდა ამისა, საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს  უგზავნიდნენ სპეციალურ აღჭურვილობასა და ინფრასტრუქტურას. მაგალითად, ვაქცინებისთვის შესანახი აუცილებელი სპეციალური მაცივრები გაეროს ბავშვთა ფონდმა შეიძინა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.

რაც შეეხება უშუალოდ ევროკავშირს, ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა (Team Europe) Covid-19 პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად უზრუნველყვეს დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება, ახალი სახსრების მოზიდვისა და არსებულის გადანაწილების შედეგად. ამ თანხის 2/3 გრანტი იყო, დანარჩენი კი, შეღავათიანი სესხი.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა

საქართველოში ათასობით ადამიანი C ჰეპატიტისგან სრულიად უფასოდ განიკურნა. მკურნალობა, რომლის სრული კურსის გავლა დაახლოებით 80 000 აშშ დოლარი ღირს, 78 ათასმა ადამიანმა უსასყიდლოდ გაიარა, განკურნების მაჩვენებელმა კი 98.8% შეადგინა.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში 2015 წელს ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილეადის“ მხარდაჭერით დაიწყო. ამ უკანასკნელთან გაფორმდა რეფერენდუმი, რომლის ფარგლებშიც უფასოდ გადმოგვეცა მედიკამენტები: ჰარვონი, სოვალდი, ზეპატიერი და ინტერფერონი. მედიკამენტების ფასი, 2016 წლის შეფასებით, 15 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

2020 წლის ივნისისთვის საქართველოს მოსახლეობის 69% შეამოწმეს C ჰეპატიტზე (2.3 მილიონი ადამიანი).

პრეპარატი ჰარვონი, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის გადმოგვეცა. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვა და მკურნალობა საქართველოს მოქალაქეებისთვის სრულად უფასოა. მიუხედავად ამისა და ასევე, ც ჰეპატიტის მაღალი რისკებისა (ღვიძლის ცეროზი და კიბო), საქართველო ვერ ასრულებს პროგრამით დასახულ მიზანს — ათასობით ადამიანი უარს ამბობს მკურნალობაზე.

2020 წლისთვის ქვეყანაში C ჰეპატიტით ინფიცირებული 150 000 ადამიანის 90%-ის განკურნებისთვის უნდა მიეღწია (135 000 ადამიანი), რაც არ მომხდარა ამ დრომდე.

2021 წელს დამტკიცდა გეგმა, რომლის თანახმადაც ელიმინაციის პროგრამა 2025 წლამდე გაგრძელდა.

C ჰეპატიტის პროგრამასა და მის გამოწვევებზე ნეტგაზეთი გირჩევთ ამ სტატიებს:

სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა

საქართველოში სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერი ევროკავშირია. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარება საქართველოში ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ხდება. პროგრამა 2013 წლიდან მიმდინარეობს და მისი საერთო ბიუჯეტი 234.5 მილიონი ევროა.

საგრანტო პროგრამა 3 ფაზადაა დაყოფილი, მე-3 ფაზა კი 2020 წელს დაიწყო. ევროკავშირის ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში ფერმერებმა, რომლებმაც გრანტის მოპოვება შეძლეს, შეიძინეს ახალი ტრაქტორები და მანქანები, ასევე, შეიძინეს რძის, ბოსტნეულის, ხილისა და მრავალი სხვა პროდუქტის მასობრივი წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობა.

ფერმერი კახეთში. ფოტო: ევროკავშირი საქართველოში

ევროკავშირის გარდა, სოფლის მეურნეობას სხვადასხვა პროგრამებითა და გრანტებით აშშ-ც აქტიურად უჭერს მხარს. მაგალითად, USAID-ს ცალკე აქვს სოფლის მეურნეობის პროგრამა, რომელზეც 2018-2023 წლებისთვის 23 მილიონი აშშ დოლარია გამოყოფილი.

ამ პროგრამის ფარგლებში აშშ ეხმარება ქართველ ფერმერებს არა მხოლოდ ტექნიკური მხარდაჭერით, არამედ მცირე და საშუალო ზომის წარმოების წახალისებით და ასევე, სხვადასხვა საჯიშე კულტურების განვითარებით.

მაგალითად, პროგრამის მხარდაჭერით დაარსდა სასათბურე და სანერგე მეურნეობები და „ქვეყანაში გაჩნდა კენკრის თანამედროვე ჯიშები, დაარსდა და აღიჭურვა სამაცივრე მეურნეობები და დაინერგა სურსათის უვნებლობის სტანდარტები“.

„პროგრამის ხელშეწყობით ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდა საქართველოში წარმოებული 1.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კენკრა – მოცვი და ჟოლო“, – აცხადებს USAID.

მასალების გადაბეჭდვის წესი