ახალი ამბები

სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა გვქონდეს გარკვეული რაოდენობა – გამყრელიძე C ჰეპატიტის პროგრამაზე

11 იანვარი, 2020 • 1303
სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა გვქონდეს გარკვეული რაოდენობა – გამყრელიძე C ჰეპატიტის პროგრამაზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით,  სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა იყოს გარკვეული რაოდენობის მედიკამენტები, რათა საჭიროების შემთხვევაში მათი გამოყენების შესაძლებლობა არსებობდეს. ამის შესახებ გამყრელიძემ C ჰეპატიტთან დაკავშირებით გამოქვეყნებული აუდიტის დასკვნის საპასუხო პრესკონფერენციაზე განაცხადა:

“ჩვენ ყოველთვიურად ვმკურნალობთ, 1000-დან 1200-ს, ანუ სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა გქონდეს გარკვეული რაოდენობა, იმიტომ, რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ როგორმე ყოველთვიურად ჩართვის მაჩვენებელი ავწიოთ”, – განმარტა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით აუდიტის დასკვნაში ნახსენები 560,645,083 ლარის ღირებულების მედიკამენტები, რომელსაც ვადა გაუვიდა, ბიუჯეტის თანხიდან არ იყო გამოყოფილი:

“560 მილიონი ეს ბიუჯეტის ფული არ ყოფილა, ეს გახლავთ დონაცია და 560 მილიონი ეს გადაყვანიალია ამერიკულ ფასებში. ის იმ დროს, 2013-2014-2015-ში მაშინ ღირდა აშშ-ს ბაზარზე ეს ფასი, დღევანდელი ფასები უკვე ამ წამლების საკმაოდ ქვემოთ არის ჩამოსული”, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, პროგრამით ისარგებლა 65 ათასმა ადამიანმა, აქედან კი 58 ათას ადამიანს ღვიძლის კიბო აღარ განუვითარდება, რაც ნიშნავს, რომ ეს ადამიანები 15-20 წლით მეტს იცოცხლებენ, ვიდრე იმ შემთხვევაში თუ ეს დაავადებები განვითარდებოდა .

გუშინ, 10 იანვარს, სახელმწიფო აუდიტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც C ჰეპატიტის სამკურნალო 560 645 083 მილიონი ლარის მედიკამენტს ვადა გაუვიდა. აუიდიტის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა მატერიალურ ანგარიშზე ასახული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560 645 083 ლარის ღირებულების ვადაგასული მედიკამენტი. პლუს, სამინისტროს ცენტრალურ აპარატს ასევე აღრიცხული აქვს იგივე დანიშნულების სხვა, 121 285 ლარის ღირებულების მედიკამენტი, რომელიც შემდგომი გამოყენებისთვის გამოუსადეგარია.

როგორც აუდიტის სამსახურის 2020 წლის 10 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, ეს მონაცემები 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ ვითარებას ასახავს.

ელიმინაციის პროგრამის მიზნების მიხედვით, 2020 წლისთვის ქვეყანაში C ჰეპატიტით ინფიცირებული 150 000 ადამიანის 90%-ის განკურნებისთვის უნდა მიეღწია (135 000 ადამიანი), თუმცა ექსპერტებიც და სახელმწიფოს წარმომადგენლებიც აღიარებენ, რომ მიმართვიანობის ამ ტემპებით 2020 წლისთვის დასახული მიზნის მიღწევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია და არ გამორიცხავენ, რომ პროგრამის შეწყვეტის შემთხვევაში ათიათასობით ადამიანი ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გარეშე დარჩეს.

წაიკითხეთ ვრცლად:

მომავალში $80 ათასი დაგიჯდებათ მკურნალობა, რომელიც ახლა უფასოა და შესაძლოა გჭირდებათ

მასალების გადაბეჭდვის წესი