პროექტი, რომელიც 2013 წელს დაიწყო, “ქართული ხელოვნებისა და კულტურის ცენტრმა” შეიმუშავა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხადაჭერით ხორციელდება. გელათის რეაბილიტაციისთვის აშშ-ის საელჩომ 600 ათასი ამერიკული დოლარი გამოყო
პროექტის დასრულების შემდეგ დამონტაჟდება ეკლესიის გუმბათის ხელით ნაკეთი მოჭიქული კერამიკის სახურავი, ქვის ფილები გაიწმენდება, იატაკის ორნამენტებისა და ფანჯრის ღიობები აღდგება და ქვის ფილების ზედაპირი გაიწმენდება.
ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია არის მთავარი ნაგებობა გელათის მონასტრის კომპლექსში. იგი წარმოადგენს ჯვარგუმბათოვან ნაგებობას სამი აფსიდით. ეკლესიის შიდა მოხატულობა შესრულებულია ფრესკებითა და მოზაიკით, რომელიც მე-12-19 საუკუნეებით თარიღდება.
აშშ-ის საელჩოს დაფნანსებით გელათის რეაბილიტაცია 2003 წელს გელათის მონასტრის მარიამის სახელობის ეკლესიის ფრესკების შესწავლით დაიწყო. პროექტის მიზანი იყო, დაედგინა ფრესკების გადარჩენისთვის რა ტიპის სამუშაოები იყო ჩასატარებელი, რის შედეგადაც განისაზღვრა შემდეგი აქტივობები: ფრესკების გამოსახულების გაუმჯობესება, ზედაპირიდან სოკოსა და მარილების მოცილება.
გელათის მონასტერი მოიცავს სხვადასხვა პერიოდში აშენებულ სასულიერო და საერო დანიშნულების ნაგებობებს. კომპლექსი აერთიანებს ღვთისმშობლის ეკლესიას, აკადემიის შენობას (XII), წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა გიორგი ეკლესიებს (XIII).
გელათის აღდგენის პროექტი ერთ-ერთია აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული 13 პროექტიდან. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2001 წელს შექმნა შეერთებული შტატების ელჩების ფონდი კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად, როემლიც მხარს უჭერს მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ისტორიული შენობის, ხელნაწერის, მუზუმში დაცული კოლექციების, არქოლოგიური ძეგლებისა და გაქრობის პირას მყოფი ტრადიციების, ენების, ცეკვების დაცვას.
2003 წელს დაწყებული რეაბილიტაცია 2012 წელს წმინდა მარინეს სამლოცველოს მოხატულობის აღდგენითა და კონსერვაციით გაგრძელდა. წმინდა მარინეს სამლოცველოს მოსახტულობა მე-15-16 საუკუნეს მიეკუთვნება.
“მათზე [გელათის მხატვრობაზე] დაკვირვებით შესაძლებელია თვალი გადავავლოთ ქართული საეკლესიო მხატვრობის განვითარებას”,- აღნიშნულია საელჩოს საიტზე.
2010 წელს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა არმაზციხის რეაბილიტაციის გეგმა, რომლის დროსაც მეოცე საუკუნის შუა ხანებში აღმოჩენილი გვიან ბრინჯაო-ადრე ქვის ხანის დიდგვაროვნების სამარხის, სასახლის კომპლექსის, აბანოების, კერამიკის სახელოსნოს, ღვინის მარნის რეაბილიტაცია მოხდა.
ძეგლი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია დაცული, როგორც ანტიკური ხანის ქართლის სამეფოში ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ნიშანი. პროექტი მიმართული იყო იმისკენ, რომ გაუმჯობესებულიყო არმაზციხის ნანგრევების კონსერვაცია, დამონტაჟდა დაცვითი სახურავები, რომელმაც დაფარა ძეგლის ტერიტორია, ასევე მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა.
2008 წლის ომის შემდეგ კონფლიქტის ზონაში მოქცეული მე-10, მე-11 საუკუნეების წმინდა გიორგი ეკლესია არბოში და გვიან შუასაუკჯნეების წმინდა სამების ეკლესია ტირძნისში შეერთებული შტატების ელჩების ფონდის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.
წმინდა გიორგი ერთნავიანი ეკლესია შიდა ქართლში მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლია, რომელსაც აქვს ხარის თავიანი ბარელიეფები და ამით ემსგავსება სვეტიცხოველსა და ბოლნისის სიონს. ორივე ძეგლი დადგა საშიშროების წინაშე და საჭიროებდა გადაუდებელ რეაბილიტაციას. საკონსერვაციო სამუშაოების შემდეგ აღდგენილმა ტაძრებმა თავიანთი თავდაპირველი ფუნქცია დაიბრუნეს.
სვანეთის ეთნოგრაფიისა და ისტორიის მუზეუმში დაცული შუასაუკუნეების ხელნაწერების, ეთნოგრაფიული ნივთების და ხატების კონსერვაციის პროექტი 2009 წელს დაიწყო. მუზეუმში დაცული ათი ხატი და რვა ხელნაწერის რეაბილიტაცია მოხდა, ხოლო 2013 წელს განახლებული მუზეუმი გაიხსნა, სადაც კერამიკისა და ოქროს ნაკეთობები, საკულტო და რელიგიური ნივთები და ორნამენტები სათანადო პირობებშია დაცული.
ხოვლეს ანტიკური ხანის დასახლება მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ადგილია, რომელიც მოიცავს სამ არქეოლოგიურ ფენას: ელენისტურ, რომაულ და შუა საუკუნეების პერიოდებს. აშშ-ის საელჩოს ფონდის მიერ 2008 წელს განხორციელებული პროექტის მიზანი იყო კლასიკური და შუასაუკუნეების საფლავები არქეოლოგიურად შეესწავლათ, რომლებიც ადასტურებენ, რომ საქართველოს ჰქონდა კავშირი რომაულ-ბერძნულ კულტურასა და ახლო აღმოსავლეთთან.
2007 წელს დაიწყო თეთრი უდაბნოს ფრესკების რესტავრაციის პროექტი. გარეჯას უდაბნოს დასავლეთ გარეუბანში მდებარე ორი მონასტრის მე-7 საუკუნის ფრესკები ეროვნულმა მუზეუმმა განაახლა. აღდგენის შემდეგ ფრესკები ეროვნულ მუზეუმში პირველად გამოიფინა.
ფონდის დაფინანსებით კონსერვაცია ჩაუტარდა ხელოვნების მუზეუმში დაცულ მე-19 საუკუნის ქსოვილებს, რომლებიც ოქროს, ვერცხლისა და ძვირფასი ქვებით არის შემკული. კოლექცია მოიცავს 5000-მდე ექსპონატს. მათი უმეტესობა ქართული, ხოლო მცირე ნაწილი არის ბერძნული და ბიზანტიური წარმომავლობის. 2006 წელს განხორციელებული პროექტის მიხედვვით, კოსერვაციის გარდა გაკეთდა დაცული მასალების ციფრული არქივი.
2006 წელს დაწყებული ძველი თბილისის აღდგენის პროექტი მოიცავდა თბილისის ისტორიული ნაწილის დაცვასა და მუნიციპალიტეტისთვის დახმარებას ურბანული დაგეგმარების თვალსაზირისით. გაიმართა ტურისტული ინფრასტრუქტურა და შეიქმნა ძველი თბილისის ისტორიული ადგილების ერთიანი ნუსხა.
კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მე-5-19 საუკუნის პერიოდის 9 ათასი ქართული ხელნაწერისა და 4 ათასი რუსულ, ბერძნულ, ირანულ, არაბულ, სომხურ, სირიულ და ძველ ებრაულ ენებზე შესრულებული ხელნაწერების გაციფრულება ფონდის მიერ 2005 წესლ დაფინანსებული პროექტის შედეგად განხორციელდა.
2004 წელს ატენის სიონის მე-7 საუკუნის ნაგებობისა და ეკლესიის მე-11 საუკუნის მხატვრობის რეაბილიტაციისთვის გამოიყო თანხები, ხოლო 2001 წელს დაწყებულმა პროექტის მიზანი 1928 წლიდან მეორე მსოფლიო ომამდე არსებული ხალხური სიმღერების მოძიება და ჩაწერა იყო. ჩანაწერები მთელი ქვეყნის მასშტაბით იყო გაფანტული.
საქართველოში ფონდმა დააფინანსა 14 პროექტი, რომელშიც მთლიანად 1 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა. ამათგან 600 ათასი დოლარი გელათის მონასტრის, იუნესკოს კულტურული მემეკვიდრეობის ნუსხაში დაცული ძეგლის აღსადგენად. დაცვის პროექტები მოიცავს ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფართო სპექტრს- ხალხუი მუსიკას, არქიტექტურასა და არქეოლოგიას.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის აშშ-ის ელჩების ფონდმა შექმნის დღიდან სულ 640 პროექტი დააფინანსა 100-ზე მეტ ქვეყანაში. მსოფლიოს მასშტაბით 26 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად.