საზოგადოება

“ოცნება” მხარს დაუჭერს კანონპროექტს “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ — მდინარაძე

20 თებერვალი, 2023 • 1823
“ოცნება” მხარს დაუჭერს კანონპროექტს “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ — მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი პარტია მხარს დაუჭერს კანონპროექტს “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ. აღნიშნულის შესახებ მან “ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ფრაქცია „ქართული ოცნების“ სახელით შემიძლია ვთქვა, რომ პრინციპების დონეზე ჩვენ შევთანხმდით და კანონპროექტს მხარს დავუჭერთ. რა თქმა უნდა, დეტალებზე გაგრძელდება მსჯელობა”, — დასძინა მან.

მანვე თქვა, რომ:

“თუკი პრინციპებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ათასგვარი სპეკულაცია მოჰყვა სხვადასხვა ქვეყანასთან მიმართებაში, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის კანონმდებლობაზეც იყო მითითება და შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა – თუკი ვინმე, ვინც არ უნდა იყოს, ამბობს, რომ ეს არის რუსული კანონმდებლობის ანალოგი, ის უბრალოდ იტყუება”.

“რა თქმა უნდა, ეს არ არის არც ამერიკული კანონმდებლობის ანალოგი, იქიდან გამომდინარე, რომ ერთ და მეორე შემთხვევაშიც არის უამრავი შეზღუდვა და თუკი ვინმე დააპირებს, რომ ამ შეზღუდვების ანალოგი მოიტანოს იმ პროექტში, რომელიც “ხალხის ძალამ” წარმოადგინა, ამას ერთი მიზეზის გამო ვერ შეძლებს: არცერთი შეზღუდვა “ხალხის ძალას” არ ჩაუწერია კანონპროექტში”.

რა ხდება

მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილმა „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა. „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა დააფუძნეს. გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერია ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი. სოზარ სუბარი და მისი ცოლი თამთა ყუბანეიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდნენ არასამთავრობო სექტორში, რომელთა დონორები სწორედ დასავლური ორგანიზაციები იყვნენ.

ის, რასაც კანონპროექტის ავტორები და მხარდამჭერები “გამჭვირვალობის” საჭიროებით ხსნიან, გულისხმობს შემდეგს: ნებისმიერი მედიასაშუალება თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური დაფინანსებაა, “უცხოური გავლენის აგენტად” უნდა დარეგისტრირდეს.

საყურადღებოა, რომ კანონპრპექტი არ ეხება მთავრობას, რომელმაც ბოლო 10 წელიწადში, ჯამში, 2.8 მილიარდი ლარის გრანტი მიიღო უცხოეთიდან. ანუ სამთავრობო ორგანიზაციები კვლავაც მიიღებენ უცხოეთიდან დაფინანსებას/გრანტებს, მაგრამ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, მთავრობა არ იქნება ვალდებული “აღიაროს”, რომ სხვა ქვეყნის აგენტია.

კანონპროექტის მიზანი მოკლეა და მკაფიო: არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების „გაშავება“, რომლებიც საერთაშორისო, ავტორიტეტული და დემოკრატიის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან გრანტს იღებენ. ამ გზით პუტინის რუსეთში გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორიც.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ “ხალხის ძალის” ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს აიძულებს, დარეგისტრირდნენ “უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” რეესტრში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონპროექტით და მიიჩნევს, რომ ის ქვეყანაში ჩაახშობს დამოუკიდებელ ხმას. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

ამავე თემაზე:

ვინ შეიძლება მიიჩნიონ უცხოური გავლენის აგენტად — კანონპროექტი მედიისა და NGO-ების შესაზღუდად

მასალების გადაბეჭდვის წესი