საზოგადოება

„ეს მუქარად აღვიქვით“ — „ვოლტის“ კურიერებმა ომბუდსმენს მიმართეს

13 თებერვალი, 2023 • 2574
„ეს მუქარად აღვიქვით“ — „ვოლტის“ კურიერებმა ომბუდსმენს მიმართეს

კომპანია “ვოლტის” კურიერებმა დღეს, 13 თებერვალს, სახალხო დამცველს მიმართეს განცხადებით, სადაც აღნიშნავენ, რომ გასულ კვირას, სამუშაო პირობების გაუმჯობესების თაობაზე გამართული საპროტესტო აქციისას, კომპანიისგან მიიღეს შეტყობინება, რომელსაც მუქარად და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევენ.

კურიერების თქმით, აღნიშნულ განცხადებას 100-ზე მეტი კურიერი აწერს ხელს და ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

კერძოდ, როგორც ისინი აღნიშნავენ, 5 თებერვალს, საპროტესტო აქციაში მონაწილეობისას “ვოლტისგან” მიიღეს შეტყობინება, რომ ხელშეკრულება შეუწყდებოდა ნებისმიერ კურიერს, თუ ის “ხელს შეუშლიდა ხაზზე მყოფ კურიერებს სამუშაო საქმიანობის განხორციელებაში”.

“ეს შეტყობინება აღვიქვით, როგორც მუქარა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა”, – წერენ კურიერები განცხადებაში.

სახალხო დამცველის ოფისთან შეკრებილი კურიერების განცხადებით, აღნიშნული პროტესტის შემდეგ “ვოლტმა” სამ კურიერთან შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება.

კურიერები განმარტავენ, რომ მათ უფლება აქვთ, მუშაობა შეაჩერონ მათთვის სასურველ დროს, საპროტესტო აქციისას კი ყველა მათგანს გამორთული ჰქონდა აპლიკაცია, შესაბამისად, პროტესტში მონაწილეობა სამუშაო საათებში არ მიუღიათ. მიუხედავად ამისა, მათი განმარტებით, კომპანიამ ეს არ გაითვალისწინა და მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის იმოქმედა.

“მუქარის შემცველი წერილის საფუძველზე მივმართეთ სახალხო დამცველს და ვითხოვთ, პასუხი გაეცეს ჩვენი უფლების შეზღუდვას. იმედს ვიტოვებთ, რომ სწრაფი რეაგირება მოჰყვება ჩვენს განცხადებას და გვინდა, რომ არავინ ჩაიხსნას [პროტესტის და აზრის დაფიქსირებისთვის].

ადრე რომ ვიყავით გაფიცულები, მაშინაც დაიბლოკა რამდენიმე ძველი კურიერი, ახლა კიდევ სამი. ყოველ გაფიცვაზე რომ იბლოკებიან ვიღაცები, არ გვინდა ასე იყოს. ეს თავისუფლების შეზღუდვაა”, – აცხადებს ერთ-ერთი კურიერი.

შეტყობინება, რომელიც როგორც კურიერები აცხადებენ, კომპანიისგან პროტესტის დროს მიიღეს

სახალხო დამცველის ოფისთან შეკრებილ კურიერებს შორის იყო “ვოლტის” ყოფილი კურიერიც, რომლის თქმითაც, რამდენიმე თვის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს სწორედ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისა და საკუთარი აზრის ხმამაღლა დაფიქსირების გამო.

დავით სოხაძე “ნეტგაზეთს” უყვება, რომ სხვა კურიერების მსგავსად არ მოსწონდა ტარიფები, რასთან დაკავშირებითაც საკუთარ აზრს აფიქსირებდა ხოლმე. ერთ დღეს კი, როცა სამუშაო პირობებით უკმაყოფილო კურიერების ნაწილი, მათ შორის თავადაც, საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდნენ, კოლეგას უთხრა, რომ თუ არ მოსწონდა ეს ტარიფები და სურვილი ჰქონდა, მაშინ სხვა კურიერების პროტესტს შეერთებოდა, რის შემდეგაც ინვენტარის ჩაბარება სთხოვეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს:

“დაახლოებით 5 თვის წინ ჩამხსნეს აზრის გამოხატვის გამო, რომ არ მომწონდა ეს ტარიფები და გავაპროტესტე. ოღონდ კომპანიისთვის არავითარი ზიანი არ მიმიყენებია ჩემი ამ პროტესტით, უბრალოდ, ჩემს ჯანსაღ აზრს ვაფიქსირებდი და ამის გამო დამიბარეს და კონტრაქტი შემიწყვიტეს.

სხვა კურიერს ვეუბნებოდი, რომ თუ სურვილი ჰქონდა და არ მოსწონდა ეს ტარიფები, შეერთებოდა ჩვენ პროტესტს, თუ მოსწონდა და გაეგრძელებინა მუშაობა. ოფისში მითხრეს, რომ ვიღაცამ დამინახა როგორ ვაძალებდი სხვას, რომ არ ემუშავა”, – გვიყვება სოხაძე და ამბობს, რომ ამის შემდეგ გარკვეული პერიოდი უმუშევარი იყო, თუმცა შემდეგ მუშაობა “გლოვოში” დაიწყო.

დავით სოხაძე

რაც შეეხება კურიერების პროტესტს და მათ მოთხოვნებს, როგორც ერთ-ერთი მათგანი, ავთანდილ ჭყოიძე “ნეტგაზეთთან” განმარტავს, კომპანიის მიმართ 4 ძირითადი მოთხოვნა აქვთ:

  • მომსახურების საწყისი ძირითადი თანხა ერთ შეკვეთაზე გაიზარდოს 0.50 ლარით და გახდეს 3.50;
  • თითოეულ კილომეტრზე დარიცხული თანხა გაიზარდოს 20 თეთრით და გახდეს 70 თეთრი;
  • გადაიხედოს სადაზღვევო პაკეტები და გახდეს მათზე მეტად მორგებული და მოხდეს დროული და შესაბამისი აღსრულება;
  • გადადგეს რეგიონული გენერალური მენეჯერი – ნატალია ხიზანიშვილი.

აღნიშნული მოთხოვნებით “ვოლტის” კურიერები 15 თებერვალს, 12 საათზე კომპანიის ოფისთან აქციას გეგმავენ.

“ნეტგაზეთი” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპანიის რეგიონულ გენერალურ მენეჯერს, ნატალია ხიზანიშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, კურიერების მიერ სახალხო დამცველთან მიმართვის თაობაზე კომპანია განცხადებას დღის ბოლომდე გაავრცელებს. რაც შეეხება დასაქმებულების მოთხოვნებს, კომპანიაში ამ საკითხებზე ამჟამად განცხადებას არ აკეთებენ.

განახლება: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, 13 თებერვლის საღამოს “ვოლტის” ადმინისტრაციამ გამოგვიგზავნა განცხადება, რომლის თანახმადაც კომპანიიდან პროტესტის გამოხატვის გამო ხელშეკრულება არც ერთ კურიერთან არ შეუწყვიტავს. ამასთან, კომპანიის განცხადებით სახალხო დამცველს მათთვის ჯერ არ მიუმართავს, თუმცა მიმართვის შემთხვევაში მიაწვდის სრულ ინფორმაციას:

“ჩვენ პატივს ვცემთ პარტნიორი კურიერების მიერ პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლებას, შესაბამისად, ამ მიზეზით, არც ერთი კურიერისათვის ხელშეკრულება არ შეგვიწყვიტავს. 

ამ დრომდე, სახალხო დამცველის ოფისს ჩვენთვის არ მოუმართავს, თუმცა, ჩვენ მივაწვდით ომბუდსმენს სრულ ინფორმაციას და გვსურს დავაფიქსიროთ კომპანიის ოფიციალური პოზიცია საკითხთან დაკავშირებით”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ამავე თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი